შიგთავსზე გადასვლა

10 წუთი

ივნისი 12, 2018

by Maan Ali

ზოგჯერ მინდა უბრალოდ ვცხოვრობდე. ამისთვის საკმარისია  გრილ იატაკზე გავწვე და თვალები თეთრ ჭერს არ მოვაშორო. ჩემი უბრალო ცხოვრება განუსაზღვრელი პერიოდულობით მეორდება და 10 წუთს გასტანს, ვიდრე სამყარო კარის ღიობებიდან შემოიპარება, მთელ ოთახს ამოავსებს, აქაც შემავიწროვებს. სიმძიმე სხეულზე დამაწვება, რაც უფრო მეტად მოიპარება, მით მეტად ვიძირები, რაც უფრო მოძრაობ, მით მეტად გითრევს.

ყველა დილა ჩვეულებრივია, საღამოები კი – უცნაური. როცა პატარა ქალაქში ცხოვრობ, ეს “ჩვეულებრივიც” შედარებით პატარა მნიშვნელობით გამოირჩევა, “არაფერი განსაკუთრებულიც” კი მეტს იტევს თავის თავში, ვიდრე პატარა ქალაქის ჩვეულებრივობა, კიდევ იმაზე ცოტას, ვიდრე “ც” სიტყვების ბოლოს.

მაგრამ ამ “ც”-სა და ჩვეულებრივობაში, ადამიანებმა მოახერხეს და იპოვეს რაღაც, რისთვისაც თავგანწირვით იბრძვიან, ბედნიერების ნიღბით შეფარული მატერიები, მხოლოდ დრო არ ჰქონდეთ, იმისთვის რომ ჭეშმარიტ ღირებულებებზე იფიქრონ, ერთი წამით დაფიქრდნენ, სად გადაისროლა ცხოვრებამ და სად უნდოდათ, რომ აღმოჩენილიყვნენ.

წელიწადის ამ დროს, ჩემ ბედნიერებაში ალუბლის ხეები ყვავიან ვარდისფრად და მერე თოვს ისე ლამაზად, ისე არაჩვეულებრივად. ქუჩები ფარფატა სურნელოვანი ყვავილის ფურცლებით იფარება, ალუბლების შეწითლების მოლოდინში, ფუტკრების ხმაურით ვირთობ თავს.

ხანდახან მხოლოდ ფანჯრის რაფებზე ჩამოლაგებული მოხატულქოთნებიანი ყვავილები და დრო მინდა, რომ წყალი დავუსხა. რომ შემეძლოს საკუთარ სხეულზე გადმოვირგავდი, სულ თან ვატარებდი, მათ ნაცვლად გვალვისგან გამომშრალ, დამსკდარ ზედაპირზე სარეველები რომ აღარ ამოვიდოდნენ.

ყველაფერი ყვავილობს, შენ კი ჭკნები. რადიოში ერთი და იმავე სიმღერებს ატრიალებენ. ადამიანები ასე ერთფეროვნულად ცხოვრობენ, ყველაფერი ისწავლეს, ახლა ცდილობენ დაივიწყონ. სპილოების დახატვა არ იციან, არც იმ თამაშის წესები ახსოვთ, რიცხვი რომ უნდა გეთქვა, მწკრივში ჩალაგებული ბავშვების ფეხსაცმელებიდან ორი სხვადასხვა შეგხვდებოდა, მერე კიდევ ფინიშამდე მთელი ძალით გაქცეულიყავი, რათა რბოლაში გაგემარჯვა. მაშინაც კი, გამარჯვება იყო ტკბილი, მაგრამ ხანდახან, გამახსენდებოდა წინა ჯერზე წაგებისგან ატირებული ჩემი მეგობრის დასიებული თვალები და ფეხები მეკვეთებოდა, სიარულიც მავიწყდებოდა და ეს “ც” იყო ჩვენ პატარა ქალაქში არაჩვეულებრივი რამ, მაშინაც კი, მინდოდა უბრალოდ მეცხოვრა და მეტი არაფერი. მეყურებინა, როგორ ცხოვრობდნენ ისინი.

ჭერზე საჩვენებელი თითით ვხატავ პატარა არსებებს, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს მინახავს, ირგვლივ ხეებია გაჩეხილი, მინდვრები ცემენტის მძიმე და მუქი მასით დაფარული, მათი სახლები დავანგრიეთ და საკუთარი ავაშენეთ. არაფერია ლამაზი, რაც შენამდე სხვისი საკუთრება იყო. ამ კედლებში სუნთქვა ჭირს. ეს ისაა, რაც დამახვედრეს, ეს ქალაქია, რომელსაც ვეღარ დავანგრევ. თვალებს ვხუჭავ, უცნაური ღამე უნდა დასრულდეს და ჩვეულებრივი დილა გათენდეს.

ჩემი 10 წუთი ამოიწურა.

No comments yet

დატოვე კომენტარი