შიგთავსზე გადასვლა

ძვირფასეულობა მინდორზე

სექტემბერი 10, 2015

“შესაძლოა, უიმედო მეოცნებე ვარ.

შეიძლება რაღაცები არ მესმის.

მაგრამ იქ მივდივარ, სადაც ბალახი უფრო მწვანეა

და თუ გსურს, შეგიძლია შემომიერთდე..”

რაღაც უცნაურობა დამჩემდა, წიგნების შუაში გაწყვეტა.. ისე ავსულვარ ოთხამდე, ახლაღა შევამჩნიე. მერე ეს ჩვევა სხვა მნიშვნელოვან საქმეებზეც გადამივიდა. შუაში გაწყვეტილი საქმით, ვის რისთვის მიუღწევია, ვფიქრობ და ამაზე ფიქრსაც ასე შუაში ვწყვეტ.. ამბობენ, ადამიანები იმას ხედავენ, რისი დანახვაც თავად სურთო. იმას კი აღარავინ ამატებს, რომ მათი ყველაზე მავნე თვისებაა თავის მოტყუება, მოჩვენება, რომ რაღაც შეამჩნია, რომ გარემო შენზე არ ზემოქმედებს. მოვლენები მოხდებიან და ისინი შენ შეგეხებიან. შენ კი ჩაიკეტები და თავს მოიჩვენებ, თითქოს არაფერი შეცვლილა. არ გამტყუვნებ, ადვილი არ არის სიახლეებთან შეგუება. იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე წარსულზე უარის თქმა.

დაასვენე შენი ძვლები მინდორზე, საკუთარი თავის ძიებაში. ცოტა ხნით შეწყვიტე ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა გააცნოს ადამიანმა საკუთარი თავი სხვას, თუკი თავადაც არ იცნობს მას და მხოლოდ ხანგრძლივი თავგადასავლის განმავლობაში ეცნობა სულს, რომელიც წლებია მის სხეულში ბინადრობს. ამბიციური ადამიანები ცდილობენ ამოიცნონ სხვების პიროვნება, შეაღწიონ მათ გონებაში, რაც ჩახლართული, მით უკეთესი; რაც მეტი სიბნელე – მით მეტი შთაბეჭდილებები. გონიერმა ადამიანმა კი იცის, ყველაზე დიდი ამოცანა საკუთარ სხეულში ჰყავს, კანქვეშ ჩასახლებული. გონიერ ადამიანს სხვებისთვის არ სცალია.

ბოლოს სხვები გეუბნებიან, “ის არ ხარ, ვისაც ველოდი, ვინც მეგონე”, არადა, ჩვენ არ შევცვლილვართ, უბრალოდ საკუთარ თავად ვიქეცით და ყველაფერი მხოლოდ წინაა. ასევე, სხვების იმედგაცრუებაც, წყენა გარდაუვალია, მე კი ეს ძალიან, ძალიან არ მომწონს, გესმის? რა თქმა უნდა, არა, სამაგიეროდ, იდეალურად გესმის, რატომ გაუფასურდა ლარი და მისი შედეგები ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩემ თვალში კი რობოტი ხარ, რისთვისაც ურთიერთობა ერთ-ერთი პროგრამაა, რაც მთავარია ვერ გრძნობს, რაც მთავარია წარსულსა და მომავალზე ფიქრისას, მხოლოდ ის “აწუხებს”, სად იქნება მისი ადგილი საზოგადოებაში. ეს არა მხოლოდ ტექნიკის საუკუნეა, არამედ – დაპროგრამებული ადამიანების. მე ხომ ყველაფერს ადვილად ვეჩვევი, აქ რატომ გამიჭირდა.. იქნებ იმიტომ, რომ ემოციები მაკონტროლებენ, მარტივი გამოსავალი კი იმაში ვპოვე, რომ სხვებიც დავარწმუნო, მათ მნიშვნელოვნებაში. იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ვერ დავამარცხე, ვცდილობ სხვები დავაჯერო, რომ მათი ემოციებზე გამარჯვება კარგი სულაც არ არის.. ან იქნებ, სულაც არ ვიჩვენებ თავს და დანარჩენების მსგავსად, ვერასდროს შევეგუები სტატუსის მნიშვნელოვნებას პიროვნებაზე მეტად.

თუ ცხოვრებაში რაღაც უმნიშვნელო მაინც შეგიქმია, ერთი თავით მაღლა დგახარ მასზე, ვინც ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია, შესაძლოა მთელი ცხოვრებაც ეძებოს და საერთოდაც ვერ იპოვოს.. შენი სახელი კი მხოლოდ იმიტომ შემორჩება თაობებს, რომ ცდილობდი რაღაც შეგექნა, გამოგეძერწა საკუთარი პიროვნება სხვების მოსაწონი, ისე რომ არ სცნობოდი მას საერთოდ. მარტივად მოარგე სხვების გემოვნებას, რადგან ყველა ამას აკეთებდა. მეტიც, შთაგაგონეს, რომ სხვებს საერთოდ არ გავხარ, განსხვავებული ხარ. განსხვავებული ადამიანები არ არსებობენ, მხოლოდ ისინი, რომლებიც ისე ცდილობენ განსხვავებულობას, რომ როგორც კი დაკვირვებით შეხედავ, ცხვირზე წითელი ბურთულა უკეთიათ, ფეხებზე უზარმაზარი ბაფთიანი ფეხსაცმელები აცვიათ, მათი სიტყვები კი, პირში გარჭობილი საბავშვო სასტვენივით, ჰაერის ჩაბერვისას ფორმაცვალებადია, ერთადერთი ყურით მოთრეული სარგებელი კი მათივე თავებისთვის მოტანილი სიამოვნება და წარმატებაა. სინამდვილეში, ყველა “განსხვავებულ” ადამიანს ჩამოყრილი ტუჩის კუთხეების გაგრძელებაზე, უნაკლოდ აქვს მიხატული ღიმილი საკუთარი ხელითვე. გაბზარული ღიმილი კი ჩვევაში გადაუვიდათ, იმ მარტივი მიზეზით, რომ ვერ მიიღებ რაღაცას, თუ იქამდე არ ჩათვალე, რომ გაკლდა, მუდმივი ნაკლებობის განცდა კი წრფელ ღიმილს არასდროს მოგგვრის. თავგადასავლის ბოლოს ფუნჯსა და წითელ საღებავს ეძებ, იმ ხალხმა, ვინც დაგარწმუნა, რომ საკუთარი თავისგან აუცილებლად უნდა შეგექმნა შედევრი და შენი ცხოვრების აზრი, სწორედ ამაში მდგომარეობდა, ახლა ზურგი გაქცია, რადგან სულაც არ ეგონა, რომ ამას მოახერხებდი. შენდა სამწუხაროდ, თავს გაჩვენებდნენ.

“ცხოვრება ძალიან სწრაფად მიედინება,

ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ,

სხეული მინდორზე დავასვენოთ

და ვუსმინოთ ბალახის ზრდას..”

ნუ ღელავ, საბოლოოდ ყველაფერი არც ასე ტრაგიკულადაა. სადღაც არსებობს ადამიანი, რომელმაც სხვის სურვილებზე წინ თავისი დააყენა, დღემდე ეძებს საკუთარ თავს და მას მარტივად შეუძლია მოგერგოს, იმიტომ რომ იცის, შენ ჯერ კიდევ ცვალებადი ხარ, შენ ვერასდროს მოახერხებ მიუახლოვდე უნაკლოებას. და თუ ვერ შეძელი, გეპატიებინა საკუთარი თავისთვის მოჩვენებით ცხოვრება, ის გაპატიებს. მისი მოწყალება ყველაზე დიდი წყალობაა შენს ცხოვრებაში, რომელიც თავისით მოგადგა კარს სრულიად მოულოდნელად და იმის მაგივრად რომ გაბრაზებულიყავი, რადგან მიხვდი, თავად ვერასდროს მოიპოვებდი იმაზე უკეთეს, რაც ციდან შემთხვევითად ჩამოვარდა და შენ წინ დავარდა, პირველად გადაწყვიტე თვალი გაგესწორებინა რეალობისთვის..

ერთადერთი განძი, რომელიც ცხოვრებაში გეძლევა, მუდმივად თან დაატარებ, ეს შენი ხორცი და სულია. შენ მჭედელი ხარ, ცხოვრება სამჭედლო.. ზოგჯერ ცხადად ვხედავ, როგორ დევხარ მინდორში და ბრწყინავ, როგორც ძვირფასეულობა. მზის სხივები კი შენში გარდატყდება და თვალები მიჭრელდება, მეც ხელებს ვიფარებ, არადა მინდა გხედავდე, ასე შიშველს, უტყუარს, მომენტში როცა თავს არ იჩვენებ, და არ შემიძლია. ეს ჭეშმარიტება იმდენად ბრწყინვალეა, რომ მაბრმავებს. იმ მომენტში ვხვდები, ძალიან მიყვარხარ. ისე ძალიან, რომ შემიძლია თავს მოვერიო, გვერდით მოგიწვე, თავის მოჩვენება შევწყვიტო და მხოლოდ მაშინ, შენთან ერთად ვიბრწყინო.. რაღაც უცნაურობა დამჩემდა, როცა იმ მინდორში, შენს გვერდით ვწევარ, ზოგჯერ ვერ ვიხსენებ, როგორ გამოვიყურებოდით იქამდე, თითქოს ყოველ ჯერზე სხვადასხვა ვართ, მხოლოდ ემოციაა იგივე.. ცივ მიწასთან შეხება და ჟრუანტელი, სხეულების სიმძიმისგან გათელილი მინდვრის უსიცოცხლო ნაწილი, ჩვენ შორის ჩამდგარი სუსხი და ამომავალი მზის სხივების დაცემა დაცვარულ კანზე..

“ცარიელი მეტაფორები

ძარღვებში გამიჯდნენ.

ნუთუ ვერ ამჩნევ,

ბალახი იქ უფრო მწვანეა,

სადაც ხშირად წვიმს..”

*ციტატები სიმღერებიდან – “Splendor in the Grass”

“Never”

No comments yet

დატოვე კომენტარი