შიგთავსზე გადასვლა

მოლოდინი

თებერვალი 7, 2019

f49627ea96101ea7a1243911660e9556სიჩუმეა და არაფერი ხდება,  ნიშნავს – არსებობას აზრი არ აქვს, იკარგები და უჩინარდები, როგორც ხანძრის შედეგად გადამწვარი ადგილის ფერფლი ჰაერში ქარის მიერ მიმოფანტული. ყველა ლოკაციაზე, სადაც ეს დღეები გადაადგილდები, ცოტ-ცოტა რჩები და არც კი იცი, როდისღა ჩამოცვივდები ბოლო ნამცეცებად.

აზრი, რომელსაც ყველაფერში განუწყვეტლივ ვეძებთ, ახლა მხოლოდ ძველი ჩვევაა და ვეღარ ვივიწყებთ.

თუ შენ იკითხავ, რატომ ბედნიერებისას არ მახსენდები, პასუხად სიჩუმეს მიიღებ. ჰოდა აიღე იგი და მიუჩინე შესაფერისი ადგილი, სადაც გინდა იქ გაიყოლე, გულის ჯიბეში შეინახე, ეცადე უკან გადააგდო – წინ დაგხვდება, ზემოთ აისროლე – ქვემოთ დავარდება, ყუთში გამოკეტე – კარს გააღებ და იქ იდგება, როცა გარეთ გასვლას და ბედნიერებით ტკბობას შეეცდები.

შენი აზრით ხვალ თოვლი მოვა? ასე გადავწყვიტე ამ ზამთარს, აზრების ნაცვლად ფიფქების ძიება, ველოდები და სადაც ვდგავარ, იქ არ ცვივა. ზამთარი, თითქმის, ისე გავიდა, მხოლოდ ორჯერ გადმოყარა სიფრიფანა თეთრი ფიფქები, შიშველი სახით ავყურებდი ზეცას ბედნიერი, ყოველი ცივი ფიფქის დაცემა ჟრუანტელს მგვრიდა, მთელი თვე ძლივს ვიმყოფინე ეგ ემოცია, ისე ვიზოგე, როგორც ჩვენი მოგონებები წლების განმავლობაში. იმდენი ვაგროვე და ერთი თვე ძლივს გამატანინა.

შეიძლება ვდუმდე, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ გიახლოვდები. თუნდაც ამინდის პროგნოზში თოვლი არ იყოს. დამავიწყდა კიდეც რით დაიწყო ეს ამბავი, რა მომაქვს ან მაქვს მოსაყოლი, არც არაფერი, ეს სიჩუმე ყველგანაა, შევეჩვიე და ამბების მოყოლა გადამიყვარდა, თუ არ გისმენენ, რა აზრი აქვს. სხედხართ შენ და სიჩუმე დარაბებს მიღმა, მქრქალად განათებულ ოთახში და საყვარელ მომენტებს იხსენებთ, როგორ იყო მაშინ რომ არ გალაპარაკა და რაღაც დაკარგე, მეორედ რომ სხვამ დაკარგა და მაინც არ გალაპარაკა? მესამედ რომ დააპირე სიტყვის თქმა, გადაგაფიქრებინა და ისე მოგწამლა იმ სიტყვამ, დღემდე ვერ მომჯობინდი. სადღაც სხეულზე ჭრილობასავით აგკვრია, დროდადრო გიღიზიანდება და გექავება, თავს გახსენებს ისევ აქ ვარ და არ დავამდები გაჟღერებამდეო. ასეთი მარტივი სიტყვები ყოველ დღე მილიარდობით ითქმის, მრგვალი დედამიწის ყველა კუთხეში ჟღერს და ამ წინადადებასავით უცნაურია, რომ არსებობენ ადამიანები და ასე ემძიმებათ გააჟღერონ.

ავტობუსში ნაცნობი შემხვდა, მგონი სულ ფიქრობდა, რომ ამქვეყნად წიგნების მეტი არაფერი მაინტერესებს, ახალი მწერალი გაუცნია, “ვერ დავიჯერე, ისე ესმის ამ მწერალს ჩემიო” – პათეტიკურად გადმომცა, აი, მე კიდევ სულაც არ გამკვირვებია, მითუმეტეს რომ ის მწერალი კარგა ხნის გარდაცვლილია. ექვსი გაჩერება არც ისე ბევრია, მაგრამ როცა დიალოგი უინტერესოა, უფრო სწორედ, მონოლოგი, შენ და სიჩუმე კიდევ უფრო ახლოვდებით.

თუ ცას არ შეუძლია ფიფქები ასე მარტივად ყოველ ჯერზე გადმოყაროს, არაუშავს თუ გვიჭირს. არ იცი, როგორ არ მიყვარს სიცივე, მუხლები, ტერფები, თითები საშინლად მტკივა ფიფქების მოლოდინში. როცა ფიზიკურად გტკივა დანარჩენზე ნაკლებად გეფიქრება. თვალები გეხუჭება და ძილი სიზმრების გარეშე მოდის. დილით კი ისევ სიჩუმეს ჩახუტებული იღვიძებ, ისევ – უთოვლო ქალაქში, ისევ – ტკივილით.

როცა ყველა ტკივილთან და სიჩუმესთან თავს კომფორტულად იგრძნობ, ითოვებს.

No comments yet

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: