შიგთავსზე გადასვლა

შემოდგომა

სექტემბერი 29, 2017

2295fdf35af5b1507ca7c81982be4ec0

უნდა დამეწერა რამე. ასეთი დღეები დგება ხოლმე, როგორც სამყაროში შემოდგომა და ფიქრები გახუნებული, სიცოცხლეგამოცლილი ფოთლებივით ცვივა და ცვივა. თუ ოდესმე ისწავლიან, როგორ შეაჩერონ ეს მოვლენა, ალბათ, მაშინ ადამიანები სულ სხვანაირი ფიქრებით იქნებიან შეპყრობილი, რომლებიც მათ არ უკავშირდება და ემოციებისგან იმდენად შორსაა, რამდენადაც ეს სამყარო იმ სამყაროსგან.

დღეს რომ გაწვიმდა ვერ გავიგე, იმდენად გადაღლილი ვიყავი. ნახევარი დღე მეძინა და მეორე ნახევარი იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეძინა ამდენი ხანი. ზაფხულის შემდგომი სიცარიელე ამოუვსებელი გრძნობაა, სადღაც გახვრეტილია და წვიმა შემოდგომაზე უშედეგოდ ცდილობს ამოავსოს.

მეძინა და სახეზე თბილი მზის სხივების შეხებას ვგრძნობდი, თითის წვერებს ისე ფრთხილად ათამაშებდა თვალებიდან ლოყაზე, ლოყიდან – ცხვირსა და ტუჩებზე, არსებობას ისევ სასიამოვნოს ხდიდა. მინდვრის ყვავილების სურნელი ნესტოებზე მიღიტინებდა, ნელი სიო ჭადრებს აშრიალებდა, ჩიტები კი ჭიაყელებს ბუდეებისკენ ეზიდებოდნენ. მინდვრებში ფუტკრები ზუზუნებდნენ, ენაზე იმ ზაფხულს შენახული თაფლის გემო მომივიდა. ჭრიჭინები შეუსვენებლივ აფრთხობდნენ ქვეწარმავლებს. როცა მოიღრუბლებოდა, მხიარულად შევეფარებოდით ერთმანეთს და ვიმღერებდით ჩვენ საყვარელ სიმღერებს; Close to you, Amapola, Amie..  სულ ვფიქრობდი, რომ ეს სიმღერა Annie-ზე დაწერა, მაგრამ Amie დაარქვა იმ მიზეზების გამო, რომლებსაც ვერ ვამბობთ ხოლმე და ეს ჩემი ფიქრები ყველა სიმართლეზე მაღლა იდგა, როცა ვუსმენდი და ჩემი სახელი მესმოდა.

და ქარი ისევ გაფანტავდა მათ, მზე კი შუადღის ძილისგან გამოიღვიძებდა, თვალებს გაახელდა, ჩვენ მხიარულებას ინტერესით ჩამოხედავდა.

დაღამდა და მეც გავიღვიძე ისევ შემოდგომაში. სიცივე არ მიყვარს, საერთოდ არაფერი მიყვარს, რაც მახსენებს, რომ მარტო არსებობა რთულია. რაც გაიძულებს ბევრი იფიქრო და კიდევ უფრო ნაკლები იმოქმედო, ვიდრე ჩვეულებისამებრ. ილუზიებს აჰყვე, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროს. საკმარისია ზაფხული გავიხსენო, გამახსენდეს ზღვის სუნი, მთის სიგრილე, ჰამაკში მარტო ნებივრობის ბედნიერება, რომ ილუზიებს ვჩაგრავ. ამაყი ვარ საკუთარი თავის წინაშე, რომ ამ შემოდგომაზეც გავუძელი, იმედიანად, რომ ამ ზამთარსაც გადავიტან, ისე რომ არ ვიქნები ყალბი სხვა ადამიანის წინაშე და არ იქნება ჩემ წინაშე ყალბი ადამიანი. არ ვიქნებით ჩვენ ორნი გარემოების მსხვერპლი, წელიწადის დროებივით დროებითი. როცა ზაფხული აღარ მოიტანს ბედნიერებას, ჩვენ თავად ვიპოვით მას, რომელსაც მოჰყვება ზამთარში დაშაქრული თაფლის გემო ენაზე.

ძილის წინ ასკილის ჩაი მოვადუღე, ამინდის პროგნოზს ჩავხედე, საწვიმარი და თბილი წინდები გავამზადე. ბალადების კოლექცია დაბალ ხმაზე ჩავრთე და  “დუბლინელების” კითხვა განვაგრძე. ფანჯრებს მიღმა ჩუმად წვიმდა, ბნელოდა, ნაწვიმარ ქუჩებში არეკლილ განათებებს აქა-იქ არღვევდა მოსეირნე ახალგაზრდების ჩრდილები და მხიარული საუბარი, რომელთაც მე არასდროს შევერთებივარ..

No comments yet

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: