Skip to content

საყვარლის ჩანაწერი

May 27, 2015

jan31_2ალბათ, მხოლოდ მე ვდგავარ, ყოველ ღამით, ღია მაცივრის წინ ფეხშიშველი და იქედან გამომავალი აუტანელი სიცივის გასაძლებად ფეხებს ვათამაშებ, ერთმანეთის უკან თანაბარი ტემპით ვმალავ. დაიწყებს ერთი წვას და მაშინვე შევმალავ მეორეს უკან, ვიდრე მსხლის ლიმონათს ვეძებ, რომელსაც ვერ ვიტან ყველა სხვა დანარჩენ გემოს შორის და მაინც, ყოველ ორშაბათ დღეს მას ვაგდებ სასურსათო კალათაში. ბევრ რამეს, რასაც ვაკეთებ სხვებს ვერ ავუხსნი, იქედან გამომდინარე, რომ საკუთარ თავსაც ვერ ვუხსნი, მაგრამ თვეებია უკვე ინსტიქტების დონეზე ვარ, თითქოს თავისთავად ვმოქმედებ, ავტოპილოტით, ზედმეტი ფიქრის გარეშე.

ჩემმა ახლო მეგობარმა მითხრა, “იმ დღეს საერთოდ დამავიწყდა შენი არსებობა, წარმოგიდგენიაო?” და მერე დააყოლა თავის აუტანელი ხარხარიც.

ხომ გინახავთ ადამიანები, რომლებსაც ყველა და ყველაფერი უყვართ? მე – რამდენიც გინდათ. ისეთებიც, უპრეტენზიოები რომ არიან და მუდმივად კმაყოფილები, სულ უნდოდა დედაჩემს ასეთი ვყოფილიყავი ანუ კარგი ცოლი, მაგრამ გავუცრუე იმედები, მას შემდეგ ყველა იმედს ვაცრუებ, რაღაც ტრადიციასავით მაქვს და მერე ხარხარით ვამატებ, როგორ იყო? ზუსტად მინდა გავიხსენო, მგონი ესე

“მე რა იმედების ამხდენ ქარხანას ასე ვგავარ? და რომელი იმედი დაინახე ახდენილი, როცა პირველად შემომხედე? მორჩილი საყვარლის? ასეთ ჭკვიან კაცს, როგორ დაგავიწყდა, რომ სხვებიც ამყარებენ იმედებს, ვიდრე მხოლოდ შენი აღიქვი, ჩემი შენს მყარ ოჯახს ემუქრებოდა დანგრევით. ხა-ხა!”

ცოლი რატომ არ შევიცოდე და ბავშვები? არცერთი მათგანი იმსახურებს მატყუარა და ორპირ პატრონს. მე თუ მკითხავ, მადლობასაც უნდა მეუბნებოდნენ, მაგრამ ამაყები აღმოჩნდნენ საამისოდ, სამაგიეროდ დიდსულოვნებიც, ამიტომ ოჯახის მარჩენალს შეუნდეს.

დედა დღემდე მაკრიტიკებს სარკაზმის გადამეტებული გამოყენებისათვის და სწორედ ამ უკანასკნელს სდებს ბრალს, რომ ნორმალური ურთერთობა ერთადერთი ქმრის შემდეგ აღარ მქონია. მეტიც, ჩემი ბრალია, რომ გაიქცა..

აი, თავად კიდევ მოვუხადე მადლობა მის საყვარელს, “ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა და კიდევ კარგი ასე სწრაფად, პირდაპირ თაფლობის თვეში-მეთქი.” ფრანგი იყო, ერათმანეთის არ გვესმოდა, მაგრამ ემოციას სიტყვები არ სჭირდება, გავიგეთ, ზოგადად, ერთი შეხედვით ეტყობოდა, გამგები გოგო იყო ჩემსავით. პარიზის ფეშენებელური რესტორნის საპირფარეშოში, ზუსტად 10 წუთში გაათავეს. მე კი ვიჯექი მაგიდასთან და ვიდრე მის იდეალურად დაუთოებულ გადასაფარებელზე ნაკეცს ვეძებდი, ნელა შემომეპარა გონებაში ფიქრი, საჭმელმა ხომ არ აწყინა-მეთქი, მაინც მიუჩვევლები ვიყავით ფრანგულ სამზარეულოს. მერვე წუთი აღმოჩნდა გადამწყვეტი და სავარაძლიდან წამოვდექი..

მერე კარი შევაღე. ამ დროს იდეალური ქალები აწყობენ სკანდალს, მე უბრალო ვარ. ხელის შეშლისთვისაც მოვიხადე ბოდიში და პლუს მადლობა თვალების ახელისთვის. ვაღიარებ და არა თავს ვიმართლებ, რომ ერთგულ ტიპს ჰგავდა, მიუხედავად იმისა რომ ქალები სულ ფუტკრებივით გარს ეხვივნენ, რატომღაც იგი ჩემსკენ გამორბოდა, მერე ვსაუბრობდით მთელი ღამე გზად ნანახ შემთხვევებზე, დეტალებზე, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იქცევდნენ. არ ვიცი, იმ ღამეს პარიზში რა მოხდა.. ეს რომ გაიგო, ალბათ მამაკაცი უნდა იყო, გადავწყვიტე ბოლოს.

რომ მეკითხებიან, “საკუთარ თავზე რას იტყვიო” და ვპასუხობ, “მსხლის ლიმონათი არ მიყვარს-მეთქი”, არასერიოზულად აღმიქვამენ, მე რა, კითხვას ვცდები პასუხით?

ასე არ ვფიქრობ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს გავცემ ჩემ შესახებ, რომელსაც მარტივი გონება ვერ აფასებს. რას იზამ ყველა ჩემნაირი შეგნებული ვერ არის.

ხო, სარკაზმი.

სიმართლე გითხრათ, იმ ღამის შემდეგ მეტად დავკომპლექსდი, დედაჩემის აზრით კი, რაც ვიყავი იმაზე უარესად კიდევ თუ შეიძლებოდა ვერ წარმოედგინა, ვიდრე ყოველ ჯერზე ისევ არ დახვდა მსხლის ლიმონათი ჩემს მაცივარში.

ღამეა, ისევ მწყურია და ისევ მეწვის ფეხები მაცივრის წინ ატუზულს, მწვანილებისა და მურაბის ქილების უკან ვპოულობ მსხლის ლიმონათს. გემო გულს მირევს, მაგრამ თავს ვიკავებ, როგორც მაშინ, პარიზულ საპირფარეშოში. საძინებელში შევდივარ და ჩემს საწოლზე დასვენებულ სხეულს ვათვალიერებ, ლამაზია, როგორც სხვა დანარჩენი, უშნოებთან არ შემიძლია.

ჩემს ადგილს ვუბრუნდები, ხელებს შორის მიქცევს და ასე აგრძელებს მშვიდ ძილს, მე კი მეფიქრება მის ცოლსა და შვილებზე.

ამან დანარჩენებისგან განსხვავები, მოგვიანებით მკითხა, საკუთარ თავზე რას მეტყვიო, Dorothy Moore-ს Misty Blue მიყვარს, მაგრამ Etta James-ის ქოვერი-მეთქი და უცნაურად გაიღიმა, მგონი ერთადერთია, ვისაც ჩემი დეტალური პასუხი მოეწონა, მეტიც, ისეთი მატყუარა აღმოჩნდა ცოლ-შვილიც არ ჰყოლია, “პირდაპირ შუბლზე გეწერა, რომ გინდოდა მყოლოდაო, ჰოდა, მეც შენთვის გამოვიგონეო” – გასვლის წინ ლოყაზე მაკოცა და მომაძახა, “მაპატიე, რომ იმედი გაგიცრუე, ამის გამოსასწორებლად დაგირეკავო..” – სასიამოვნო იმედგაცრუება? ეს რაღაც ახალია..

მსხლის ლიმონათი მას უყვარდა. იმ ორშაბათს დამავიწყდა ყიდვა. ჰარიმ მოიტანა ლიმონის. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის დავიძინე გულისრევის შეგრძნებით. ბევრი არაფერი მახსოვს, ვიდრე მის მკლავებში მძინავს. Misty Blue-ც გადამიყვარდა, გუშინ მოვუსმინეთ პირველად Kath Bloom-ის Come Here-ს..

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: