Skip to content

სულის გამჭვირვალობა

May 2, 2015

“და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.”

ხდება ხოლმე, შეხვდები ადამიანებს, რომლებიც ისე მოგაშტერდებიან თითქოს შენი დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, შეხედავ მათ სახეს და მერე მთელი დღე თან დაგყვება, ცდილობ გაიხსენო, სად გინახავს ბუდეებში ღრმად ჩამჯდარი ნუშისებრი ფორმის თვალები და ღია, იისფერშეპარული სავსე ტუჩები, მაგრამ უშედეგოდ.

რაღაც ამდაგვარი მზერა ჰქონდა ადელაიდას, პირველად რომ დავინახე. მომშტერებოდა თვალებით, რომლებიც სხვადასხვა ფერის იყვნენ, ერთი მუქი ლურჯი, მეორე – შავი. მაშინ ვიგრძენი სულის გამჭვირვალობა. ასევე მზერის ძალა, მით უფრო იმ თვალების.

ადელაიდა თვითონ შევარქვი. სახელებს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, როგორც თვალებს. თუ თვალები სულის სარკეა, მაშ სახელი შენი ცხოვრების ანარეკლი ამ სარკეში. უმიზნოდ შეკოწიწებული ასოები, მთავარია ჟღერადობა. სულ ესა ვართ ჩვენც და ჩვენი ცხოვრებაც.

მაშინ ჩავთვალე, რომ ამ მზერის პატრონის მთელი ცხოვრება ადელაიდას ჟღერადობას ჰგავდა. მსუბუქი და მძიმე ბგერების მონაცვლეობას, ლურჯ-შავი ფერებს.

ახლაც თან მსდევს მისი თვალები და სულის იქეთ იყურებიან, სადაც ყველა ფიქრი ბინადრობს, რასაც გონებაში გაუვლია და ხმამაღლა საკუთარ თავთან მარტო ყოფნის დროსაც კი ვერ გამიჟღერებია. ვიცი, მაშინ ამოიკითხა ადელაიდამ, მრავალფერ ზღვის ქვებსა და გაუხსნელ ნიჟარებზე, მარგალიტებს რომ ინახავდნენ, მოლუსკების ლეშებთან ერთად. მართალია, ჩემი ოთახი ყარდა მათი წყალობით, მაგრამ მთელი ჩემი სიმდიდრე იყო, რომელიც საბოლოოდ, დიდი ბრძოლის მიუხედავად ჩემს მშობლებთან, მაინც ჩამომართვეს, როცა მატლები დაესია. ვაღიარებ, ბოლო დღეებში იმდენი იყვნენ, ჩემს ოთახსაც გაცდნენ, ფუსფუსებდნენ და მრავლდებოდნენ დღითიდღე, მაგრამ რომელი მშობელი ართმევს შვილს ერთადერთ სიმდიდრეს?! მოკლედ, ეს ამბავი ორ თვესაც არ გაგრძელებულა.

“-რა ჯანდაბად მინდა დამსხვრეული ნიჟარები და გამოცალკევებული მარგალიტები?!” – პირველად ავუწიე ხმას მშობლების წინაშე, კარიც პირველად გავაჯახუნე და თავი ზრდასრულადაც პირველად ვიგრძენი. როცა რაღაცას ბუნებრივ სახეს უზიანებ, მხოლოდ ნარჩენები გრჩება. ნარჩენებს კი განმარტება არც სჭირდებათ, არც მათ, ვინც მათით კმაყოფილდება. ამ ამბავმა ჩემი ცხოვრების პირველი, ბედნიერი ეტაპი დაასრულა და დაიწყო მეორე, მუდმივად უკმაყოფილო, მელანქოლია ნარევი განწყობის მრავალწლიანი ეტაპი. ასე გრძელდებოდა მესამემდე – ადელაიდას თვალებამდე.

ადელაიდა დაინახავდა მეზობლისგან , ყოველ ოთხშაბათობით, მოპარულ პატარა ზანზალაკებსა და შოკოლადის შესაფუთ ქაღალდებსაც, ვიდრე მათ შვილს ვპატრონობდი. ერთი წამით დაგანახათ, რამხელა კოლექცია ჰქონდათ იმ ფაშისტებს, თქვენც მოიპარავდით. ჰოდა ნახევარი წლის განმავლობაში იმდენის მოპარვა მოვახერხე, თავადაც რომ ვერ შეემჩნიათ და მეც ცალკე კოლექცია მქონოდა. შეიძლება ეს ნივთები მხოლოდ დეტალებია ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ რამდენი თქვენგანი ვერ აცნობიერებს დეტალების უდიდეს მნიშვნელობას, ვიდრე რაღაც გრანდიოზულისკენ მთელი მონდომებით მიიწევს. გზად იტოვებს მომენტებისგან მიღებულ სიამოვნებას და წვეთ-წვეთად შესაგროვებელ ბედნიერებას. ერთბაშად უფრო სასიამოვნოა მისი მიღება, განა არა?

მეც ერთბაშად და მთელი წყურვილით მინდოდა ადელაიდა. მის გარეშე თითქოს გაუწყლოება მჭირდა, სიმშრალე მთელს სხეულში და მოფუსფუსე მატლები გონებაში, როგორც მაშინ ჩემს ოთახში.

ბევრგან მომჩვენებია მისი თვალები. ხან მაღაზიის ვიტრინიდან დამაცქერდებოდნენ, ხანაც გზის მეორე მხრიდან, თუ მის კუთხეში. როგორც კი თვალს მოვკრავდი, ლურჯ-შავთვალა გოგო გარბოდა და არამც თუ უკან მოიხედავდა, არამედ უსასრულოდ უჩინარდებოდა ჰორიზონტზე. ერთხელ სამი კვარტალი ვსდიე, მაგრამ საკუთარ თავსაც და სხვასაც, მხოლოდ დრო დავაკარგვინე, ვიდრე დავეწიე და იმედგაცრუებულმა 5 წუთი ხმა ვერ ამოვიღე.

“- ცუდად ხომ არ ხართ?” – მკითხა მშვენიერმა ქალმა, მაგრამ არა ადელაიდამ. მასაც ულამაზესი თვალები ჰქონდა, თუმც ორივე მწვანე, მაინც რა უბრალო იყო ეს ქალი მასთან შედარებით. ასე წვეთ-წვეთად ვაგროვებდი ადელაიდას და თუ ოდესმე მისით საკუთარი თავის შევსებას შევძლებდი, ჩემს სიმდიდრეს აღარავის დავუთმობდი.

კიდევ რა დაინახე მაშინ ადელაიდა? ეს კითხვაც დღემდე მომყვა, მაგრამ რად გინდა კითხვები პასუხების გარეშე, ეს და სხვა უსარგებლო ბარგი დამაქვს ქალაქიდან ქალაქში, უფრო განწყობიდან განწყობაში ვმოგზაურობ. რადგან ჩემი ერთადერთი სიმდიდრე ჯერ კიდევ ბავშვობაში წამართვეს, ახლა არაფრის მქონე გახლდით, გარდა სახელისა – პი, ასე ზედმიწევნით რომ აღწერს, რა უღიმღამო ცხოვრებაც მაქვს. და მისი სამი ეტაპიდან, ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად მძულს.

***

ისტორია აქ არ დამთავრებულა. როდესაც პიმ თავის სიმდიდრეს უკანასკნელი იმედიც ჩამოაკლო, თეთრი შენობიდან მეორე თეთრ შენობაში მიდიოდა და ადამიანებით სავსე ქუჩაში, ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად ნაცნობი ადამიანი შეხვდა, ორი სხვადასხვა ფერის თვალით.

“რთულია, როცა შენი გული დაიმსახურა, მაგრამ მაინც არ გემეტება, რადგან იგი შენი ერთადერთი სიმდიდრეა..” – სულის მიღმა აზრების კითხვა ესწავლა პის.

ცხოვრების ბოლო, მეოთხე, ეტაპზე პი სავსე იყო ადელაიდათი.

თავად ადელაიდა? მას ხომ ერთადერთი სიმდიდრე წაართვეს..

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: