შიგთავსზე გადასვლა

და მივატოვე..

ივნისი 12, 2015

შენ ფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ განმარტოვდებოდი და ცოტას იფიქრებდი, ვიდრე, არ იქეცი შეპყრობილად. ხანდახან, გინდა გადაყარო უსარგებლო მოგონებები. ნოსტალგიაზე გაიმარჯვო, იმედს დაეყრდნო, ძირში ცალ მხარეს წაცვეთილი ჯოხის მსგავსად, მიუხედავად ყანყალისა, მაინც რომ გამაგრებს. გინდა შეწყვიტო ფიქრი, იმდენად უსარგებლოდ გეჩვენება და დააკვირდე მხოლოდ დანარჩენების არსებობას. მათ მონოტონურ მოძრაობას წინააღმდეგობაში მოსულს მათთვისვე გამოყოფილ მცირე დროსთან.

მთელი სამყარო სევდით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავს.

მელანქოლია სხეულზე კანივით გაქვს შემოკრული. როგორც ყოველთვის თავს ვერ ერევი და სუსტს გეძახიან, მათში კი არ არის ძალები მსგავსი განწყობა მუდმივად თან ატარონ. არაფერია, შენ იცი, რეალურად სუსტების შესახებ და მათ რიცხვში სულაც არა ხარ. უყურე, როგორ აგრძელებენ თვალდახუჭულნი მოძრაობას.

შენი ერთგულების არ სჯერათ, გესმის, ძნელია, ირწმუნო შეუცდომელი ადამიანის არსებობა. ამიტომაც, ყოველ წამს მოელიან შენგან ღალატს და ამრეზით გიცქერენ. კიბეებზე ჩამომჯდარს მუხლები ხელებს შორის გაქვს მოქცეული, თავი ფრთხილად დაგისვენებია მათზე და ირგვლივ ურწმუნონი ირევიან, შენს დასაგლეჯად გამზადებული მგლების ხროვასავით. მხოლოდ ერთი შეცდომა, მხოლოდ წამიერი გაფიქრება ტყუილსა და ღალატზე და დაგეშილებივით გეცემიან. წინასწარ შემზადებული, გალესილი საძიძგნი კბილებით, საკვებს მონატრებული, ნერწყვით ამოვსებული პირებით. არც ისე მძიმეა, როცა სხეულის ნაწილებს თავიდან სწრაფად, შემდეგ კი, უკვე მაძღრები, ნელ-ნელა გაგლეჯენ. და მაინც, მხოლოდ შენივე მელანქოლიაა მძიმე ასატანი.

სწორედ შენი მსგავსი ადამიანები ამძიმებენ დედამიწას, ამიტომ უნდა შეიჭამონ. სამაგიეროდ, ვერავინ დაგამარცხებს, ვიდრე საკუთარ თავთან ბრძოლას თანაბარი შედეგებით მართავ, მაშინ იმარჯვებ ხროვაზეც. ან გეხმარებიან..

ახლა, ამ კიბეებზე, როგორც შტორმისას, უზარმაზარ ტალღებს შორის, შუქურის ყვითელი სხივის გამოჩენას, ისე შეჰყურებ ჰორიზონტს და ელოდები ხსნას, ვიდრე ამასაც არ შეეჩვიე და აქვე დასრულდა არსებობაც.

წარსული ცხოვრების არსებობაში ვერ დავარწმუნე. ვერც იმაში, რომ ერთი ნახვით ვიცანი. მითხრა, შემთხვევითობები არაფერს ნიშნავს, ყველაფერს იგონებ და ცხოვრებას ამ სისულელეებში ხარჯავო. მისი თითებიც ისე ნაზად აღარ მეხებოდნენ, აღარც თვალებს ხუჭავდა, როცა მკოცნიდა. შიგნიდან წამოსული სიცივე ოდესღაც მხურვალე მის ტუჩებს ერთიანად მოდებოდა და კოცნით შუბლს მთლიანად მიყინავდა.

“ღრუბლებს ცალკე, სხვანაირი გრავიტაცია აქვთ..” – გავეხუმრე.

“რა სისულელეებს ამბობ, შენ ჭკვიანი გოგო ხარ, არ შეგშვენის..” – ჩვეული თავდაჭერით მიპასუხა. არ შემშვენის. უკადრებელია სისულელეები, როცა მის გვერდით ხარ. სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ზურგზე აწევს ყველა პრობლემის გადაწყვეტა.

რომ ეპოვა ძალა, საკუთარ თავზე გაემარჯვა და შევეყვარებოდი, ისეთი როგორიც ვარ, იმედი რომ გაუცრუვდა, როცა ახლოდან მნახა. როცა დიდი მონდომებით დავუმსხვრიე წარმოდგენა ჩემზე.. მე ვიცი სუსტების შესახებ. შეუძლიათ მთელი  სამყარო იხსნან, საკუთარ თავს კი ვერაფრით ითავისუფლებენ მტკიცე შეხედულებებისაგან, რომლებიც აღარც კი ახსოვთ, საიდან და როდის მოეხვივნენ თავს.

ერთადერთხელ გამოვიჩინე გამბედაობა. და მივატოვე.

“არ ვარ შენსავით, ვარ ჩემსავით. არ უნდა ეძებო შენი მსგავსი. ეძიე, რაც გაკლია, რათა შეივსო.” – ვუთხარი ფარდის დაშვების წინ. არ ვადანაშაულებ, ყოველთვის ვიცოდი, რომ სრულყოფილების კომპლექსი ჰქონდა. ვიდრე მთასავით მაღლა და მაღლა მიიწევდა, მე ოკეანესავით ღრმად ვეშვებოდი. და ყველაფერი ჩემს სურვილებზე იყო, მისი სიმაღლის განსაზღვრაც, ახლაც, ისევ რომ მოვინდომო კვლავაც მოვახერხებ ამ მთის გადაფარვას, მაგრამ – არა..

ამის ნაცვლად, წავედი და უზარმაზარი საქანელას ერთი სკამი დავიკავე. მთლიანად მას მივენდე. დაე, იტრიალოს წრეზე, აქ ერთი მიმართულებაა და გონებაც ისვენებს საფიქრალის გარეშე. სანახაობას თვალს ზემოდან ვადევნებ. თამაშიდან გავდივარ. თავს აღარ მოვიჩვენებ. და რაღა უნდა სხვის ღალატს, როცა საკუთარ თავთან უკვე მოვახერხე. სინანულმა გადამიარა. მელანქოლია კანიდან ჩამოვირეცხე. აღარაფერი მაკლდა, მთლიანად საკუთარი თავით ვიყავი სავსე.

2 Comments leave one →
  1. ივნისი 12, 2015 21:29

    damijere

  2. sh.n. permalink
    აგვისტო 10, 2015 00:35

დატოვე კომენტარი