შიგთავსზე გადასვლა

გადაწყვეტილება

თებერვალი 18, 2021

საღამოობით სახლში დაბრუნებამდე ერთი ქცევა დამჩემდა, სახლის მეზობლად ახლადგახსნილ ბარში შევდივარ და იქამდე ჯერ არ დაგემოვნებულ სასმელს გეახლებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო რამ არის რაც დღის განმავლობაში ჩემ თავს ხდება, მაგრამ ამასაც არაუშავს და შეუმჩნევლად ვაკვირდები იქ მყოფ ადამიანებს, მათ მოძრაობას სადღაც ერთი საათის განმავლობაში. რამდენი ხანიც არ უნდა დააკვირდე ადამიანებს მათში ძალიან იშვიათად აღმოჩნდება ვინმე, ვისგანაც თვალს სხვაზე ვერ გადაიტან, ეს შეიძლება ინდივიდუალურია და ხასიათის თემაა, მაგრამ მასაშიც კი ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან მარტივად ინტერესდებიან სხვებით. ვიდრე ასე ვზივარ ზამთრის ცივ ღამეს ნახევრად ცარიელ ბარში და არც კი ვიცი აქ რას ვაკეთებ, შევამჩნიე, მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი საშუალო ხნის კაცი, ხელში ჭიქას ათამაშებს და მხოლოდ ხანგრძლივი პაუზების შემდეგ სვამს თითო-თითო ყლუპად.

Richard Savoie, 1959

ვუყურებ და ისევ ისეთი მწარეა სასმელი, ვერაფრით ჯაბნის სულში გამჯდარ სიმწარეს. ყოველ შემდეგ დღეს ელოდები, რომ აი, ეს ჭიქა წინაზე ტკბილი იქნება, უფრო ხანგრძლივად და იქნებ სამუდამოდ დაგავიწყებს, მაგრამ არა და არ მოდის სიტკბო. დათოვლილ ქუჩებს ფრთხილად მიუყვები, სუსხი და ფიფქები სახეზე დაგთამაშებენ, ყოველი ნაბიჯი მეტად გაფხიზლებს, ფეხებს გზა ახსოვთ და შენც რომ ვერ გააცნობიერე, ისე აღმოჩნდი იმავე ადგილას, სადაც გუშინ. უზარმაზარი ჭადრის ძირში კვლავაც დგას საღებავგადაცლილი გრძელი ხის სკამი, მხოლოდ დღეს მასზე ჩამოსასვენებლად თოვლისგან მისი გათავისუფლება გიწევს, ცივ თოვლს ეხები და გინდა სწრაფად გადაწმინდო, მაგრამ მისი სიცივე რატომღაც სასიმოვნოა, ხელის გულს ასე ტოვებ სკამზე და თოვლში, ფრთხილად მოიპარება ყინვა მაჯასთან, შემდეგ კიდურზე და წვის შეგრძნება ინსტიქტურად გაღებინებს ხელს, თუმც გაუძალიანდი.

უბრალოდ არაფერზე გინდა იფიქრო, მხოლოდ დაისვენო, ხმაურისგან რომელმაც სამყარო მოიცვა და მხოლოდ თოვლს და ღამეს შეუძლიათ მოგანიჭონ ყალბი სიმშვიდე, ასე ძალიან რომ ჰგავს რეალობას, ვიდრე დილა ისევ გამოგაფხიზლებს.

როგორ უთხრა, რა მიზეზით შეიძლება აუხსნა ადამიანს, რომ ვეღარ გაბედნიერებს, თითქოს სადღაც გაქრით, შენც და ისიც. ყოველ ღამე სახლში ოდნავ სახეშეცვლილი ბრუნდებით. ის ამბობს, რომ დაიღალა და ხანდახან არც კი ჭამს, ისე მიდის დასაძინებლად. გახსენდება პერიოდი, როცა ამოღამებული თვალებით ერთად ამზადებდით, აფუჭებდით, წვავდით, ზედმეტად ამარილებდით და ამ და სხვა მიზეზებით უფრო მხიარულად მიირთმევდით, ბოლოს კი, ჯიუტად ჩართული ტელევიზორის შიშინში იღვიძებდით. ხშირად საკუთარ საწოლშიც იღვიძებდი. დღეს იმ სახლში შესვლა ძნელია, იქნებ ვინმემ ის შეცვალა და თქვენ არაფერ შუაში ხართ? იქნებ სულაც ამ ჭადრის ან სკამის ბრალია სულელური ფიქრები, ალკოჰოლი! სინამდვილეში ყველაფერი უარყოფითი მას მოაქვს, ემოციებით თამაში, შენით გართობა და მერე თავის მოჩვენება თითქოს შენივე ნამდვილი სახე გამოავლინე.

მაშ, უბრალოდ უნდა დაივიწყო ახალი და ცუდი ჩვევები, ისევ შეამჩნიო რა ფერის მანიკური წაუსვამს დღეს და რატომ; რა გადახდა თავს ან რატომ არფერი გადახდენია; რისი ყურება დავიწყოთ და მერე დივანზე ჩავიძინოთ, მეორე დღეს კი კისრის ტკივილზე ტკბილად გაგეღმოს გუშინდელი ბავშვური საქციელის გამო, რომელიც თითქოს დაივიწყე და აბსოლუტურ კომფორტში გაატარე ბოლო წელი ან იქნებ მეტიც…

იგი დგება და მომსახურე პერსონალს მშრალი ღიმილით ემშვიდობება, ვერც კი მამჩნევს ისე ტოვებს ბარს და მეც ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე მივყვები. ხუთი წუთის შემდეგ განათებული ფანჯრის წინ ჩერდება, ოთახში ტელევიზორი ციმციმებს, დაბალ ხმაზე კინოს უყურებენ, ტელეფონზე რეკავს და მონოტონურად პასუხობს:

“რას აკეთებ?”;”გეძინება?”;”კარგი, მალე მოვალ..”

ტელეფონს ჯიბეში იდებს, რამდენიმე წუთით ისევ შეჰყურებს ფანჯარას და გზას აგრძელებს. ქუჩის კუთხეში ჯერ ჩერდება, მერე სწრაფად ტრიალდება და უკან ბრუნდება, სადარბაზოში შედის მტკიცე ნაბიჯებით.

სახლში დაბრუნებული ტელევიზორთან ჩაძინებულ მას ვხედავ, ჩვენი ცხოვრება ისე ძალიან ჰგავს ერთმანეთს თითქოს ყოველ სახლში დროის სხვადასხვა პერიოდში ერთი და იგივე სურათი მეორდება, ფინალიც კი ერთი გვაქვს, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც, თუნდაც ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ, ჩვენ ყველანი ინდივიდუალურად ვაკეთებთ არჩევანს:

“იცი, მოთოვა… გინდა გავისეირნოთ?”

No comments yet

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: