Skip to content

რიენონი

April 2, 2015

ღიმილით გაიღვიძა. ვუყურებ და ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ერთადერთი, კარგი სიზმარი მომდის გონებაში. ოდნავ შეიშმუშნა და ხელები ფართედ გაშალა, გეგონება, მთელს სამყაროს ჩასახუტებლად იხმობსო. ერთი ჩემს თავთან ფრთხილად ჩამოაცურა, ცივი ხელი თმებში შეაცურა, ჩემსკენ გადმოტრიალდა, თითები აამოძრავა და ტუჩის კუთხეში მაკოცა თუ არა, სწრაფად წამოიწია საწოლიდან, ფეხშიშველი, თეთრ სარაფანს მიწვდა, წელზე ისე ჩამოიცურა, თითქოს აბრეშუმის ყოფილიყოს. ერთხელ ისევ გამოიხედა ჩემსკენ და კარს მიუახლოვდა. ორივე სახელური ერთდროულად ჩამოწია, მცირეოდენი პაუზის შემდეგ ერთიანად გაშალა კარი, სახე მზეს მიუშვირა და უზარმაზარი ჰაერის მასა მონოტონურად ჩაყლაპა.

მე კი განძრევაც მეზარება. მეტიც, ის რომ არა საერთოდ არ გამეღვიძებოდა ასე ადრიანად, საათისკენ ვაპარებ თვალს, დილის 8-ის ნახევარია. ნაკლებს ველოდი, დღეს 7 საათი ეძინა, ჩვეულებრივ 5 ჰყოფნის ხოლმე. არც ვგეგმავ ადგომას, რომ არა ხმა და ვიცი ის მღერის, წესით უნდა ცეკვავდეს კიდეც, ამის გამოტოვებას ვერასდროს ვახერხებ. უსასრულოდ შემიძლია ვუყურო, როგორ მღერის და ცეკვავს მთელი არსებით. ბედნიერება მის ბედნიერებაშია.

“ყველა ვიღაცისკენ მიილტვის, ყველას სჭირდება ვიღაც, რომ უყვარდეს..” – ღიღინებს და თან ჩემს პერანგს ეცეკვება. მეცინება, მე ხომ აქ ვარ, ის კი სარეცხ თოკზე გაბმულ ჩემს პერანგს ეცეკვება.  ხელს მისი სახელოსკენ იშვერს, უცებ ეჭიდება და შემდეგ ორივე მათგანს ირგვლივ იხვევს, თვალებს ხუჭავს, აქეთ-იქეთ ირხევა და აგრძელებს,

“დიდი ხნით ადრე, ვიდრე გაგიცნობდი, უკვე შენსკენ მოვილტვოდი..

აი, ეს ხეც კი თავის ტოტებით, მზისკენ მიიწევს!

ყველა ეძებს მეგობარს, რომ შეიყვაროს..”

ხის ტოტებს ცდილობს მიწვდეს, არ გამოსდის, ახტება, ხელს მიაწვდენს, ოდნავ შეირხევა ტოტი და გაზაფხულის სურნელოვანი ყვავილები თავზე ეყრება შაქრის ფხვნილივით, მხიარულად კისკისებს, მეც სულელივით ვიღიმი მისი შემყურე.

საუზმესაც კი მხიარულად ამზადებს. მშრალ, დაკეცილ სარეცხს თაროებში ადგილს მიუჩენს თუ არა, უზარმაზარ კოლექციაში სტივი ნიქსს ეძებს, თვალები უნათდება, “რიენონს” პოულობს. ყოველთვის თავისივე ნამღერს ვარჩევდი, მაგრამ თვითონ – სტივის.

თეფშები ჩვეულებისამებრ ლამაზად დაალაგა, მაგიდა საუცხოოდ მორთო. სიმღერას ჰყვება და სამზარეულოდან ჩემი წილი სიყვარულის მისაღებად მიხმობს. კენკრის ჩაის სუნი კარის ცარიელი ადგილებიდან იპარება და თავბრუსმახვევს. ყველგან სუნს მივყვებით, ზოგჯერ რეალურს, ზოგჯერ – მოჩვენებითს. კენკრის ჩაისას ან გრძნობებისას. ორივეს ოთახში შევყავარ.

***

ისეთივე დღე გათენდა, როგორც მაშინ. მხოლოდ მოულოდნელად სიმღერა შეწყდა, ჩაცმა დავასრულე და გარეთ გავედი. არსად ჩანდა, არც ჩემს პერანგს ეცეკვებოდა, აღარც ხის ტოტებს ეთამაშებოდა. ისე შემაშინა მისმა მოულოდნელმა გაუჩინარებამ, რომ გავშეშდი, რა გამეკეთებინა? ეზოს გავცდი, ქუჩა ჩვეულებისამებრ ცარიელი დამხვდა. სახლში დავბრუნდი, ყველგან ვეძებე, არსად ჩანდა, აქ აღარ იყო.

ნამდვილი ბედნიერება გახლდათ თეთრსარაფანიანი გოგონა, ერთ წუთში რომ შენთან არის და გგონია სულ იქნება, მოულოდნელად კი სახლიდან გადის და აღარ ბრუნდება.

სარეცხი სკამზეა დაკეცილი, სულ ზემოთ ჩემი ჭრელი პერაგი დევს და გულის ჯიბეში კონვერტი ჩანს.

“ყველაზე გულუბრყვილო არსებავ, ეშ,

არ მინდოდა, მაგრამ გუნება მაქვს ესეთი, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები. ვიცი, როგორ გძულს ეს გამონათქვამი და შენი სიძულვილი სრულიად გამართლებულია, საქმე ნამდვილად შენშია, და არა – ჩემში. ისე შემიყვარდა შენს ჭრელ პერანგებთან ცეკვა, რომ არა დღეს, ვეღარასდროს წავიდოდი. მე კი სამყარო მინდა ვნახო! სრულიად შიშველი, ყოველგვარი საიდუმლოებების გარეშე. შენ კი ამ უზარმაზარი სამყაროს უმცირესი ნაწილაკი ხარ, ასეთები იყვნენ დანარჩენებიც, ეს არ ვარ მე. ადამიანებს სულის სიდიდით ვზომავ და არა სხეულის მოცულობით. და მე მაინც ვერ ჩავეტიე ვინმეს გონებაში, ისინი შემოსაზღვრულია. ყველა, ვინც გზად შემხვედრია ყოველდღიურობით ცხოვრობს. ლოგიკას ისინი, მართლაც A-დან Z-მდე მიჰყავს, ჩემი წარმოსახვა კი უსასრულობაში მამოგზაურებს. საზღვრებს ჭკუიდან გადავყავარ, მე ვერ ვიტან მათ, ვერც მათ – ვინც მათ ემორჩილება!

მაპატიე, რომ შენი სახლი უამრავი ჩემთვის ძვირფასი ნივთით შევავსე, შემდეგ კი ნაგავივით დაგიტოვე. თავიდან ნივთები თან მიმქონდა, მაგრამ მიჩვევა, თუნდაც ეს ნივთებზე იყოს, მიწასთან მაახლოვებს, ამიტომაც აღარაფერს ვიტოვებ.

ეს წერილი სამადლობელი ან სულაც სინანულის წერილი არ არის. შენ იქნები ყველაზე სულელი ადამიანი ამქვეყნად, თუ გადაწყვეტ, რომ რაც იყო, ეს დროის კარგვა იყო. მე შენ ემოციები გაჩუქე, ყველაზე ძვრიფასი რამ, რაც კი ქვეყნად მიპოვნია და მუდამ თან დავატარებ! ეს წერილი ჩემი პასუხია შენს გაუგონარ მადლობაზე, არაფრის, ეშ!

გახსოვს, რას ვღიღნებდი პირველად რომ შევხვდით, ღამით, ქუჩაში? ვიცი, გახსოვს. მე სწორედ ის რიენონი ვარ, თავისუფალი სული, რომელსაც ქარი დაატარებს წინასწარ გაურკვეველი მიმართულებით.

უბრალოდ, რიენონი.

პ.ს. გახსოვდეს, გული არ იბზარება, მითუმეტეს არც ტყდება. ის სრულიად უპრეტენზიო შინაგანი ორგანოა, რომელიც კიდევ მრავალ წელს მოგამარაგებს სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებით, ვიდრე ეძებ მას, ვინც იმედებს გაგიმართლებს. მხოლოდ ამით ვგავართ ერთმანეთს, ეშ, მეც მუდმივად ვეძებ.”

რა თქმა უნდა, “რიენონი”. მან არაფერი იცის იმის გარდა, რაც ოდესმე უგრძვნია. არც ის, რომ საბედისწეროა და რომ სამუდამოდ რჩება შენს გონებაში ქალი, რომელიც ქარმა მოგტაცა..

დამრჩა მუსიკა, რომელსაც თურმე ვერ ვიტან და უამრავი ჭრელი პერანგი, რომლებიც ახლახანს შემძულდა. ყველაფერთან ერთად, საშინლად მშია.

2 Comments leave one →
  1. April 3, 2015 21:28

    🙂

  2. April 23, 2015 17:56

    მასსავით ადამიანები სამყაროს პატარა საოცრებები არიან))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: