Skip to content

ლურჯი საბანი

October 26, 2014

 

“სიტკბოება იმალება უბილიკო ტყეში, სიამოვნება – მიტოვებულ სანაპიროზე, საზოგადოება არის იქაც, სადაც არავინაა; ღრმა ზღვასთან, უსმინე მუსიკას მის გვრგვინვაში.”

ლურჯი საბანი ჰქონდა ჩემს მეზობლად მცხოვრებს, ანაისს. ერთი სართულით მაღლა ცხვრობდა და ჩემზე უკეთესი ხედიც ჰქონდა, ჩვენს წინ პატარა ბათქაშჩამოცვენილი შენობა ზუსტად ხუთ სართულიანი იყო და მე მაინცდამაინც მეხუთეზე ვცხოვრობდი. მაგრამ ყველაზე მეტად იმ ლურჯი საბნის გამო მშურდა ანაისის. პრიალა, დარომბილი და უზარმაზარი იყო, მუდმივად არეულ საწოლზე ისე მხატვრულად ჰქონდა ხოლმე მიგდებული, რომ მეცოდებოდა ყველა მხატვარი, ეს სანახაობა რომ თავის ცხოვრებაში არ უნახავთ, ალბათ ემოციისგან ვეღარც დახატავდნენ. სხვა ყველაფერი თეთრი იყო ანაისის სახლში. კედლები, ავეჯი, მინიმალისტურ სტილში ჰქონდა გადაწყვეტილი, ამბობდა, გართულებას და გადატვირთვას მხოლოდ უარყოფითი აურა ახლავს, თეთრ ფერს კი – სიმშვიდე და სიმსუბუქეო. სულ მინდოდა ლურჯ საბანზე მეკითხა, მაგრამ ვერაფრით ვბედავდი, თავადაც ვხვდებოდი, რომ უბრალო ნივთი არ იყო, მის სილურჯეში ანაისის დიდი საიდუმლო იმალებოდა და უიმედოდ მივჩერებოდი ყოველ ჯერზე ამ საიდუმლოს, როგორც მსუნაგი ბავშვი შუშისკარიან გახურებულ ღუმელში თითქმის გამომცხვარ ნამცხვარს.

ჩემს მეზობელს მეგობრები არ ჰყავდა. თავად არასდროს უთქვამს ეს, მაგრამ მასთან არავინ მოდიოდა, ალბათ, არც ნათესაები არ ჰყავდა. იცით, მე და ანაისი მხოლოდ ხელოვნებაზე ვსაუბრობდით ხოლმე, მაგრძნობინებდა პირადულზე არაფერი უნდა მეკითხა, რადგან თვითონაც არაფერს მეკითხებოდა. მხოლოდ ერთხელ, ჩემს მეგობარ ბიჭზე, უილიზე მკითხა, რამდენი ხანია რაც ერთად ხართო. ვუპასუხე, თითქმის სამი თვეა-მეთქი და არაფერი მიპასუხა, მხოლოდ სახე მოეღრიცა, რაღაც ირონიულად.

ანაისის ზუსტი ასაკი არ ვიცი, ალბათ 40-სა 45-ს შორის იქნებოდა. სახეზე ნაოჭები თითქმის არც ეტყობოდა, თვალთან და ტუჩის ბოლოებთან რამდენიმე წვრილი ხაზი გასდევდა. ჩემთან არასდროს გაუცინია და ალბათ არც მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში მეგობრობდა ღიმილთან, რაღაცით ვირჯინია ვულფს მაგონებდა. ვგრძნობდი, მუდმივად ეიფორიაში იყო, მიუხედავად იმ მინიმალიზმისა, რაც მის ბინაში სუფევდა. სამყაროს კი აშკარად ემალებოდა.

არ უთხოვია მოდი და მნახე ხოლმეო. ერთხელ ხახვი დამჭირდა, უილი უნდა მოსულიყო და ვახშამი მინდოდა მომემზადებინა, კარგი მზარეული ვარ, მაგრამ პროდუქტების სიის შედგენა არასდროს მომწონდა, თავს მოხუც პენსიონერად მაგრძნობინებდა და ვერიდებოდი. ჰოდა, ხახვის ყიდვა დამავიწყდა. ჯერ მარგარეტთან შევლა გადავწყვიტე, მაგრამ სახლში არ დამხვდა, ამიტომ მის საპირისპიროდ მივტრიალდი. უცებვე მივხვდი ჩემი შანსი იყო, ნელა მივუახლოვდი კარს და დავაკაკუნე. ანაისს ზარიც კი არ ჰქონდა კარზე. მითხრა, ხანძრის წინ განგაშის ხმას მაგონებს და ამიტომ ჩამოვახსნევინეო.

ფრთხილად ვაკაკუნებდი, პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა მეცადა, რომ კარის სახელური ჩამოიწია, რამდენიმე წამის შემდეგ პირველად ვნახე იგი. შავგრემანი, ფერმკრთალი, პატარა და სუსტი ქალი, თეთრი ნაქარგი კაბით, უფრო საღამურს ჰგავდა ან იყო კიდეც.

– მაპატიეთ, ხახვი გამითავდა და.. – სამზარეულოში გავიდა, მთელი შეკვრა ხახვის პარკი მომაწოდა ისე, რომ სახეზე ერთი ნერვიც არ შეტოკებია. – ძალიან დიდი მადლობა, თქვენ გადამარჩინეთ! – ფართოდ გავიღიმე, რომ როგორმე მისი კეთილგანწყობა მომეპოვებინა, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოვახერხე, ყოველ შემთხვევაში იმ პირველ შეხვედრაზე.

ამის შემდეგ ბუნებრივად აეწყო ჩვენი მეზობლობა. რამდენიმე დღეში ავაკითხე და შემჩნეული თაროებიდან წიგნი ვითხოვე. ერთი პირობით გამომატანა, რომ დაამთავრებ, ამოდი და მომიყევი, როგორ მოგეწონა და რამე ახალს თუ გაზიარა ჯოისმაო. წიგნი რომ დავუბრუნე, გულწრფელად და ქარაფშუტულად მივახალე, ვერაფერი გავიგე რა უნდოდა ამ კაცს და ძალიან მომბეზრდა ის ერთი დღე, მე რომ მთელი კვირა ვკითხულობდი-მეთქი. არაფერი უთქვამს, არც წიგნის ღირსებებზე დაუწყია საუბარი, მხოლოდ ახალი წიგნი მომცა და ასე ვთქვათ, გამომაგდო. შემდეგი ლონდონი იყო, აი, “დიდი სახლის პატარა დიასახლისით” კი ნამდვილად მოვიხიბლე. ვუთხარი, ისე ადვილად და სხაპასხუპით ჩავიკითხე, როგორ არ უნდა მომწონებოდა-მეთქი. უზარმაზარი თაროები ჰქონდა ანაისს და 4-წელზე მეტ ხანს მამარაგებდა წიგნებით, მწერლებზე, მხატვრებზე, კომპოზიტორებზე. გვიან ღამით, ვერაფრით რომ ვერ ვიძინებდი და ანაისი კლასიკას ააჟღერებდა თავის უსახურ ბინაში, ერთიანად მიფერადდებოდა გონება, სხეული მითბებოდა, გაქვავებული ბალიში ფუმფულა ღრუბლად იქცეოდადა იმის ფიქრში მეძინებოდა, თუ რა კარგი იყო, რომ ანაისი სწორედ ჩემს ზემოთ ცხოვრობდა.

ერთხელ, თითქმის 5 წლის შემდეგ, ანაისს ვუთხარი მე და უილი დაქორწინებას ვაპირებთ და აქედან გადავდივარ-მეთქი.

– არც კი იცი, როგორ დამაკლდება შენი წიგნები და როგორ მომენატრება შენთან საუბარი.. – ემოციისგან ხმა ჩამიწყდა კიდეც, თავადაც არ ველოდი. თითქოს ცივი ურთერთობა გვქონდა მე და ანაისს, მხოლოდ მეზობლური, მაგრამ ამ მომენტში, მივხვდი, ზოგჯერ ისე ვართ შეჩვეულები სიტუაციას, რომ თავადაც ვერ ვაცნობიერეთ, ისე აუღია ჩვენი ცხოვრების  უდიდესი ნაწილი, ის კი არა, მთლიანად მოუცვია და როცა უნდა გაქრეს, ვხვდებით, ემოციისგან გული გვეკუმშება. ახლაც, ცოტაც და ვიტირებდი, უკვე ყელში მქონდა მობჯენილი დიდი ცრემლის ბურთები, რომ ანაისმა თავის თეთრ თაროებთან მიმიყვანა.

– მითხარი რას ხედავ, ელა?

– უამრავ წაუკითხავ ლამაზ ისტორიას.

– ალბათ, პირველად რომ დაინახე ეს თაროები იფიქრე, როგორ ალამაზებს ანაისის უსახურ ბინასო, ასეა?

– ანაის, სულაც არ ვფიქრობ, რომ უსახური ბინა გაქვს. პირიქით, ორიგინალურია, განსხვავებული..

– ჩემი ბინა მართლაც უსახურია, ელა. როცა ჩემს ძველ სახლში, სადაც ცხოვრების 25 წელი გავატარე, ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაიწვა, ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით, მე ჩემს შეყვარებულთან ერთად კინოში ვიყავი, იმ ღამით მასთან დავრჩი. მეორე დღეს კი, როცა დამწვარი საკუთარი სახლი დავინახე ვერანაირი ემოცია ვერ გამოვხატე. ვუყურებდი ფერფლს და უკვე ვიცოდი, რომ არაფერი გადარჩა, რომ აღარაფერი დამრჩა. ჩემი ცხოვრება ამ სახლის ირგვლივ ტრიალებდა, მასში იყო ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, ნივთი, ყველა ჩემი ემოცია ერთბაშაც ჩაიწვა ჩემს გულში, როცა ეს სურათი ვიხილე. ჩემი შეყვარებული კი არც მიყვარდა, იმ დღის შემდეგ ეგეც აღარ მინახავს. გზის განაპირას ჩემი პატარა დის ზღაპრების წიგნი ვიპოვე, იტალიური ხალხური ზღაპრები იყო. წამოვიღე და სულ ზემოთ კიდე შემომწვარ წიგნს ხედავ, აი იმას? ეგ არის. რაც თაროში შევდე, მას შემდეგ აღარ გადმომიღია, ალბათ ამას არც არასდროს ვიზამ. დედას უყვარდა სახლის მორთვა, განსაკუთრებით შობას უნდა გენახა, როგორ გაანათებდა ხოლმე მის ყოველ ჩაბნელებულ ნაწილს ფერადი ნათურებით. თვალწინ მიდგას ჩემი სახლი, კიბეზე ასული მამა, სახურავზე ნათურების დამაგრებას ცდილობს, 24 დეკემბერია, შობის წინა ღამე, დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, თან ტელევიზორს მიჩერებულ ჩემს ძმას მეხუთედ უმეორებს, “გამორთე ეგ ეშმაკის ყუთი და ოტის რედინგის ‘ჩემი მკლავები’ ჩართე”-ო. მე და ლიზი, ჩემი პატარა დაიკო, მისალოც ბარათებს ვწერთ ბებიისა და ბაბუისთვის. ყველაფერი ისე იდეალურადაა, ელა, რომ აი ახლა, ვიდრე ვიგონებ მინდა ვიტირო, მინდა წლების განმავლობაში დაგროვილი სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ ერთიანად გადმოვანთხიო, მაგრამ არ შემიძლია, უდაბნოსავით დამშრალი ვარ. შენ კი ერთი უცნაური მეზობლის ისტორიაზე ამხელა ცრემლებს ყრი. გეყოფა, მეც მეყოფა, მხოლოდ ის მინდა გითხრა, რომ ამ გახუნებული კედლების სილამაზე მართლაც ამ ფერად წიგნებშია. ამ წიგნებისთვის არავის დაუვალებია, აუცილებლად რამე უნდა ასწავლო მკითხველსო, ელა, ახლა შენ ეს იცი. მე მაინც მგონია, რომ წიგნების, ნაწარმოებების წერა ამ სამყაროდან გასაქცევად დაიწყეს და არა აქაურობაზე, ამქვეყნიურ მოვლენებსა და ამბებზე კიდევ უფრო მისაჯაჭვად. ჰოდა, მეც იმ დღის შემდეგ ყოველი ახალი წიგნით კიდევ უფრო ვშორდები ჩვენს სამყაროს. მინდა რომ წიგნების კითხვა შეწყვიტო, ცოლად გაჰყვე იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად გრძნობ, რომ გიყვარს და არასდროს მოხვიდე და ისევ მომინახულო. – ერთიანად ვკანკალებდი, ისე მინდოდა ანაისს ჩავხუტებოდი, მაგრამ მას არ ჰქონდა ამის სურვილი და ასე თვალებჩასიებულს უხმოდ მომიხურა კარები, იქამდე კი ხელში ვირჯინია ვულფი მომაჩეჩა. მოგვიანებით ვნახე წარწერა გაეკეთებინა, “წაკითხვისთანავე დაწვი..”. რა თქმა უნდა, აქამდე არ წამიკითხავს. უილს კი ცოლად აღარ გავყევი, ჩემი მეზობელი დამეხმარა ნათლად დამენახა რამდენს ვთმობდი თავად უილისთვის, დავთანხმდი მის მშობლებთან გადავსულიყავი საცხოვრებლად, შემეცვალა სამსახური, მე კი მხოლოდ უცხო ხმის კარნახით, რომ უკვე იდეალური ასაკი მქონდა ოჯახის შესაქმნელად, ვაპირებდი გავყოლოდი ცოლად ადამიანს, რომელთანაც სულ მცირე წაკამათებაზეც კი ვერანაირი მიზეზი დამაკავებდა, რომ მაშინვე მიმეტოვებინა.

ცოტა რომ დავმშვიდდი, ასე ორი კვირის შემდეგ, ანაისთან ავედი, რომ მეთქვა თუ რატომ არ წავედი.  შობა ახლოვდებოდა, გარეთ პატარა ფანტელებით ბარდნიდა. კაკუნით დავიღალე, არავინ მიღებდა. კარის სახელური ჩამოვწიე, არ გამიკვირდა ღია რომ დამხვდა, ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ჩემი მეზობელი მას არასდროს კეტავდა გასაღებით. ირგვლი გამეფებულ სითეთრეს, ახლა სიჩუმეც დამატებოდა. ანაისის ოთახს რომ მივუახლოვდი, თავის საწოლზე თითქოს მშვიდად ეძინა, მაგრამ ახლა უჩვეულოდ გაფითრებულიყო, სილურჯეც შეპარვოდა, ლამის თავის საბნის ფერში გადადიოდა. ხელებით გულში მაგრად ჩაეხუტებინა თავის დის “იტალიური ზღაპრები”. და აი, მკვდარს რომ ვხედავდი, მივხვდი ახლა მეც წამრთმეოდა ემოციები. არ მიტირია, არც შევხებივარ, მხოლოდ ლურჯი საბანი გადავაცალე, რომელიც ცასავით ეხურა სხეულის გარკვეულ ნაწილზე, დათოვლილ, დედამიწისებურ ჩემს მეზობელს და ჩემთან წამოვიღე. დღემდე საიდუმლოა ჩემთვის ანაისის ლურჯი საბანი, ერთი კი ნათელია, როცა ღამით ვერ ვიძინებ და ფიქრები მღლიან, ნელ-ნელა მეპარება გონებაში ანაისის ბინიდან გამოსული კლასიკა, თითქოს ღრუბლებზე ვწევარ, ზედ კი თბილი ცა მახურავს.

ანაისის სიკვდილის შემდეგ, შობის წინა ღამეს, როცა საშინლად დაღლილს და გაყინულს, მისი საბნის სითბოს წყალობით ჩვილი ბავშვივით უდარდელად ჩამეძინა, მესიზმრა როგორ მხურვალედ უკოცნიდა სხეულს შეყვარებული, ვიდრე მისი ოჯახის წევრები განწირულნი ითხოვდნენ დახმარებას საშობაო ნათურებისგან გამოწვეული ხანძრისგან თავის დასახსნელად.

“ანაის! დაეხმარე მათ, სწრაფად, რატომ არ გესმის? ანაის!” – მინდოდა მეყვირა ბოლო ხმაზე, მაგრამ ხმა მიწყდებოდა, ანაისი კი სიამოვნებისგან კრუტუნებდა, არც არაფერი ესმოდა და არც მათ დახმარებას აპირებდა. სიზმარშიც კი ისეთი რეალური იყო დაღლა, მეც დავნებდი, ყვირილს თავი ვანებე. ახლაღა შევამჩნიე, როგორ ჩასრიალდა მათ სხეულებზე პრიალა, დარომბილი, ლურჯი საბანი.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: