Skip to content

და მივატოვე..

ივნისი 12, 2015

შენ ფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ განმარტოვდებოდი და ცოტას იფიქრებდი, ვიდრე, არ იქეცი შეპყრობილად. ხანდახან, გინდა გადაყარო უსარგებლო მოგონებები. ნოსტალგიაზე გაიმარჯვო, იმედს დაეყრდნო, ძირში ცალ მხარეს წაცვეთილი ჯოხის მსგავსად, მიუხედავად ყანყალისა, მაინც რომ გამაგრებს. გინდა შეწყვიტო ფიქრი, იმდენად უსარგებლოდ გეჩვენება და დააკვირდე მხოლოდ დანარჩენების არსებობას. მათ მონოტონურ მოძრაობას წინააღმდეგობაში მოსულს მათთვისვე გამოყოფილ მცირე დროსთან.

მთელი სამყარო სევდით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავს.

მელანქოლია სხეულზე კანივით გაქვს შემოკრული. როგორც ყოველთვის თავს ვერ ერევი და სუსტს გეძახიან, მათში კი არ არის ძალები მსგავსი განწყობა მუდმივად თან ატარონ. არაფერია, შენ იცი, რეალურად სუსტების შესახებ და მათ რიცხვში სულაც არა ხარ. უყურე, როგორ აგრძელებენ თვალდახუჭულნი მოძრაობას.

შენი ერთგულების არ სჯერათ, გესმის, ძნელია, ირწმუნო შეუცდომელი ადამიანის არსებობა. ამიტომაც, ყოველ წამს მოელიან შენგან ღალატს და ამრეზით გიცქერენ. კიბეებზე ჩამომჯდარს მუხლები ხელებს შორის გაქვს მოქცეული, თავი ფრთხილად დაგისვენებია მათზე და ირგვლივ ურწმუნონი ირევიან, შენს დასაგლეჯად გამზადებული მგლების ხროვასავით. მხოლოდ ერთი შეცდომა, მხოლოდ წამიერი გაფიქრება ტყუილსა და ღალატზე და დაგეშილებივით გეცემიან. წინასწარ შემზადებული, გალესილი საძიძგნი კბილებით, საკვებს მონატრებული, ნერწყვით ამოვსებული პირებით. არც ისე მძიმეა, როცა სხეულის ნაწილებს თავიდან სწრაფად, შემდეგ კი, უკვე მაძღრები, ნელ-ნელა გაგლეჯენ. და მაინც, მხოლოდ შენივე მელანქოლიაა მძიმე ასატანი.

სწორედ შენი მსგავსი ადამიანები ამძიმებენ დედამიწას, ამიტომ უნდა შეიჭამონ. სამაგიეროდ, ვერავინ დაგამარცხებს, ვიდრე საკუთარ თავთან ბრძოლას თანაბარი შედეგებით მართავ, მაშინ იმარჯვებ ხროვაზეც. ან გეხმარებიან..

ახლა, ამ კიბეებზე, როგორც შტორმისას, უზარმაზარ ტალღებს შორის, შუქურის ყვითელი სხივის გამოჩენას, ისე შეჰყურებ ჰორიზონტს და ელოდები ხსნას, ვიდრე ამასაც არ შეეჩვიე და აქვე დასრულდა არსებობაც.

წარსული ცხოვრების არსებობაში ვერ დავარწმუნე. ვერც იმაში, რომ ერთი ნახვით ვიცანი. მითხრა, შემთხვევითობები არაფერს ნიშნავს, ყველაფერს იგონებ და ცხოვრებას ამ სისულელეებში ხარჯავო. მისი თითებიც ისე ნაზად აღარ მეხებოდნენ, აღარც თვალებს ხუჭავდა, როცა მკოცნიდა. შიგნიდან წამოსული სიცივე ოდესღაც მხურვალე მის ტუჩებს ერთიანად მოდებოდა და კოცნით შუბლს მთლიანად მიყინავდა.

წაიკითხე მეტი…

Advertisements

საყვარლის ჩანაწერი

მაისი 27, 2015

jan31_2ალბათ, მხოლოდ მე ვდგავარ, ყოველ ღამით, ღია მაცივრის წინ ფეხშიშველი და იქედან გამომავალი აუტანელი სიცივის გასაძლებად ფეხებს ვათამაშებ, ერთმანეთის უკან თანაბარი ტემპით ვმალავ. დაიწყებს ერთი წვას და მაშინვე შევმალავ მეორეს უკან, ვიდრე მსხლის ლიმონათს ვეძებ, რომელსაც ვერ ვიტან ყველა სხვა დანარჩენ გემოს შორის და მაინც, ყოველ ორშაბათ დღეს მას ვაგდებ სასურსათო კალათაში. ბევრ რამეს, რასაც ვაკეთებ სხვებს ვერ ავუხსნი, იქედან გამომდინარე, რომ საკუთარ თავსაც ვერ ვუხსნი, მაგრამ თვეებია უკვე ინსტიქტების დონეზე ვარ, თითქოს თავისთავად ვმოქმედებ, ავტოპილოტით, ზედმეტი ფიქრის გარეშე.

ჩემმა ახლო მეგობარმა მითხრა, “იმ დღეს საერთოდ დამავიწყდა შენი არსებობა, წარმოგიდგენიაო?” და მერე დააყოლა თავის აუტანელი ხარხარიც.

ხომ გინახავთ ადამიანები, რომლებსაც ყველა და ყველაფერი უყვართ? მე – რამდენიც გინდათ. ისეთებიც, უპრეტენზიოები რომ არიან და მუდმივად კმაყოფილები, სულ უნდოდა დედაჩემს ასეთი ვყოფილიყავი ანუ კარგი ცოლი, მაგრამ გავუცრუე იმედები, მას შემდეგ ყველა იმედს ვაცრუებ, რაღაც ტრადიციასავით მაქვს და მერე ხარხარით ვამატებ, როგორ იყო? ზუსტად მინდა გავიხსენო, მგონი ესე

“მე რა იმედების ამხდენ ქარხანას ასე ვგავარ? და რომელი იმედი დაინახე ახდენილი, როცა პირველად შემომხედე? მორჩილი საყვარლის? ასეთ ჭკვიან კაცს, როგორ დაგავიწყდა, რომ სხვებიც ამყარებენ იმედებს, ვიდრე მხოლოდ შენი აღიქვი, ჩემი შენს მყარ ოჯახს ემუქრებოდა დანგრევით. ხა-ხა!”

წაიკითხე მეტი…

არა შემთხვევითი შემთხვევითობა

მაისი 16, 2015

შეაღებ თუ არა ძია პაველის სახლის კარს, კედელს ეჯახები. იგი ამბობს, სტუმარმა სახლში შემოსვლისთანავე უნდა იგრძნოს, რომ აქაურობის პატრონი ბარიერებს უწესებს ყველაფერშიო. არასდროს მესმოდა, რა ბარიერებს გულისხმობდა და ისე გარდაიცვალა, ვერც მოვასწარი მეკითხა. იმ უზარმაზარ თეთრ კედელზე, ერთი საშინელი სურათი ეკიდა, კიდევ უფრო საშნელ ჩარჩოში ჩასმული. ნახატზე, ლურჯ-შავი ღრუბლებისა და უზარმაზარი მთების ფონზე, ყორანი იყო გამოსახული, რომელიც ადამიანის მძორს ძიძგნიდა. ჰორიზონტზე, მთებს გადაღმა კი, ოდნავ იპარებოდა მზის სხივები. ეს არ იყო ერთადერთი ნახატი მის სახლში, ხელოვნება კი, ნამდვილად, მისი სამყარო. სახლი რომ შეიძინა, სიცარიელე ყველგან შეავსო, ნახატებით, ქანდაკებებით, მუსიკალური საკრავებით. თუმცა, არც ხატვა იცოდა, არც ძერწვა და არც რომელიმე საკრავზე დაკვრა. ვიზუალურად თვითონ სახლიც საშინელებათა ფილმებიდან გადმოტანილ დანგრეულ, მიტოვებულ, ხავსითა და სუროთი დაფარულ სახლს, ერთი სიტყვით, დრაკულას საცხოვრისს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფილოსოფიის დოქტორისას. ისე კი, დრაკულას მუდმივად მაგონებდა, განსაკუთრებით, თავის საყვარელი ღვინის ჭიქით, რომელიც მუდმივად სავსე იყო სისხლისფერი მერლოთით.

საუბარი მაინცდამაინც არ უყვარდა. ხშირად მიმეორებდა, ჩემი საქმე ჯერ ფიქრია და როცა მომესურვება ლაპარაკიო. ჩემი სტუმრობა მხოლოდ იმიტომ ახარებდა, რომ ღვინო მიმქონდა ხოლმე. რატომ ვაკეთებდი ამას, პასუხი არ მაქვს. მისტიკამ ასე იცის, გიზიდავს და რაც უფრო იხლართება საქმე, მით მეტი კმაყოფილება გიპყრობს, რომ თავიდანვე მისკენ აიღე გეზი.

პაველი ჩემზე 20 წლით უფრო იყო, რომ გარდაიცვალა 45-ის. მისი ცხოვრების მხოლოდ თხუთმეტი წელი მახსოვს და არცერთი დასრულებული დიალოგი მასთან. მხოლოდ საკუთარი აზრის დაფიქსირება უყვარდა, შენ რას ფიქრობდი ნაკლებად აინტერესებდა. ახლა ვფიქრობ, რომ მისი მსგავსი ადამიანები მხოლოდ არსებობენ საკუთარ სამყაროში გამომწყვდეულები, თავიანთი ხელშეუხებელი შეხედულებებით და მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს აბრალებენ, რომ სურს თავისუფლება წაართვას. ამასობაში, ავიწყდებათ, რომ დრო შეზღუდული აქვთ, მათ ირგვლივ ცხოვრება მიედინება, რომელსაც ტოვებენ, ის კი ასეთი მშვენიერია. თავისუფლება კი სხვისი აზრის გაზიარებაშია, ზოგჯერ საკუთარის გადაფიქრებაშიც.

ერთადერთი ცოცხალი არსებები, რომელზეც მგონი საკუთარი ცხოვრების განმავლობაში უზრუნია, თევზები იყვნენ. უზარმაზარი აკვარიუმი ედგა მისაღებ ოთახში. სქელი, წვრილი, ულვაშა და უკუდო თევზებით სავსე, წყვილებად ჰყავდა. უკანა ეზოში მათთვის სათითაოდ გაეკეთებინა სამარხები, ზედ სახელებით, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებით, მაოცებდა ეს ადგილი, სხვაგან არსად მინახავს თევზების სასაფლაო.

საბოლოოდ, ვერ ვიტყვი რომ პაველი მოსაბეზრებელი ტიპი იყო. ვხვდები, მისი საცხოვრებელი გარემოს აღწერით და ერთი-ორი ფრაზის ციტირებით, ისე გამოვიდა თითქოს იყო, მაგრამ – არა, იგი იყო ყველაზე საინტერესო ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, შევნატროდი მის ცხოვრებას. რაც უფრო მეტ ღონისძიებას ვესწრებოდი, ვერთვებოდი საჯარო აქტივობებში და მითუმეტეს, მივდიოდი მეგობრებთან ერთად გასართობად, კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მინდოდა ერთ დღესაც ძია პაველის ადგილას აღმოვჩენილიყავი. დამესრულებინა მისი ბიბლიოთეკის კითხვა, ჩავმჯდარიყავი მის სავარძელში და მომესმინა სოლომონ ბიურკისთვის, ვიდრე წითელ ღვინოს შევექცეოდი.

წაიკითხე მეტი…

სულის გამჭვირვალობა

მაისი 2, 2015

“და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.”

ხდება ხოლმე, შეხვდები ადამიანებს, რომლებიც ისე მოგაშტერდებიან თითქოს შენი დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, შეხედავ მათ სახეს და მერე მთელი დღე თან დაგყვება, ცდილობ გაიხსენო, სად გინახავს ბუდეებში ღრმად ჩამჯდარი ნუშისებრი ფორმის თვალები და ღია, იისფერშეპარული სავსე ტუჩები, მაგრამ უშედეგოდ.

რაღაც ამდაგვარი მზერა ჰქონდა ადელაიდას, პირველად რომ დავინახე. მომშტერებოდა თვალებით, რომლებიც სხვადასხვა ფერის იყვნენ, ერთი მუქი ლურჯი, მეორე – შავი. მაშინ ვიგრძენი სულის გამჭვირვალობა. ასევე მზერის ძალა, მით უფრო იმ თვალების.

ადელაიდა თვითონ შევარქვი. სახელებს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, როგორც თვალებს. თუ თვალები სულის სარკეა, მაშ სახელი შენი ცხოვრების ანარეკლი ამ სარკეში. უმიზნოდ შეკოწიწებული ასოები, მთავარია ჟღერადობა. სულ ესა ვართ ჩვენც და ჩვენი ცხოვრებაც.

მაშინ ჩავთვალე, რომ ამ მზერის პატრონის მთელი ცხოვრება ადელაიდას ჟღერადობას ჰგავდა. მსუბუქი და მძიმე ბგერების მონაცვლეობას, ლურჯ-შავი ფერებს.

ახლაც თან მსდევს მისი თვალები და სულის იქეთ იყურებიან, სადაც ყველა ფიქრი ბინადრობს, რასაც გონებაში გაუვლია და ხმამაღლა საკუთარ თავთან მარტო ყოფნის დროსაც კი ვერ გამიჟღერებია. ვიცი, მაშინ ამოიკითხა ადელაიდამ, მრავალფერ ზღვის ქვებსა და გაუხსნელ ნიჟარებზე, მარგალიტებს რომ ინახავდნენ, მოლუსკების ლეშებთან ერთად. მართალია, ჩემი ოთახი ყარდა მათი წყალობით, მაგრამ მთელი ჩემი სიმდიდრე იყო, რომელიც საბოლოოდ, დიდი ბრძოლის მიუხედავად ჩემს მშობლებთან, მაინც ჩამომართვეს, როცა მატლები დაესია. ვაღიარებ, ბოლო დღეებში იმდენი იყვნენ, ჩემს ოთახსაც გაცდნენ, ფუსფუსებდნენ და მრავლდებოდნენ დღითიდღე, მაგრამ რომელი მშობელი ართმევს შვილს ერთადერთ სიმდიდრეს?! მოკლედ, ეს ამბავი ორ თვესაც არ გაგრძელებულა.

“-რა ჯანდაბად მინდა დამსხვრეული ნიჟარები და გამოცალკევებული მარგალიტები?!” – პირველად ავუწიე ხმას მშობლების წინაშე, კარიც პირველად გავაჯახუნე და თავი ზრდასრულადაც პირველად ვიგრძენი. როცა რაღაცას ბუნებრივ სახეს უზიანებ, მხოლოდ ნარჩენები გრჩება. ნარჩენებს კი განმარტება არც სჭირდებათ, არც მათ, ვინც მათით კმაყოფილდება. ამ ამბავმა ჩემი ცხოვრების პირველი, ბედნიერი ეტაპი დაასრულა და დაიწყო მეორე, მუდმივად უკმაყოფილო, მელანქოლია ნარევი განწყობის მრავალწლიანი ეტაპი. ასე გრძელდებოდა მესამემდე – ადელაიდას თვალებამდე.

წაიკითხე მეტი…

რიენონი

აპრილი 2, 2015

ღიმილით გაიღვიძა. ვუყურებ და ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ერთადერთი, კარგი სიზმარი მომდის გონებაში. ოდნავ შეიშმუშნა და ხელები ფართედ გაშალა, გეგონება, მთელს სამყაროს ჩასახუტებლად იხმობსო. ერთი ჩემს თავთან ფრთხილად ჩამოაცურა, ცივი ხელი თმებში შეაცურა, ჩემსკენ გადმოტრიალდა, თითები აამოძრავა და ტუჩის კუთხეში მაკოცა თუ არა, სწრაფად წამოიწია საწოლიდან, ფეხშიშველი, თეთრ სარაფანს მიწვდა, წელზე ისე ჩამოიცურა, თითქოს აბრეშუმის ყოფილიყოს. ერთხელ ისევ გამოიხედა ჩემსკენ და კარს მიუახლოვდა. ორივე სახელური ერთდროულად ჩამოწია, მცირეოდენი პაუზის შემდეგ ერთიანად გაშალა კარი, სახე მზეს მიუშვირა და უზარმაზარი ჰაერის მასა მონოტონურად ჩაყლაპა.

მე კი განძრევაც მეზარება. მეტიც, ის რომ არა საერთოდ არ გამეღვიძებოდა ასე ადრიანად, საათისკენ ვაპარებ თვალს, დილის 8-ის ნახევარია. ნაკლებს ველოდი, დღეს 7 საათი ეძინა, ჩვეულებრივ 5 ჰყოფნის ხოლმე. არც ვგეგმავ ადგომას, რომ არა ხმა და ვიცი ის მღერის, წესით უნდა ცეკვავდეს კიდეც, ამის გამოტოვებას ვერასდროს ვახერხებ. უსასრულოდ შემიძლია ვუყურო, როგორ მღერის და ცეკვავს მთელი არსებით. ბედნიერება მის ბედნიერებაშია.

“ყველა ვიღაცისკენ მიილტვის, ყველას სჭირდება ვიღაც, რომ უყვარდეს..” – ღიღინებს და თან ჩემს პერანგს ეცეკვება. მეცინება, მე ხომ აქ ვარ, ის კი სარეცხ თოკზე გაბმულ ჩემს პერანგს ეცეკვება.  ხელს მისი სახელოსკენ იშვერს, უცებ ეჭიდება და შემდეგ ორივე მათგანს ირგვლივ იხვევს, თვალებს ხუჭავს, აქეთ-იქეთ ირხევა და აგრძელებს,

“დიდი ხნით ადრე, ვიდრე გაგიცნობდი, უკვე შენსკენ მოვილტვოდი..

აი, ეს ხეც კი თავის ტოტებით, მზისკენ მიიწევს!

ყველა ეძებს მეგობარს, რომ შეიყვაროს..”

ხის ტოტებს ცდილობს მიწვდეს, არ გამოსდის, ახტება, ხელს მიაწვდენს, ოდნავ შეირხევა ტოტი და გაზაფხულის სურნელოვანი ყვავილები თავზე ეყრება შაქრის ფხვნილივით, მხიარულად კისკისებს, მეც სულელივით ვიღიმი მისი შემყურე.

საუზმესაც კი მხიარულად ამზადებს. მშრალ, დაკეცილ სარეცხს თაროებში ადგილს მიუჩენს თუ არა, უზარმაზარ კოლექციაში სტივი ნიქსს ეძებს, თვალები უნათდება, “რიენონს” პოულობს. ყოველთვის თავისივე ნამღერს ვარჩევდი, მაგრამ თვითონ – სტივის.

თეფშები ჩვეულებისამებრ ლამაზად დაალაგა, მაგიდა საუცხოოდ მორთო. სიმღერას ჰყვება და სამზარეულოდან ჩემი წილი სიყვარულის მისაღებად მიხმობს. კენკრის ჩაის სუნი კარის ცარიელი ადგილებიდან იპარება და თავბრუსმახვევს. ყველგან სუნს მივყვებით, ზოგჯერ რეალურს, ზოგჯერ – მოჩვენებითს. კენკრის ჩაისას ან გრძნობებისას. ორივეს ოთახში შევყავარ.

წაიკითხე მეტი…

ქაოსი

მარტი 25, 2015

ისევ მატერიაზე ვართ ჩამოკიდებულნი, ისევ ერთმანეთზე. უმარტივესი მატერია ვართ, მტვრისა და ვარსკვლავებისგან შექმნილი ყველაზე მცირე თანავარსკვლავედები ამქვეყნად. ჰოდა, ვუერთდებით ერთმანეთს, სრულიად გაუაზრებლად, თავისთავადი მიზიდულობით. ჩვეულებისამებრ ქაოსურად ვმოძრაობთ და თავს ვერ ვპატიობთ გზის აბნევას, არადა მუდმივი სამყოფელი უბრალოდ არ გაგვაჩნია. არც სხვა, რომ უსაყდრობა გადავაბრალოთ, რწმენაც არ გვაქვს უხილავი ძალის, სასწაულის.

ქაოსში ვაღწევთ მოჩვენებით იდილიას, ვეჩეხებით მოჩვენებით ემოციებსა და შემთხვევითობის მონები ვხდებით. რეფლექსურ დონეზე დავრჩით, ოთხსაფეხურიან პირამიდასაც ვერ ვაქცევთ რეალობად.

ერთადერთი გვრჩება, დაღლილი სხეული ვინმეს მკლავებში უნდა მიასვენო. ცარიელ მკლავებში, დანარჩენი ბურუსშია. მხოლოდ ისინი გაგრძნობინებენ რეალურ სიმშვიდეს და ემოციას. დაგდებულ ტემპერატურას საგრძნობლად გიმაღლებენ. სახლიდან გასვლის წინ გეუბნებიან, რომ ჩაიცვა, გარეთ საშინლად ცივა. ეგოისტი ხარ, გინდა მკლავები მოიცვა და ისე იარო ყველგან. ისინი მხოლოდ შენ თანაგრძნობაზე უნდა ფიქრობდნენ. როგორც კი გონებაში სხვა რამის გაკეთებას გაივლებენ, მათშიც ისევე გცივა, როგორც ზამთრისას შუა ქუჩაში, სულ შიშველს. მთელი სხეული გეყინება და სიწითლე ფრხილად გეპარება სხეულის ყველაზე სუსტი ნაწილებიდან – თითებიდან, იქამდე ვიდრე მკლავები შეგნებულად არ დაბრუნდებიან და შემოგეხვევიან, ნელა იღუპები, აგონიით.

მთავარია არ დაიგვიანონ, ზოგჯერ გვიან, უბრალოდ გვიანია და მეტი არაფერი. მარტო ხარ, როგორც თავდაპირველად, გაწვიმს, არავინაა რომ შეგიფაროს, მკლავები თავიანთ საქმეს აკეთებენ, მთელი სიშლეგით თხრიან მიწას, განძს ეძებენ, მატერიას, რომელიც მხოლოდ, ისევ და ისევ, მოჩვენებითი სიამოვნებისთვისაა შექმნილი. ვიდრე შენ ფეხებს ვეღარ გრძნობ, ვიდრე სიცივისგან კანი გეწვის და სუსხიანი ჰაერი, შინაგან ორგანოებსაც გიყინავს, ფილტვებიდან გულამდე, გონებიდან – სულამდე.

თხრისგან დაიღალნენ, შენ გაახსენდი, სწრაფად უნდათ გიპოვონ, ჩქარობენ, სჯერათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ქაოსში დაიკარგნენ, იციან რომ სადღაც ელოდებიან, მაგრამ ვეღარ პოულობენ.

ოდესღაც გიპოვეს, ისევ მარტო, ისევ იქ, სიცივეში, მათი მომლოდინე და ამ ლოდინში გაყინული. ქაოსის ირონიაღა დარჩა მუდმივ რეალობად. აგონია – აგონიაზე, ცა – ცაზე, სამყარო – სამყაროზე, უსასრულობაში უსასრულოდ. გვიან, უბრალოდ გვიანია. დაგვრჩა არასდროს – არაფერი.

წაიკითხე მეტი…

პიტი

თებერვალი 25, 2015

მშვიდად ვხურავ კარს და ბნელ ქუჩაში გავდივარ.

***

ხრამთან სულ ახლოს ვდგავარ და ფეხებს ვათამაშებ, ტერფები-ქუსლები-ტერფები.. ოდნავ ზედმეტი რომ მომივიდეს, უზარმაზარ ორმოში აღმოვჩნდები, სულაც არ მაშინებს ეს ფაქტი.

“დაშვება, ალბათ, სასიამოვნო იქნება.”

“..და შემდეგ მტკივნეული.”

“გგონია, რამეს შეგრძნებას მოვასწრებ?”

“დარწმუნებული ვარ, შენ ყველაზე მგრძნობიარე გოგო ხარ ამქვეყნად, იმ ქვეყნად და მათ შორისაც. მაგრამ რაღაც რეალურად უნდა არსებობდეს და არა შენს წარმოდგენაში, რომ იგრძნო, ისე სიყალბეა.” – მერე ხრამს მოვშორით და პიტის კალთაში მიმეძინა..

მარტოს გამეღვიძა.

ადამიანები გრძნობენ და წუწუნებენ, ეს ყველაზე მძიმე რამაა ამქვეყნადო. არადა, სიმძიმე არაფრის შეგრძნებაშია. მე მიგრძვნია – არაფერი.

***

პირველად გაოგნებული თვალები პიტის დაკრძალვაზე დამაჩერდნენ. სრულიად უცხო ვინმემ მკითხა, რამე ხომ არ გაწუხებს, რას გრძნობო.. არაფერს-მეთქი ვუპასუხე და წამწამები ნელა დაშორდნენ ერთმანეთს, მათ შორის უზარმაზარ ბურთებად ამოიზიდა თვალები, გუგები დაწვრილდნენ და ცისფერი ფერი კიდევ უფრო გამუქდა. იმ დღეს, ისინი გაუთავებლად მესაუბრებოდნენ, მე კი მხოლოდ თვალებს ვუსმენდი. მას შემდეგ მუდმივად იგივეს ვაკეთებ..

ყურები მხოლოდ პიტისთვის მქონდა, მხოლოდ ეს ხმა არ მიწვავდა მათ აპკებს. იგი მუდმივად სიმართლეს მეუბნებოდა. საჩუქრების შესაფუთ მაღაზიაში მუშაობდა, ჩემი მაშინდელი შეყვარებულისთვის განკუთვნილი საჩუქარი შესაფუთად გადავეცი და ვთხოვე შიგ ტკბილი სიტყვებით გატენილი ბარათის ჩადება არ დავიწყებოდა. ველოდი, რომ “ვინც არ უნდა იყო, შენ მას არ იმსახურებ” შემთხვევით აღმოჩნდა ყუთში, მაგრამ პიტმა, ეს განზრახ გავაკეთეო, ყველაფერი ერთად ვიგრძენი, გაბრაზება, ინტერესი, ცოტა სიმპათიაც და მას შემდეგ ვერ ამოვიგდე გონებიდან.

მაგრამ როცა აღარ იყო, მეც აღარაფერს ვგრძნობდი. არ მიგრძვნია მონატრება, ეს ყველაზე უაზრო გრძნობა იქნებოდა, არ არსებულის მონატრება. არც მარტოობა, მისდამი სიყვარულს არასდროს მივუტოვებივარ. არც წყენა, განა შეიძლება სამყაროს გაუბრაზდე, იმის გამო რომ თავად მიეჩვიე ადამიანს.. ასე ვგრძნობდი არაფერს.

წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: