Skip to content

მესამე

December 25, 2014

დაკვირვებიხარ, როგორ ჰგავს წვიმისა და წვის ხმა ერთმანეთს? ორივე გუგუნებს, ორივე წკაპუნებს და ორივე რაღაცას ანადგურებს.

ოთახში მხოლოდ ორნი ვართ. მესამე ყოველთვის და ყველგან ზედმეტია, შენც რომ ხვდებოდე ამას.. მე ისევ გაუთავებლად გესაუბრები, ჩამწყდარი ხმით, ძილნაკლული, ნერვებს აყოლილი. შენ კი ახლა ოდნავ გეტყობა აღელვება, არაფრისმთქმელ გამომეტყველებასა და ყინვაჩამდგარ თვალებში.

ვგრძნობ, ხვდები, დავიღალე.

ზამთარიაო, ამბობ, მთელ სხეულს იცავს ყინვა, შენ კი, როგორც ყოველთვის, მეტ მნიშვნელობას ანიჭებ ამ ამბავსო. ორივემ ვიცით, ყინვა თვალებში სხვაა. შენ კი ჩემზე შერჩენილი “ბავშვურია” შთაბეჭდილებით, მატყუებ, ეჭვიც არ გეპარება, რომ შეიძლება ვხვდებოდე..

პირველ ზამთარს, ასევე გქონდა სხეული გათოშილი, მაგრამ თვალებში კოცონი გიზგიზებდა, მე ვიყავი ის კოცონი, შენს თვალებში, რომ ირეკლებოდა. მოგედე მთელ სხეულზე, როგორც მსხვერპლს, დაგწვი. მას შემდეგ ვაგროვებ შენ ფერფლს, ყოველი გრამის ჩამატებისას თუნუქის ყუთს ვათამაშებ ხელში და ვგრძნობ, კიდევ დარჩი სადღაც მიმობნეული.

მეორე ზამთარს, ცოტა შევეჩვიე მეც შენეულ სიცივეს. ძალიან მოვინდომე, შენ გინდოდა ასე. დამღალე გაუთავებელი ემოციურობანას თამაშითო, მომაჩერდი, ვიდრე მომიცილე, მაგრად რომ შემოგხვიე ხელები და თვალების დასაკოცნად დაგაძგერდი.

მესამე ზამთარი გაზაფხულის მოლოდინმა გადაგვატანინა. და როცა, ბოლოს და ბოლოს, მოვიდა, ალერგიად გამოგვაყარა მზის თბილმა სხივებმა, ყველაფერი გავაკეთეთ და როგორღაც თავიდან მოვიშორეთ.

ახლა მეოთხე დგას. გიყურებ და ვფიქრობ, ნუთუ, პირველივეზე ვიცოდით.. უკვე წაგებული ომი დავიწყეთ, კოცონის იმედად, შენს თვალებში არეკლილის.

გაიელვა. აალებულ სახლს ისევ აგრილებს წვიმა, ვერ ერევა მაინც, ვერაფერი შეაჩერებს, ვიდრე ბოლომდე არ დანაცრავს, გაანადგურებს. ორივენი მის შუაგულში ვდგავართ და თითქოს არაფერი გვერჩის, თითქოს დამწვარი ჭერი არ ცვიოდეს, უკვე ჩამოცვენილ კედლებს არ მოჰყვებოდეს..

მაინც, როგორ ყინავს კოცონის შუაგულში.

დისტანცია.

სიჩუმე.

არ წვავს, მხოლოდ ყინავს.

მეხანძრეები ჩვენს ფერფლს აგროვებენ, ჩვენსავე სახლის ფეფლში არეულს, ჩვენივე გრძნობების ფერფლით შეფერადებულს.

ის მესამე, დადის და ეძებს სხვა ორს. იმ მესამეს ეჭვი ჰქვია.

2 Comments leave one →
  1. February 2, 2015 19:54

    შენი ბლოგი მაბნევს,მამშვიდებს და ხანაც მგონია რომ იმას ვკითხულობ რისი გრძნობაც მინდოდა,მე უკვე შენი მკითხველი ვარ,წარმატებები ახალი პოსტების დაწერაში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: