Skip to content

გოგო, რომელმაც ლექსიკონიდან ზედსართავი სახელები ამოიღო

July 25, 2015

შ ე მ დ ე გ -ამდე

თავს არაფერს ვაძალებ, ჩემი ბედნიერების საიდუმლოც ესაა. თუმცა სადაოა, ჩემი ბედნიერების ხარისხი. უცნაურია, მაგრამ თუ არ თხრი და გზად შემხვედრი ჭიაყელები შენში გულყრას არ იწვევენ, ამოთხრილი ბრილიანტიც ისე არ ბრჭყვიალებს ან მხოლოდ შენ არ გჭრის თვალს შესაფერისად, როგორც დანარჩენებს.

მე გოგო ვარ, რომელმაც ლექსიკონიდან ზედსართავი სახელები ამოიღო, თუმცა სულ არა, მხოლოდ “როგორი”-ს ნაწილი. მომენტში, როცა ვიღაცას ლამაზი ვუწოდე, გამახსენდა რომ მასზე ლამაზიც მინახავს და აღნიშნული სიტყვის ჩემი მოსაუბრისთვის წოდებით მისი სილამაზე დავაკნინე, ასევე გამახსენდა, რომ მასზე უშნოსთვისაც მიწოდებია ლამაზი და სამი ადამიანის წინაშე აღმოვჩნდი ერთდროულად მტყუანი. საქმე ის კი არ არის, რომ სამივე ლამაზი არ იყო, უბრალოდ ის რომ ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ დილემამდე მივყავდი, ვერ გამერკვია, ერთიანად მართალი ვიყავი თუ მტყუანი. იგივე დამემართა, სიტყვა ჭკვიანის, კეთილის, მისთანანის და განსაკუთრებით, ლამაზთვალებას შემთხვევაში..

თვალებს ჩემ ცხოვრებაში უზარმაზარი ადგილი უჭირავს. ხომ აკვირდებით ადამიანებს და განსაკუთრებით გაინტერესებთ მათი გარეგნობის კონკრეტული ნაწილი, ტუჩები, ყურები ან იქნებ სულაც იდაყვები.. მე – თვალები.

ერთი პერიოდი ვფიქრობდი კიდეც, ეს ჩვენი ფერადი პლანეტები ვიღაცის თვალებია და უშედეგოდ მისშტერებია სხვის თვალებს, ასე დგანან გოლიათი ადამიანები ან არსებები, რომლებსაც თვალები აქვთ, მათ შორის კი კავშირია გამწყდარი, კომუნიკაციაში უჭირთ, თუმც მათ თვალებში მთელი სამყაროა, რომელიც უამრავ საიდუმლოს ინახავს.

და როცა ვუთხარი “რა ლამაზი თვალები გაქვს”-მეთქი, ისე შევცბი, შემამჩნია და ჩვენს შორის უცნაურმა უხერხულობამ დაისადგურა. სწორედაც რომ შესაბამისი სიტყვა შევარჩიე, დანიშნულ სადგურს მოადგა უხეხულობა, ბარგი შეაგროვა და მატარებლიდან ჩამოვიდა, ჩვენს შორის. არადა, მართლა ლამაზი თვალები ჰქონდა. მოკლედ, დამღალა რომ ყველა ლამაზი იყო და თანაც ჭკვიანი, კეთილი, მოხერხებული, სწრაფი, ზანტი.. ათასობით იქნებოდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც მე შევხვედრივარ, სადღაც კი წავიკითხე 7 მილიარდს გადავაჭარბეთო. რადგანაც ჩემთვის ყველას ყველა ზედსართავი სახელი შეესაბამებოდა, ავდექეი და საერთოდ ამოვიღე ხმარებიდან. არც უნდა მოეგონათ თავის დროზე. რა აზრი აქვს იმ სიტყვების ქონას, რომელთაც რეალურად ფასი არ აქვთ. ასე ამოვაგდე ბოდიშიც. ფეხი რომ დავაბიჯე და მოლოდინის თვალებით შემომხედეს მე კი არაფერი ვუპასუხე, უზრდელიო ისე მომაძახეს, გეგონება ჩემი ბოდიში მტკივან თითს გაუყუჩებდა, აბა, რა კოლექციად უნდოდა ჩემი ბოდიში.. ადამიანების გონება მეტად.. აი, ასეთ წინადადებებში კი არ ვიცი, რა გამომდის ზედსართავი სახელის გარეშე, მაგრამ ხვდებიან ხოლმე საუბარში უადგილო სიჩუმით, წერისას კი სიცარიელით რომ შემოვიფარგლები, მხოლოდ განზრახვას ვეღარ იგებენ, ამ სიჩუმით კარგს ვგულისხმობ თუ ცუდს, ჰოდა მეც თვალებს მივაშველებ, კარგზე ლამპიონებივით მიციმციმებს, ცუდზე კი ის მომენტი დგება, სადაცაა რომ უნდა ინათოს და ქუჩებშიც ლამპიონებს აქრობენ, ალიონამდე მაგრად ბნელდება სამყარო.

ეს ამბავი მტკივანი კბილივით მაწუხებდა, თქვენ შეგიძლიათ მისი მოთმენა და კბილის არ გამოფურთხება? იქამდე მივდივარ, რომ როცა ამ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარ სიტყვებს ვიყენებთ, ყველანი მატყუარები ვხდებით, თუ აქამდე არ იყავით, რადგან საქმე ის კი არ არის, რას ვფიქრობთ ჩვენ, არამედ – ჭეშმარიტება.

 

შ ე მ დ ე გ

ვიყავი ამაყი გოგო, რომელმაც ტყუილებზე უარი თქვა და ზედსართავი სახელები ლექსიკონიდან ამოიღო, ვიდრე არ დამარწმუნეს, რომ საყოველთაო ჭეშმარიტება არ არსებობს, არამედ მხოლოდ სიმართლე, რომელიც ყველას თავისი აქვს. აღმოჩნდა, რომ ჩემი სიმართლეა, ყველა ადამიანშია რაღაც ლამაზი, ყოველი მათგანი ამბობს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჭკვიანურს, ჩადის სიკეთესაც და ბოროტებასაც და ა.შ. დამარწმუნა, რომ თავს მაშინ ვიტყუებდი, როცა მეგონა რომ ამქვეყნად არსებობს ადამიანი, რომელიც დანარჩენ მილიარდზე ლამაზია, კიდევ ერთი, რომელიც – ყველაზე ჭკვიანი; რომელსაც ყველაზე მეტი სიკეთე ჩაუდენია; ყველაზე ნაკითხი; ყველაზე კარგი მომღერალი და ასე დაუსრულებლად, ვიდრე ამ ფაქტზე ფიქრმა უფრო არ დამღალა, ვიდრე უწყინარმა ტყუილებმა ზედსართავი სახელების სახით ჩემ ყოველდღიურობაში. თუმცა ჩვევად შემომრჩა, ხანდახან ისევ მავიწყდება წინადადებაში მათი წარმოთქმა.

რას იფიქრებთ ამის შემდეგ ჩემზე? ალბათ, ვინ არის ეს ჩამოუყალიბებელი გოგო (დიახ, თქვენ ჩემთან ზედსართავების გარეშე ვერ გახვალთ) და რა სულელურად ანიჭებს ამ უბრალო სიტყვებს ამხელა მნიშვნელობას ან რად გაყო თავი ამხელა თავგადასავალშიო.. რა გასაკვირია, რომ საკუთარი ბედნიერების ხარისხი ვერ გაურკვევიაო. თქვენ ფიქრებშიც კი მოიტყუებთ თავს, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ თქვენი სიმართე, რომელიც ჩემი ტყუილია და პირიქით.

 

შ ე მ დ ე გ -ის შემდეგ

ეს სამყარო კი.. აჰ, თავდაყირაა.

შემთხვევაა, სამყარომ მეორე სამყაროში ჩაიხედა, ზურგზე ფიქრების თანავარსკვლავედი მაწევს და სუნთქვა მიჭირს, სრულიად შემთხვევით ჭეშმარიტება წამომცდა, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს! გაურკვევლობამ თავის ეტლით მიმაცილა ამ სადგურამდე და მეც რაღა დამრჩენია, დავისადგურებ საკუთარი სიმართლით..

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: