შიგთავსზე გადასვლა

როცა მზე ჩავა და წვიმის სეზონი დაიწყება

აგვისტო 21, 2018

Screenshot_20180821-022105_1როცა მზე ჩავა და წვიმის სეზონი დაიწყება,
სად იქნები მაშინ?

ფიქრობ რომ გავქრი? აღარ ვარსებობ. მაგრამ მე აქ ვარ; ვწერ და ვშლი, ვასრულებ და არ ვაქვეყნებ. ზაფხულის დღეები ცხოვრებიდან შემოდგომის სიცოცხლეგამოცლილი ფოთლებივით მცვივა. შენ ფიქრობ, რომ მეც უნდა ვიპოვო ჩემი ადგილი ამ სამყაროში, მე კი არ მესმის, რატომ უნდა ვეკუთვნოდე ერთ ადგილს. ქაოსი ჩემი ნაწილია, გონებაში ათასობით აზრი მწერებივით მიფუსფუსებს და არ შემიძლია ფიქრი შევწყვიტო. ისინი ცოცხალი ორგანიზმები არიან, იბადებიან, ვითარდებიან, მრავლდებიან და აღარ იხოცებიან.

სად? – სად ხარ ახლა. უცნაურია, ადამიანები ქმნიან ადგილებს, არქმევენ სახელებს, ანიჭებენ მნიშვნელობას. მაგრამ ადგილი, სადაც პირველად გნახე მათ შორის ყველაზე გამორჩეულია და არაფრით განსხვავებული დანარჩენი ქუჩებისგან. თუ პირდაპირ გეტყვი რომ საქმე ადგილში არაა, მაინც ვერ გაიგებ. შეიძლება ზუსტად გახსოვდეს, რამდენი საფეხური ჰქონდა კიბეს, რა ფერად იყო შეღებილი შენობები, რამდენჯერ დაიყეფა ძაღლმა რომელიც ავტომობილის ძრავის ხმამ იქვე მიძინებული გამოაფხიზლა. მე სხვანაირდ მახსოვს; მახსოვს სიცივე, თვალების წვა, შენი ხელის ბოლოჯერ შეხება, თავის დახრა და დაპირება, რომ გონს მოვეგებოდი, სისულელეებზე აღარ ვიფიქრებდი, დროს პროდუქტიულად გამოვიყენებდი და საკუთარ რესურსებს არ გავანიავებდი.
ახლა მცივა, ტერფებზე თითებს ნახევრად ვგრძნობ. ჭიქაში ჩაი გრილდება, არ ვეხები, სულ ცოტა, კიდევ რამდენიმე წუთი მინდა ვგრძნობდე იმ ქუჩაზე, ისევ იმ დღეს თავს. ვიდრე ისევ ჩემ ადგილზე დავიწყებ ფიქრს, რომლის გარეშეც შენიანად ვერ აღმიქვამ. რამდენად უნდა გემგვანო, რომ მოგეწონო, მიხვდე, სადაც არ უნდა ვიყო, ამ საყმაროში უადგილოდ მოხეტიალე, მხოლოდ ადამიანი ხარ ჩემი უსაფრთხო სავანე.

რა? – რა ვიცი ადამიანების შესახებ. თვალების ფერი. ლამაზი, თეთრი სახე და თითები გაქვს. როცა ნერვიულობ, თავს მარჯვენა ხელს აყრდნობ და  დუმხარ. სვამ და მღერი, კარგად მღერი. მერე მიდიხარ და მუსიკას წერ, სევდიანს, თუმცა არავის მოსწონს და მერე მაჟორში გადაგაქვს ყველა ნოტი. ცოტა ამსუბუქებს მელანქოლიას დანარჩენების ღიმილიანი სახეები, ასე არ არის? როცა იღიმი საეჭვო არ ხარ, ტვირთი არ ხარ, კარგია შენ გვერდით ყოფნა, რაც უფრო მეტად ღიმილისმომგვრელი ხარ, მით მეტი ფუტკარი გეხვევა, როგორც კი ნექტარი გამოგელევა, ჩვენ ვიცით რაც ხდება და ეს მტკივნეულია. შენ არჩევანს აკეთებ. სხვები უნდა იღიმოდნენ.

როდის? – ადამიანი მზის სხივია. ალბათ, ამიტომაც აგვიანებს. რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებდი, მხოლოდ ტრაგედიებზე საუბრობდნენ, თან თეფშზე დარჩენილ ცოტაოდენ ბოსტნეულს ჩანგლით ვათამაშებდი, მოლოდინი აუტანელია. ვიდრე იცდი, აუცილებლად ანადგურებ რამეს, იქნება ეს ბოსტნეული თუ ადგილი, რომელზეც გაუნძრევლად დგახარ. უარეს შემთხვევაში – საკუთარ თავს. როდის? და რამდენი დრო გჭირდება რომ ჩემამდე მოაღწიო?

თუ შენ მეხმარები ამქვეყნად საკუთარი ადგილის პოვნაში, მე აუცილებლად ვიპოვი მას, როცა მზე ჩავა და წვიმის სეზონი დაიწყება – აღმოვაჩენ, რომ შენ გვერდით ის არ არის.

One Comment leave one →
  1. სექტემბერი 6, 2018 17:33

    საოცარია…😱

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: