შიგთავსზე გადასვლა

ოქტომბერი 5, 2020

ნოემბერი 19, 2020

მასწავლეს რომ სანთლების ჩაქრობისას სურვილები ჩუმად და გულში ჩამეფიქრებინა. მაშინ მეგონა ეს რამე განსაკუთრებული რიტუალის დეტალი იყო, სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უზრუნველყოფდა მის ახსდენას. ერთხელაც, როცა ისევ დადგა მომენტი და თვალები დავხუჭე, იმ გარდამავალ წამს სურვილის ნაცვლად ერთმა აზრმა გამიელვა ჩემდაუნებურად, აზრმა იმაზე, რომ ეს სიჩუმე და საკუთარ თავთან ჩათქმული სურვილი სხვა არაფერი იყო თუ არა შიში შერცხვენისა, რომელიც აუცილებლად თან ახლდა იმედგაცრუებას, ყოველ შემდგომ წელს იგივე ადგილას მდგომს ჯერ კიდევ რომ არ აგხდენოდა. ირგვლივ კი არაფერი იყო, გარდა შემთხვევითობებით მოგროვებული ცხოვრებისა.

ეს კვირა პირველად ვიგრძენი მოახლოვებული ზამთრის სუსხი და მომაკვდავი სიცოცხლე ჩამოცვენილ, გახუნებულ ფოთლებში. რამდენი ნახეს და მოისმინეს ამ ფოთლებმა გასულ წელს, როგორ წამოიკვირტნენ, გაიშალნენ და ბოლოს აშრიალდნენ ჩვენს ტერფებს ქვეშ, მაგრამ რისთვის? თუ მცენარეებს შეუძლიათ მხოლოდ სხვებისთვის ცხოვრება, ჩვენ რატომ გვიჭირს ასე ძალიან? და რატომ გვეფიქრება განუწყვეტლივ მხოლოდ საკუთარ სურვილებზე? ყოველ ნაბიჯზე კიდევ ერთი გასული დღე გახსენდება ამ შემოდგომამდე. გათელილი მოგონება მოგონებას მისდევს და ყოველი შემდეგი წინაზე ბევრად მსუბუქია.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო გასული პერიოდი და რამდენად განსხვავებული – ჩვენი ემოციები, ერთნაირად ვემშვიდობებით მომენტებს, რომლებსაც ვეღარ დავუბრუნდებით. ღრუბლიანი ცა საბანივით გადაგვფარებია და ქალაქში შემოპარული მონსტრებისგან გვიცავს. წინა დაბადებისდღეზე სანთლების ჩაქრობისას ჩაფიქრებული სურვილი ისევ არ ახდა. ჩაიდანში წყალი ისევ აორთქლდა, ისეთ ამბავს მომიყვა, რომ ვერ გაგანდობთ, შორი გზიდან მოსულმა ფორმა ისევ იცვალა და მოგზაურობა განაგრძო, როგორც ჩვენ აღარ ვართ იგივე თავს გადახდენილი ათასი ისტორიის შემდეგ. უსასრულო ჰორიზონტზე გავყურებთ გზას, რამდენი ხანიც და რა ინტერესითაც არ უნდა დააკვირდე ვერაფერს არჩევ, იგი კი ერთხელაც სადღაც ისე მოულოდნელად გაწყდება, როგორც პირველი თოვლი, თუმცა ამინდის პროგნოზში სულაც არ ჩანდა.

ხანდახან, ძალიან რომ მომინდება ჩამოვჯდე და რაღაცები მოგიყვე, არ გამოდის და ყველა მიზეზი, მხოლოდ თავის მართლებაა, იმ შეგრძნებისთვის, რომელსაც დანაშაულის გრძნობა ჰქვია, რომ ისეთი ხარ, როგორიც ხარ და ძნელია ცვლილებების ატანა. იმაშიც კი არ ხარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად გრძნობ თავს დამნაშავედ. ასე უბრალოდაც ვერ ამბობ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ეწყინება, რადგან შენი შეგრძნება სულ სხვაა, არაფერი მსგავსი მისი… როგორც დამსხვრეული ნივთების პატარა ნაწილები, აბსოლუტურად განსხვავებულები, თუმც ერთნაირად მიმოფანტულები.

მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორია შენი პირველი შეხება შემოდგომასთან, რა ახლავს მას შენთვის და რა აკლია. იქნებ, ერთხელაც, ერთმანეთის გაგების მცდელობაში, თუ მოგვინდება და გავბედავთ, ერთად ვუსმინოთ აორთქლებული წყლის ამბებს, გადავიფაროთ ცის საბანი და დავაშინოთ მონსტრები ჩვენი ღრმა და ხმაურიანი სუნთქვით, სწორედ იმ შემოდგომის დღეს ისევ ცალ-ცალკე გავთელოთ ჩვენი წარსულის მოგონებები, გაცრუებული იმედები და აუხდენელი, ჩუმად ჩაფიქრებული სურვილები, როგორც გახუნებული, გარდაცვილი ფოთლები და მივხვდეთ, ჩვენ არ გვჭირდება ერთმანეთის ნაბიჯებზე დგომა, არამედ – ერთმანეთის გვერდით.

No comments yet

დატოვე კომენტარი