შიგთავსზე გადასვლა

სუნთქვა

აპრილი 4, 2020

ბევრი დრო გავიდა, არა? დღეს საღამოს იწვიმა, ვიცი, რომ იცი კიდეც, მაგრამ აბა სხვა რა გითხრა, დაწყება ხომ ყოველთვის რთულია, ჩემთვის მაინც, მოღრუბლული ცის ყურება კი ორმაგად რთული და სევდაც აქაა, ჭრილობასავით იღვიძებს, მარილივით წვავს წვეთები სხეულს. განა პირველად წვიმს და განა იშვიათად, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვანაირად და სხვას განიცდი. როცა საერთოდ არაფერს განვიცდი ყველაზე დიდ დარდად გადაიქცევა ხოლმე, თუ იმ ერთადერთსაც ვკარგავ, რაც მარტო არასდროს მტოვებდა, თუნდაც ყველა მძიმე ემოცია, მართლა დავკარგულვარ უმისამართოდ. თუ შენს საყვარელ მუსიკას არ ჩართავ ყველაფერი წვიმასთან ერთად გადაივლის. მაგრამ მის გარეშე, გეჩვენება ისე წვიმს, რომ შენი სახურავის იქეთ სამყაროს წაშლას უპირებს, შორიდან ნელ-ნელა გიახლოვდება, წრის ცენტრში ზიხარ, რაც უფრო ახლოა, მით მეტად ხმაურობს, სწორედ ამ დროს შენ ბოლომდე უწევ რადიოს, “და-რა-რა-რაი… ოცნებები ჩემი რეალობაა, განსხვავებული რეალობა, იქნებ ჩემმა სისულელემაც გადაიაროს და შევძლო განვასხვავო ერთმანეთისგან…”

ცის ცქერას ვერ გადავეჩვიე, იცი? ასე თავიდანვე რომ მოგვდევს რაღაცები, ნელ-ნელა, გზადაგზა, რომ აღმოვაჩენთ მის გარეშეც შეგვძლებია ცხოვრება და სხვა არაფერი ყოფილა თუ არა მავნე ჩვევა, ასე ვხედავ ცის ცქერას და ჯერ ვერ გადავეჩვიე. ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პირდაპირ გავიხედავ თუ ზემოთ, როცა ჩემს გვერდით არაფერია ახალი სანახავი, ყოველ შენობას ორჯერ მაინც ჩაუვლი ერთი დღის განმავლობაში, ერთფეროვნება სულს გიხუთავს. დილით იღვიძებ, ერთს მაგრად ისუნთქავ და მომენტში დაუსრულებელი სპაზმი საღამოს სრულდება, ფანჯრებიდან, ყველა ღიობიდან მოიპარება საღამო. აფერადებს ყველა ქუჩასა და შენობას, დგახარ შუა ქუჩაში და დილით ჩასუნთქულ ჰაერს უკან ამოისუნთქავ.

ასე ემზადები დღის განმავლობაში დაგროვილ მწუხარებასთან გამოსამშვიდობებლად, მთელი დღე შენი იყო, ახლა მე მადროვე, ჩემი ცხოვრების ეს მცირედი ისე დამიტოვე, თითქოს არაფრად ღირდეს, სამყოფიც კი არ იყოს და მე მაინც მომრჩება.

იცი ისევ რატომ მოგაკითხე? როგორც ყოველთვის, როცა ადამიანები ძალიან მომენატრებოდნენ, ყველა შესაძლო ხასიათის შტრიხითა და უნარით, როცა ისინი ისე მომენატრებოდნენ რომ ვერ გამეგო საით წავსულიყავი, შენ ყოველთვის ერთ ადგილას მელოდი და ეს გაყინული ტერიტორიაა ჩემი ხეტიალის საბოლოო წერტილი. მაგრამ ახლა სახლში იძულებით გამოკეტილს, მხოლოდ იმიტომ რომ ისევ ვიხილო ყველა მილიარდობით სხვებისგან განსვავებული მზის ჩასვლა, თითქმის სამი კვირის წინ ჩასუნთქული ჰაერი ისევ აქ მაქვს, ფილტვებში დაგუბებული და როცა საბოლოოდ მას ვიხილავ, ეს ამოსუნთქვა იქნება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე თავისუფალი და ტკბილი, რაც კი ოდესმე ამომისუნთქავს.

დარაბებს მიღმა გაზაფხული ხომ იმედს ნიშნავს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: