Skip to content

არა შემთხვევითი შემთხვევითობა

May 16, 2015

შეაღებ თუ არა ძია პაველის სახლის კარს, კედელს ეჯახები. იგი ამბობს, სტუმარმა სახლში შემოსვლისთანავე უნდა იგრძნოს, რომ აქაურობის პატრონი ბარიერებს უწესებს ყველაფერშიო. არასდროს მესმოდა, რა ბარიერებს გულისხმობდა და ისე გარდაიცვალა, ვერც მოვასწარი მეკითხა. იმ უზარმაზარ თეთრ კედელზე, ერთი საშინელი სურათი ეკიდა, კიდევ უფრო საშნელ ჩარჩოში ჩასმული. ნახატზე, ლურჯ-შავი ღრუბლებისა და უზარმაზარი მთების ფონზე, ყორანი იყო გამოსახული, რომელიც ადამიანის მძორს ძიძგნიდა. ჰორიზონტზე, მთებს გადაღმა კი, ოდნავ იპარებოდა მზის სხივები. ეს არ იყო ერთადერთი ნახატი მის სახლში, ხელოვნება კი, ნამდვილად, მისი სამყარო. სახლი რომ შეიძინა, სიცარიელე ყველგან შეავსო, ნახატებით, ქანდაკებებით, მუსიკალური საკრავებით. თუმცა, არც ხატვა იცოდა, არც ძერწვა და არც რომელიმე საკრავზე დაკვრა. ვიზუალურად თვითონ სახლიც საშინელებათა ფილმებიდან გადმოტანილ დანგრეულ, მიტოვებულ, ხავსითა და სუროთი დაფარულ სახლს, ერთი სიტყვით, დრაკულას საცხოვრისს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფილოსოფიის დოქტორისას. ისე კი, დრაკულას მუდმივად მაგონებდა, განსაკუთრებით, თავის საყვარელი ღვინის ჭიქით, რომელიც მუდმივად სავსე იყო სისხლისფერი მერლოთით.

საუბარი მაინცდამაინც არ უყვარდა. ხშირად მიმეორებდა, ჩემი საქმე ჯერ ფიქრია და როცა მომესურვება ლაპარაკიო. ჩემი სტუმრობა მხოლოდ იმიტომ ახარებდა, რომ ღვინო მიმქონდა ხოლმე. რატომ ვაკეთებდი ამას, პასუხი არ მაქვს. მისტიკამ ასე იცის, გიზიდავს და რაც უფრო იხლართება საქმე, მით მეტი კმაყოფილება გიპყრობს, რომ თავიდანვე მისკენ აიღე გეზი.

პაველი ჩემზე 20 წლით უფრო იყო, რომ გარდაიცვალა 45-ის. მისი ცხოვრების მხოლოდ თხუთმეტი წელი მახსოვს და არცერთი დასრულებული დიალოგი მასთან. მხოლოდ საკუთარი აზრის დაფიქსირება უყვარდა, შენ რას ფიქრობდი ნაკლებად აინტერესებდა. ახლა ვფიქრობ, რომ მისი მსგავსი ადამიანები მხოლოდ არსებობენ საკუთარ სამყაროში გამომწყვდეულები, თავიანთი ხელშეუხებელი შეხედულებებით და მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს აბრალებენ, რომ სურს თავისუფლება წაართვას. ამასობაში, ავიწყდებათ, რომ დრო შეზღუდული აქვთ, მათ ირგვლივ ცხოვრება მიედინება, რომელსაც ტოვებენ, ის კი ასეთი მშვენიერია. თავისუფლება კი სხვისი აზრის გაზიარებაშია, ზოგჯერ საკუთარის გადაფიქრებაშიც.

ერთადერთი ცოცხალი არსებები, რომელზეც მგონი საკუთარი ცხოვრების განმავლობაში უზრუნია, თევზები იყვნენ. უზარმაზარი აკვარიუმი ედგა მისაღებ ოთახში. სქელი, წვრილი, ულვაშა და უკუდო თევზებით სავსე, წყვილებად ჰყავდა. უკანა ეზოში მათთვის სათითაოდ გაეკეთებინა სამარხები, ზედ სახელებით, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებით, მაოცებდა ეს ადგილი, სხვაგან არსად მინახავს თევზების სასაფლაო.

საბოლოოდ, ვერ ვიტყვი რომ პაველი მოსაბეზრებელი ტიპი იყო. ვხვდები, მისი საცხოვრებელი გარემოს აღწერით და ერთი-ორი ფრაზის ციტირებით, ისე გამოვიდა თითქოს იყო, მაგრამ – არა, იგი იყო ყველაზე საინტერესო ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, შევნატროდი მის ცხოვრებას. რაც უფრო მეტ ღონისძიებას ვესწრებოდი, ვერთვებოდი საჯარო აქტივობებში და მითუმეტეს, მივდიოდი მეგობრებთან ერთად გასართობად, კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მინდოდა ერთ დღესაც ძია პაველის ადგილას აღმოვჩენილიყავი. დამესრულებინა მისი ბიბლიოთეკის კითხვა, ჩავმჯდარიყავი მის სავარძელში და მომესმინა სოლომონ ბიურკისთვის, ვიდრე წითელ ღვინოს შევექცეოდი.

პაველის დაკრძალვის დღეს არც არავის ველოდი. დედაჩემი და მე შევადგენდით პროცესიას. დედას თეთრი მიხაკები ეყიდა. ყველაფერი რომ დასრულდა, დედა სახლში დაბრუნდა, მე კი რატომღაც ცოტა ხნით დარჩენა გადავწყვიტე. ვერ ვიჯერებდი, რომ ისეთი მშვიდი კაცი, როგორიც პაველი იყო, გულის შეტევით გარდაიცვალა. წამოსვლისას ერთხელ ინსტიქტურად მოვავლე თვალი სასაფლაოს და იქვე ხესთან შავებში ჩაცმული ერთადერთი ქალი დავინახე, რომელიც აღმოჩნდა რომ მე მიყურებდა. ქალმა გაიღიმა. ასეთი ღიმილი ცხოვრებაში არ მენახა. ვერ ვიტყვი, რომ ასაკით უფროსი ქალბატონებისადმი მუდმივად მიზიდულობით გამოვირჩეოდი, თუმცა დანამდვილებით ვერც იმას ვიტყოდი, რომ ჩემზე უფროსი იყო, უბრალოდ, ამ ქალის ნაოჭებში თვალების ირგვლივ, ფოსოში მარცხენა ლოყაზე და შრამში მის ზემოთ, იყო ისეთივე იდუმალი რამ, რაც ძია პაველის ხასიათში და რაც ყოველთვის სცდება ჩვენი განცდების სიტყვებით გამოხატვის უნარს. ქალი მომიახლოვდა და წითელი ვარდი, ძია პაველის საფლავზე დადო. ჩაწითლებულ თვალებზე ეტყობოდა, რომ ეტირა. ამასობაში, ისე დავმსგავსებოდი ბიძაჩემს, საუბრის დაწყების სურვილი ვერ ვიპოვე ჩემში, თუმცა ცნობისმოყვარეობა ისევ აქ იყო.

“უბრალოდ წარსულის მოჩვენება..” – მითხრა ქალმა თავისით, როცა ამომხედა, მერე ისევ სევდიანად გაიღიმა და წავიდა. ზედმეტი იყო ერთი დღისთვის, ფიქრის თავი აქ მქონდა. ბიძაჩემის სახლი დღეიდან მე მეკუთვნოდა და იქ დავბრუნდი. სახლშ შესვლისას ყორანი შემომეგება, სულ მინდოდა ეს ნახატი აქედან მოეშორებინა, მაგრამ ახლა მომეწონა კიდეც.

პირველად მის ოთახში ავედი. მოსამსახურეს ისე დაელაგებინა, რომ მისი ნივთები არ გადაეადგილებინა, ყოველთვის ასე სთხოვდა დალაგებას, მხოლოდ მტვერის მოშორებას. საწოლის თავთან, პატარა ყავისფერი წიგნაკი შევამჩნიე, აქამდე არ მენახა. მივუახლოვდი და პირველი გვერდი გადავშალე, წარწერა ჰქონდა გაკეთბული, ძიას ხელი ვიცანი

“ვიცოდი, რომ ამ ღიმილამდე რაღაც იყო, მაგრამ აღარ მახსოვდა კი რა..”

 

აღწერილი ღიმილი მეცნო. თითქოს იგივე ვიგრძენი, იმ უცნობი ქალის ღიმილის დანახვისას. პაველი მუდმივად ფიქრობდა, მაგრამ არამც თუ საუბარი, წერაც კი შესძლებია თურმე. მეორე გვერდი თარიღით იწყებოდა,

“1974 წლის, 24 ივნისი

ჰექტორთან მისი დეიდაშვილი ჩამოვიდა სტუმრად, ცხოვრებაში არ მინახავს, ასეთი ლამაზი გოგო, მიუხედავად იმისა, რომ ლოყაზე უშნო შრამი აქვს, უშნო ჰექტორმა უწოდა, თორემ მე ის შრამიც მომეწონა..”

ასე იწყებს თავის დღიურს 16 წლის ძია პაველი და მეც საოცარი სისწრაფით დავხურე იგი. ვიცოდი, რომ ამის მორალური უფლება არ მქონდა, წარმოვიდგინე კიდეც, როგორ კითხულობდა სხვა ჩემს დღიურს, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ეთიკასაც გავიწყებს. დღიური ხელში მეჭირა, თითქოს მისი ტყავის გარეკანი იწვოდა და ტემპერატურას მთელს სხეულს გადასცემდა, სინდისი ჩემში გაჰყვიროდა, “გააგდე ხელიდან, სხვისი ფიქრები და საიდუმლო, გაიხსენე ბარიერები!”, მეორე მე კი დამცინავად შემომყურებდა – “ის ხომ გარდაიცვალა, მისი სხეული მიწიდან ქვემოთ 6 ფუტზეა, სული კი.. კაცმა არ იცის, არსებობს თუ არა ასეთი რამ დანამდვილებით. იგი ვერაფერს გაიგებს და რომც გაიგოს ამით არაფერი შეიცვლება, შენ არ აპირებ სხვისთვის წაკითხულის მოყოლას..” – მერე ის ქალი გამახსენდა სასაფლაოდან, რა თქმა უნდა ვიცანი, ასევე მივხვდი, როგორ ვგავდით მე და ძია ერთმანეთს ან უფრო როგორ დავმსგავსებოდა მას, ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში. ისევ ქალის სახე მომელანდა და დღიურის ბედიც გადავწყვიტე. სახლიდან სწრაფად გავედი თევზების სასაფლაოზე, ორმო გავთხარე, შიგ ჩავაგდე და მიწით დავფარე. გადავწყვიტე, რომ თუ ქალი იმ დღეს იქაც მოვიდოდა, დავუბრუნებდი, მაგრამ არ მოსულა.. ან მე ვერ შევნიშნე.

აი, მერე რა მოხდა ესეც არ ვიცი ზუსტად, როგორც მთელი ამ ისტორიის ჩახლართულობა ვერ ამომიხსნია, რადგან დღიური არ წავიკითხე.

სახლი ბოლოჯერ შევათვალიერე, პატეფონზე დატოვებული სიმღერა დავატრიალე, “Sweet Caroline” იყო. ცოტა ხნით ძია პაველის სავარძელშიც ჩავესვენე, მისი ჭიქა წითელი მერლოთით პირამდე შევავსე და პირველი ყლუპი მოვსვი თუ არა მივხვდი, რომ მისი ცხოვრება ნამდილად იყო თავისუფლება, მხოლოდ ამ თავისუფლებაში მოიაზრებოდა მუდმივი სიცარიელე მის ნივთებით გამოტენილ სახლში.

იმავე საღამოს საშინლად იწვიმა. დღიურის წაკითხვა რომც მომესურვა, აზრი აღარ ჰქონდა და მეც საბოლოოდ დავმშვიდდი. რამდენ მომენტი გვგონია ცხოვრებაში შემთხვევითობა, იქნებ სულაც არაფერი ხდება შემთხვევით, ყველაფერი გეგმიური სიზუსტით მიმდინარეობს და ჩვენი ცხოვრებაც ერთი დიდი არა შემთხვევითი შემთხვევითობაა. საკუთარი თავისა და ცხოვრების გადარჩენის მიზნით, ძია პაველის ხავსიან და სუროთი დაფარულ სახლში აღარასდროს დავბრუნებულვარ, რწმენით, მისთვის სულერთი იყო, ვინ იგონებდა ამის შემდეგ ან თუ არ იყო, ყველაზე ლამაზ გოგოს, ვინც კი ცხოვრებაში უნახავს ჯერ კიდევ ახსოვდა, “და თუ გახსოვარ შენ, სულერთია ვინ დამივიწყა.” – გაიფიქრებდა პაველი, რადგან ასე მე გავიფიქრე.

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: