შიგთავსზე გადასვლა

ვარსკვლავებითა და ტრაგედიებით სავსე სამყარო

ივლისი 5, 2021

არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ მართლაც ვართ დროზე დამოკიდებული, უფრო კონკრეტულად კი – დროულობაზე. შეიძლება გჯეროდეს, ეს სულ სხვა მცნებაა, უფრო ზუსტად არ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო.

ხომ გქონიათ მომენტები, რამდენჯერ ავტობუსს გაუსწრია, ვიდრე აყვავებულ ალუბლის ხის სილამაზითა და საამო სურნელით მოხიბლული გზად შეჩერდი; სულ რაღაც ხუთი წუთიც და სახლში იქნებოდი, როცა ძალიან იწვიმა, ქოლგა კი არ გქონდა, მითუმეტეს, შეიძლებოდა იმ დილით ამინდის პროგნოზი შეგემოწმებინა და ყოფილიყავი წინდახედულ ადამიანებს შორის პირველი ან თუნდაც მეორე, ზუსტად მეც არ ვიცი მერამდენე უნდა ყოფილიყავი, რომ საკმარისი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ არა მხოლოდ აქ, არამედ ყოველთვის უნდა ეცადო მაქსიმალურად. შენ შეიძლება იყო ძალიან დაღლილი, მაგრამ აუცილებლად იქნები – ძლიერი და ეს ორი მცნება რომ ერთმანეთს შეადარო, აუცილებლად მოგიწონებენ უკანასკნელის გამო, მთავარი ხომ სწორედ ესაა, იცხოვრო არა საკუთარი თვისთვის, არამედ – საერთო კეთილდღეობისთვის.

ცა რომ მოიწმინდა და ვასრკვლავები უდარდელად აკიაფდნენ, ისევ სევდამ მოიცვა მთელი ჩემი არსება. ამ ვარსკვლავებში ხშირად დამინახავს დაკარგული ადამიანები და მიფიქრია, რომ სწორედ ბედნიერებისგან ანათებდნენ ათიათასობით კილომეტრით იქეთ და კიდევ უფრო, რაც შეიძლება შორს ამ ჯოჯოხეთიდან.

ტრაგედიებითაა სავსე ეს სამყარო და ჩვენც შევეგუეთ. მთავარი დამნაშავიდან უწყვეტ ჯაჭვს რომ გაჰყვები ბოლოს საკუთარ თავზე გახვიდოდი, სულ ოდნავ მაინც რომ გაგეწია წინააღმდეგობა თავდაცვითი მექანიზმისათვის, თვალების დაბრმავებისა და დაყრუვებისადმი, ყველაფრისთვის, რაც უზარმაზარ მორევში გითრევს, რასაც სოციუმის წევრობა ჰქვია და დროთა განმავლობაში კი არ მცირდება იგი, არამედ უფრო და უფრო გიახლოვდება, მანძილი ისე მცირდება ბოლოს მსხვერპლადაც შენ იქცევი, რადგან საკუთარი ნებით არ ჩაჰყევი.

ვარსკვლავებითა და ტრაგედიებით სავსე სამყაროში ცხოვრება ასეთივე ტკბილ-მწარეა, ხანდახან ზედმეტად ტკბილი და ხანდახან ისე დამღლელი, რომ არსებობაც აუტანელია და ხანდახან ხდება, რომ გკლავენ, ცოცხლად გკლავენ და მერე ამბობენ, რომ თავი მოიკალი… მერე კი სისხლიან ხელებს შენს გვამს შეაეწმენდენ, წახვალ და ვარსკვლავად გადაიქცევი, დაივიწყებ ყველაფერს და უდარდელად იციმციმებ მოწმენდილ ცაზე, ჩვენ კი დავრჩებით ამ ჯოჯოხეთში და დაგვავიწყდები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შენთვის უკვე სულერთია, ეს ჯოჯოხეთი არასდროს მოგვცემს მოსვენების საშუალებას და ეს ისაა, რაც დავიმსახურეთ, რაც თავად მოვიპოვეთ და შემდეგი უკვე ნებისმიერი ჩვენგანი იქნება, ვინც სიკვდილს ჩახედავს თვალებში…

რა იქნებოდა შენ და დროულობას ერთმანეთისთვის ფეხი რომ აგეწყოთ? ეს მართლაც იგივე და მრავალჯერ განხილული თემაა, არ არსებობს ძალა, რომლითაც გააკონტროლებ. როგორი ფორმაც არ უნდა ჰქონდეს დროს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს და საითაც იკარგებოდეს, აქვს თუ არა დასაწყისი და დასასრული, თუ მართლაც ორივე მათგანი ზუსტად ერთი და იმავე წერტილშია, საერთოდაც სულერთია.

ყველაზე მნიშვნელოვანი დრო სწორედ ახლა დგას, აი, ეს მომენტი შენსა და სამყაროს შორის მიმდინარე კონკრეტული პროცესი და კიდევ უთვალავი სხვა პროცესი, რომლებიც ქაოტურად ზემოქმედებენ ერთმანეთზე. ხომ გახსოვს, “სადღაც ინდოეთში პეპლის ფრთის მოქნევამ შესაძლოა წყნარ ოკეანეში ქარიშხალი გამოიწვიოს”, ამ ქარიშხალმა კი იქნებ ის წვიმა, რომელსაც ვერ გაექეცი. მაშინ იფიქრე იმ ფარფატა პეპელაზე, რომელიც ჰაერში მშვიდად ნარნარებს, ორი დღე იქნება თუ სამი, იქნიოს ის ლამაზი ჭრელი ფრთები და იხილოს მის ირგვლივ არსებული პატარა სასწაულები, ვიდრე შენ აქ თქეშში დგახარ, იფიქრე პეპელაზე და მის ფერებზე, სიმსუბუქესა და ხანმოკლე ცხოვრებაზე.

ასე ფიქრობ შენ და ისინიც, რომ დროულად უნდა იყოს ყველაფერი. მოასწრო ცხოვრება და მაინც, რამდენს ასწრებთ, რა არის ლიმიტი თუ მიზანი? თუ ვიღაცისთვის ჭერი, სხვისთვის ცა და სულაც სხვა ცები. ვდგავარ და პეპელაზე მეფიქრება, ეყო კი სამი დღე? რისი ნახვა მოასწრო, ისინიც გაინცდიან თუ არა ან როგორ და რას? ნუთუ, მართლაც უნდა დავკარგოთ დრო ყველაფრისთვის აზრებისა და დანიშნულების გამოძებნაში, ვიპოვით კი დროულად? მაინც რამდენი დღე გვეყოფა, ორი თუ სამი…

უსმინე ხმებს, იგრძენი სიოს შეხება, ნიადაგი ტერფებს ქვეშ, უყურე შენს წინ აღმართული შენობის გახუნებულ ნაცრისფერ კედელს როგორ აწითლებს ჩამავალი მზის სხივები, გამოიყენე ყველა გრძნობა, რომ იგრძნო და იცხოვრო. იფიქრე ყველაფერზე, გარდა იმისა, თუ რატომ არ აეწყო ყველაფერი ისე დროულად, რომ შენც ბედნიერი ყოფილიყავი.

No comments yet

დატოვე კომენტარი