Skip to content

თეთრი (ოდნავ დალაქავებული) ლექსები

November 11, 2014

ეჭვიანობა

ეს რა ყოფილა ეჭვიანობა,

სისხლი გამეყინა, როცა გაუღიმე.

შენ თუ ვინმე გგავს დედამიწაზე ისიც არ მინდა, “გგავს” და “ხარ” ისეთ უფსკრულს ქმნის,

ყველა შენი მსგავსით სიამოვნებით რომ ამოვავსებდი და ახლოს არცერთს გავიკარებდი.

მივიძინებდი მათ გვამებზე შენს მოლოდინში, როდის მორჩებოდი სხვისთვის გაღიმებას და დაბრუნდებოდი.

მერე მოვა კიდევ ერთი შენი მსგავსი და გავამდიდრებ ჩემს სარეცელს მისით.

შენი გულის სულ ცოტა ნაწილი დამიტოვე საგზლად, ვიდრე მოგდევ, სადაც მიდიხარ.

რომ დაგავიწყდეს, ჩათვალე მოვკვდი, ყველაზე მძიმე სიკვდილით, უშენობით მშიერი.

რა იქნება, არ დამტოვო იმ უფსკრულში, შენი მსგავსების სასაფლაოზე.

ჩემი გულის სულ მცირე ნაწილი წაიყოლე საგზლად, ვეღარ მიაღწევ მის ღიმილამდე..

ეს რა ყოფილა ეჭვიანობა, ფილტვები დამეხურა, როცა აკოცე..

იუპიტერზე

ვიმოგზაურე.

ავისრულე გულის წადილი, მაგრამ რად გინა..

ვერ ვიპოვე რასაც ვეძებდი.

ადრე მიჩურჩულა ფიროსმანმა, ერთ ღამეს მაინც თუ გაათევ ჩემს სარდაფში,

მერე მიხვდები ჩემი დარდი მარტოობაა და არა სიბნელე.

მეწყინა.

გავექეცი.

ის იყო იუპიტერისთვის უნდა ჩამევლო, რომ დავიზაფრე.

რაა ეს მშვენება, ნეტავ  რამ შექმნა?!

როგორ დავიჯერო, დიდმა აფეთქებამ მოხაზა წრე, შეავსო მისი გული უსუნო მიწით,

რომელშიც პარაზიტებიც კი ვერ ხარობენ და ჰაერი დაავიწყდა..

მაგრამ იუპიტერზე უჰაერობა კი არ იყო შემზარავი,

მარტოობა და სიჩუმე თან რომ მსდია, სადაც წავედი.

ვიმოგზაურე.

ავისრულე გულის წადილი.

ვერ ვიპოვე ადამიანი.

შენ მაინც მოდი ძილო

ის არ მოვიდა.

შენ მაინც მოდი ძილო და ამ ფანჯარაშიც ჩაქვრება სინათლე ღამღამობით.

ნოემბრის 20-ში, უკანასკნელი ფოთოლი რომ ჩამოცილდა ჭადარს,

ქარმა აიტაცა უმალ და მთელი ქალაქი მოატარა, მკვდარსაც არა აქვს მოსვენება, ზოგჯერ..

ფოსტალიონმა ისევ შემოაცურა წერილი კარის ქვეშ,

“თუ ვერ შეგიყვარე, თავს მაინც გადაგაყვარებ..”

დამპირდა.

რა ჰგონია თავი,

მხოლოდ ანგელოზია, ღმერთი კი არა!

შენ მაინც მოდი ძილო..

მერის ქმარი

შეუჩერებლივ რეკენ ზარები,

დაიწერა ჯვარი, ბოლოსდაბოლოს, მერიმ.

გალაკტიონსაც აღარაფერი აქვს სათქმელი.

თუ ერთხელაც ცოლმა მოგაბეზროს თავი, გამოექეცი..

სხვენში დაგმალავ, როგორც პარტიზანს

და ამოგიტან საჭმელს ყოველ დღე,

გაგართობ.

თუ გაგვიჭირდა იმ ზამთარს, ნაწერებს დავწვავ.

არ იდარდო.

უკეთესებს დავწერ, ვიდრე ჩემთან ხარ.

თუ მოგაბეზროს თავი ცოლმა, გამოექეცი.

დარჩი ჩემს სხვენში, თუნდ ერთი ზამთრით.

ფენომენი

ბოლოს მაინც დავამსხვრიე.

რამდენი ჩავიხედავდი მასში, იმდენი მელანდებოდა მისი დანაოჭებული სახე,

ჩაცვენილი ლოყები, მიმქრალი ვარსკვლავები მის თვალებში

და  ჩემი აუსრულებელი ოცნებები,

ვიდრე ისინი წლების განმავლობაში ცვიოდნენ დედაჩემის თვალებიდან..

შევიშალე, დამსხვრეული რომ დავინახე.

ახლა ნაწილ-ნაწილ ეყარა იატაკზე მისი სახის ნაკვთები, ყველა ემოცია.

ისევ ისე თბილი იყო მისი მზერა ვარსკვლავების გარეშეც.

რა ამოუცნობი ფენომენია დედა.

რა უნდა მექნა, რომ წყენოდა.

***

ფიჭვებს გადაღმა,

მდინარის პირას,

სულ უცხო და უცნაურ ადგილას ვიპოვე სიმშვიდე.

მომაგონდა ბაბუს ნათქვამი “ანიკელა ტიტინა”

და დიდი ბრჭყვიალა ოქროსფერი თვალები.

ახლა მარტოა, ანერვიულებს ეს სიმარტოვე.

ეჩვენება, თითქოს მის სანახავად მოდიან, კითხულობენ,

“როგორა ხართ, მოხუცო?”

“აბა როგორ ვიქნები, ისე ცუდად, ალუბლის მურაბაც კი არ მინდა..

თქვენ მაინც მიირთვით, გეთაყვა, თორემ მოვა ჩემი ქალიშვილი

და ეწყინება ისევ სავსე თეფში რომ დახვდება”

სულ დედას ჰგავს, ქოთქოთაა მისნაირი, ბაბუს ქალიშვილი.

არა, არ არის მარტო ბაბუა, ვიდრე ბებო ისევაა მის მოგონებებში.

“ჭამე, ბებერო, მურაბა! გემრიელია..”

ეს ვინ აქოთქოთდა სამზარეულოში?

მზესუმზირები

არცერთი მზესუმზირა ჰგავს  ერთმანეთს.

არ იყო ამ ზაფხულს საკამრისი სიცხე, მზემ დაიფასა თავი.

ძვირად დაუჯდათ მზესუმზირებს ეს ამბავი.

გააპო ბიჭმა მინდორი, გოგო ელოდება მის ბოლოს

და ახლა აჭერს მზე, როგორც არასდრის.

რამ გააგიჟა, ნუთუ ისიც აღელდა სურათის შემყურე..

წამის წინ მწარედ მოთქვამდა ჩავარდნილ მოსავალს

და წამში იმედითაა სავსე მისი გული.

რაა იმ გოგოში დამაიმედებელი?

რას მისცემს ადამიანი თუ ვერა მზე?

ახლა უცებ რომ დაბნელდეს და აღარ იყოს,

უმალ გაიქცევიან სახლებში შეშინებულები.

დაბნელდა.

პირველად მოეხვია გოგო ბიჭს.

ფაუსტისეული ძალისებურად,

ბოროტება სურდა, სიკეთე კი გამოუვიდა..

საყვარელი

მრუში ხარო მომახალა ბოღმისგან გაბერილმა ქალმა.

არადა, ქმარი ჰყავს მრუში..

მე საყვარელი ვარ, ის – ცოლი.

ნუთუ, სიტყვები არ გათქვამენ რარიგ ვჯობივარ?!

გაუმართავს სცენას, ზურგს აქცევს სარეცელზე, ვითომდა დავსჯიო.

დავიწყებია, რარიგ ტკბილია მისი ქმარი,

სინანამდვილეში თავს ისჯის მხოლოდ.

მერე მოდის იგი ჩემთან და მოაქვს სიყვარული,

რომელიც სხვამ დაუწუნა, ჩემთვის საკმარისია..

რისთვისაც ვუყვარვარ ქმარს,

რისთვისაც ვეზიზღები ცოლს.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: