Skip to content

რა გვრჩება, როცა გვტოვებენ?

მარტი 29, 2017

largeყველაზე მეტად იმან გააღიზიანა, თუ როგორ ნელა დახურა კარი. უნდოდა ეთქვა ან სულაც, ისე ეჩხუბა, რომ ბრაზისაგან ფილტვები დახეთქვოდა, ოღონდაც, მისგან მოესმინა მიზეზები, გაეჟღერებინა მისი ნაკლები, მერე კი ეპასუხა, რომ ყველაფერს გამოასწორებდა. არა, სულაც არ უნდოდა ლაპარაკი, არამედ, კატასავით ზედ აკვროდა, ზედმეტი სიტყვების ნაცვლად ეგრძნო, ასე სთხოვდა დარჩენას.

არ შეიძლება ჩუმად ადგე და წახვიდე. სხვას კი დაუტოვო ეჭვები, რომლებიც კარგა ხანს გაჰყვებიან ღამის კოშმარებად. არაფერი შეიძლება გააკეთო ისეთი, რაც ვნებს ადამიანს, ვინც ერთ დროს მზე იყო შენ ყოველდღიურობაში, თუნდაც დაზამთრდა.

ვართ კი მადლობელი, რადგან ისე სწრაფად დაგვტოვა, არც საშუალება და არც დრო მოგვცა, მის წინაშე თავი დაგვემცირებინა. ან კი, რამდენი წუთი გვეყოფოდა, რათა გადმოგველაგებინა ყველა ის ემოცია და შეგრძნება, რომლებიც თვეებისა თუ წლების განმავლობაში განგვიცდია მის გვერდით? შენც დაიწყებდი და მერამდენე წუთს მიხვდებოდი, რომ აზრი არ აქვს, როცა მის სახეს უყურებ აშკარაა – არაფერი ესმის, რადგან თვითონ არასდროს განუცდია იგივე, როცა შენ სახეს უყურებს. რამდენადაც არ უნდა ჰგავდნენ ადამიანები ერთმანეთს, განცდები არ მეორდება.

მერე გაუშვებდი. შეგძულდებოდა, პირველად დაინახავდი მასში უმადურ და ეგოისტ ადამიანს, სრულიად უცხოს. რომ შეიძლებოდეს, მოგონებები შეაგროვო, ჩემოდანში ჩაალაგო და ის ერთიც აჰკიდო, გააკეთებდი ამას? და შენს ვინტაჟურ პერანგებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ასდით უცხოს სურნელი; ღია ფერის კბილის ჯაგრისს, რომლებსაც წესით გოგოები ირჩევენ, იმან კი პირიქით გაიძულა; კედელზე გაკრულ მის საყვარელ არტისტებს, რომლებსაც შენ წინაშე მუდმივად უმხელდა გრძნობებს, მერე გიტარას მოგაჩეჩებდა და გთხოვდა გემღერა აი, ის სიმღერა, წინა კვირას შემთხვევით რომ მოისმინეთ რადიოში ანუ დაგეწერა სრულიად ახალი სიმღერა, რადგან არცერთს გახსოვდათ, როგორ ჟღერდა; მისი საყვარელი ყვავილები: აყვავილებული კაქტუსები და ფანჯარაში შემოჭრილი ჭადრის ხის შრიალი. შეიძლება ჩაგეტია კიდეც ერთ ჩემოდანში, მაგრამ გაატანდი იმ ყველაფერს, რაც შენი ნაწილიც იყო მთელ ამ ამბავში?

ოთახში მარტო დარჩენილი, ვეღარც ხვდები, რა გავიდა შენი ცხოვრებიდან. ეს ის არაა, რასაც იცნობდი, რასაც რწყავდი და ზრდიდი, ვიდრე არ გახსოვდა ნიადაგი, რომელზეც ყველაფერი ვერ ხარობს. გაუთავებლად საუბარში გავიწყდებოდა ყური დაგეგო მისი მობეზრებული სუნთქვისათვის. მხოლოდ საკუთარი თავი გყავს, რომელიც ახლაც ვერ ხვდება, რომ ცალმხრივობა არ არსებობს. ადამიანები უბრალოდ არ დგებიან და მიდიან.

ერთ მზიანი გაზაფხულის დღეს მოგბეზრდება თავის მოჩვენება, თითქოს ისევ განიცდი. მადლიერების გრძნობა გაიძულებს გაიღიმო, რომ არ დაგაცადა იმ სიცრუის სიმართლედ მტკიცება, რასაც შენზე ადრე მიხვდა. ყოველთვის გემახსოვრება, როგორ ფრთხილად მოხურა კარი, ბოლო მომენტამდე არ დაუკარგავს შენი სიყვარული.

არ თქვა უარი საკუთარ თავზე, უბრალოდ ისწავლე სხივების კონტროლი, რათა ადამიანები არ დააბრმავო.

Advertisements
No comments yet

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: