Skip to content

მარტოობა პარანოიის არომატით

October 20, 2014

 

უვარგისი მოთხრობა, რომელიც საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა.

 „თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.“

ძველი აღთქმადაბადება 1:1

ვიდექ ამ მიწაზე და ისე გავიყინე, ვაკის პარკის უზარმაზარ კიბეებზე მინიატურულ სკულპტურად ვიქეცი. შეგიძლიათ წარმომიდგინოთ, რა პატარა და უბრალო ვიყავი იმ უზარმაზარი ქალის ფონზე, საშინელებათა ფილმიდან გამომხტარ დაცემულ ანგელოზს რომ ჰგავს ან უფრო მეტად წამებით მოკლული ქალის მოჩვენებას, იქამდე რომ ნამუსი ახადეს და ნაკვთი აღარ შეტოკებია სახეზე იმ მომენტის შემდეგ. ისევე უსუსური ვიყავი ჩემი ცხოვრების გამოისობით, ნამუსახდილობა კი სულაც არ იყო ჩემი ტრაგედია. ჰორიზონტზე პატარა ბიჭი იდგა, ქერა კულულები მხრებამდე ჩამოცვენოდა და ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა, ფეხებს აქეთ-იქეთ ათამაშებდა ისე, თითქოს დამუხტული შარდის ბუშტი შიგნიდან ნელ-ნელა, თუმცა განსაზღვრული ტემპით აწვდიდა ვოლტებს მთელს სხეულს. ხელში მასზე ასე ერთნახევარჯერ ან ორჯერ დიდი პოსტერი ეჭირა წარწერით „ჩვენ გვინდა მოვუფრთხილდეთ“, შემდეგ ქვემოთ – „შევინარჩუნოთ მწვანობი, მაგრამ..“, მნიშვნელოვანია მრავალწერტილი, რადგან ამ ყოველივეს შემდეგ სახეში სილის გაწვნა მოსდევდა ყველა მატრაკვეცასთვის, მსგავსი ქმედების წინ კი აუცილებელია პაუზა, მეტი დრამატულობისთვის, – „ჯერ კიდევ შეშის ღუმელით ვთბებით სახლებში,“ წარწერის დასასრული. მის წინ კი იდგა მთელი ჯგრო ადამიანებისა, გამოსული გაღუღუნებული სახლებიდან, აწითლებული ლოყებითა და უმისამართო მზერით, ბრაზისგან ჩაწითლებული თვალებით, შუბლზე წარწერით – „აგრესიის სუნი მეცა, აქედან ხომ არ მოდიოდაო?“ სახლებში კი ეყარა მახათები, რომლებსაც გაგიკვირდებათ და თავისუფლებისგან გამოწვეული აღტაცების წყალობით ფილტვები გახსნოდათ, ღრმად სუნთქავდნენ.

ამ დღეს მეც გავხდი აგრესიული, წონითაც გავხდი და იმ 14 წუთიანი ლოდინის შემდეგ იყო, რომ სულ დავპატარავდი.

არ მოვიდა.

იცით, დასაწყისში მოყვანილ ამბავსა და ჩემს ისტორიას შორის თითქოს არ არის კავშირი, მაგრამ ყველას ჩვენ იქ მყოფს ერთი რამ გვაერთიანებდა, აღუვსებელი წყურვილი რაღაცისადმი. თუმცა მე მათ წყურვილს არ ვიზიარებდი, ისინი კი – ჩემსას. არც გრძელი ამბავია, ისე კი, გრძელი ამბავია და მოყოლად არ ღირსო, მხოლოდ ზარმაცის გასროლილი ფრაზაა. ყველა ისტორია ღირს მოყოლად, თქვენ მხოლოდ მსმენელი იშოვეთ.

***

ციოდა.

იანვარი იწურებოდა და მზე ნელ-ნელა აცურებდა სუსტ სხივებს თებერვლის თვეში. აქოშინებული აფთიაქში შევვარდი, მაინც რა სასიამოვნოა აფთიაქური სითბო ზამთრის სუსხში, თქვენც ხშირად შესულხართ სულ ტყუილად და გამოგიყოლებიათ ხელთ ახალი კბილის ჯაგრისი, მიუხედავად იმისა რომ გუშინ და გუშინ წინ უკვე იყიდეთ? რატომ სხვა რამეს არ ვყიდულობ მაინც, აზრზე არ ვარ, მოკლედ რომ მოვჭრა.. ჩემ წინ იდგა რიგში და ქსუტუნებდა. გაციებული ძაღლივით ყურები ჩამოეყარა და ისეთი წამლები იყიდა ცხოვრებაში რომ არ გამეგო.

ზოგადად, სიღრმის შიში არ მაქვს, უფრო ზედაპირულობა მაშინებს, ამ ქვეყნად ტურისტობაზეც ადრეულ ასაკში ვთქვი უარი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემი თანაკლასელები სკოლის ეზოში მიწის თხრას და ყვავილების დარგვას თაკილობდნენ, მე მთელი ენერგიით ვთხრიდი, ვაფართოებდი და ვაფართოებდი ორმოს, ხელით ვეხებოდი და ვათვალიერებდი ყოველ შემხვედრ არსებას, მობეზრებული ყვავილს ღრმად ჩავფლავდი და მიწას მაგრად ვტკეპნიდი. ბოლოს, მოთხვრილ ხელებს ბებიას საგანგენოდ ლილაში ამოვლებულ,  დაუთოებულ წინსაფარზე ვიწმენდდი, ამაყად ვუყურებდი იდეალურ ქათქათა თეთრს, ასე რომ ამშვენებდა ჩემი ხელის ანაბეჭდები და კმაყოფილი ახალ გამოსაკვლევ ადგილსა თუ ადამიანს ვეძებდი. დღისით მეოცნებეების თვალსაჩინო წარმომადგენელი ვარ და უცებ წარმოვიდგინე, რომ ამ ბიჭს კიბო სჭირდა და ჩემი ბედისწერა იყო, რომელიც ერთი დანახვით უნდა შემყვარებოდა, გული გამტეხვოდა როცა მოკვდებოდა, მერე კი მემუარებში ჩემს ერთადერთ ცხოვრების სიყვარულად მომეხსენიებია. რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა, რადგან ყველა სხვასთან ურთიერთობის გასაფუჭებლად საკმარისი დრო მექნებოდა, მაგრამ ეს? კიბოსა და უსამართლობის მსხვერპლი, ნამდვილი განტევების ვაცი, ღმერთო ჩემო, განა უადვილესი არ არის მასზე ჭკუიდან აშლა..  პოლიეთილენის პარკი პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაუვარდა..

ბედისწერა.

გავიფიქრე და უმალ დავიხარე, მადლობას რომ.. უფრო სწორედ, „ჯიგარი ხარო“ რომ მითხრა, თვალებში ჩავხედე. ნუთუ ვამპირია, მაშინვე შევაგორე გონებაში უფრო მძაფრსიუჟეტიანი ისტორია. უკვდავობაზე უარის მთქმელ შტერ გოგოს ვგავარ?! ან თუ მიწაზე დავეშვები, უძილობა უნდა აწუხებდეს, ისევ დავუბრუნდი პირველ წარმოდგენას კიბოზე. ლეიკემია არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში სულ სძინავთ და მოკლედ, იმდენი წიგნი მქონდა ამაზე წაკითხული, რომ ექიმ-ონკოლოგს ვაჯობებდი საქმის ცოდნაში. აფთიაქიდაან გავიდა და ავედევნე. ჯაშუშობა ჩემი #2 საყვარელი საქმიანობა გახლავთ ან გაახლდათ, იმ 14 წუთიანი ლოდინის შემდეგ ბევრი შეიცვალა. სადამდე ვსდიე? ერთ დანგრეულ, მიტოვებულ შენობამდე, აქედან გამიჩნდა საშინელებათა ფილმის შესახებ წარმოდგენა. ჩუმად შევყევი ოთახიდან ოთახში და.. არაა, არ მკითხოთ რაზე ვფიქრობდი, პასუხი კი მაქვს – არაფერზე და თან სცენარს ვალაგებდი გონებაში. ბოლოს ფეხის ხმა შეწყდა და პარკი აშრიალდა, სანთებელა აინთო, წამლების შეკვრიდან გადმოყრის და დაფშვნის ხმა გავიგონე. რამდენიმე წუთით ყველაფერი გაირინდა და მერე ისევ ვნახე. დივანზე იწვა, სახე დამშვიდებოდა, თითქოს თავის არსებობის მანძილზე ყველაზე ტკბილ სიზმარს ხედავდა. გვერდით მივუჯექი, წარმოვიდგინე, როგორ ცეკვავდა ჩემთან ერთად ვალსს მთლიანად განათებულ სტადიონზე, შემდეგ  ვარსკვლავებს ვითვლიდით სანაპიროზე, ვიდრე კოცონზე ყავა იხარშებოდა, ერთობ სასიამოვნო ფიქრებში ვიყავით ორივე, იქვე, დივანზე ჩემსავე წარმოდგენაში დავკარგე უბიწოება და ყველაფერი საეჭვოდ იდეალრად იყო. გადავწყვიტე გამომეცადა, სხვებს ხომ არ ჰგავდა ისიც, ერთდღიანი ურთიერთობის შემდეგ ტელეფონის ნომერს რომ გამოგართმევენ და თან მოაყოლებენ საუკუნიან ლოდინს.. რომ იცოდეთ, ჩვენ, ქალები, მართლაც ვფიქრობთ, რომ ყველა კაცი ერთნაირია, ისევე როგორც კაცები ქალებზე და ისეთი ერთფეროვანია ეს სამოთხური ცხოვრება, რომ ლამისაა იმ დალოცვილ ლუციფერს შევევედროთ ერთი სისინა ქვეწარმავალი გამოგვიგზავნოს, რომ აკრძალული ხილის ნაყოფი იქცეს გიჟური თავგადასავლებისა და საზღვრებ გარეშე ცხოვრების სიმბოლოდ და თუნდაც მამა ზეციერმა ზურგი გვაქციოს, და თუნდაც ჩვენი ოფლით მოვიპოვებდეთ ჩვენსავე ლუკმას, რომელიც ორმაგად გვეგემრიელება, და თუნდაც სოდომი და გომორი იყოს ორად-ორი ქალაქი მთელს დედამიწაზე. ამ ქვეყნად არსებობის ერთადერთი სიტკბოება ხომ ცოდვაა და ჩვენც თვალებს მაგრად ვხუჭავთ, უფსკრულში სიამოვნებით გადასაშვებად ვემზადებით. ემოციებისგან ძალაგამოცლილმა ჩანთაში ქაღალდის ნაგლეჯს დავუწყე ძებნა, რომ ვერ ვიპოვე წამლის კოლოფი შუაზე გადავხსენი და ნომერი, ადგილი, შეხვედრის დრო დავუწერე.

ფინალში, 14 წუთიანი ლოდინი..

***

მეორე დღეს ვაკის პარკში წავედი, ზუსტ დროს მივედი და როგორც მოსალოდნელი იყო, საუკუნე ვიცადე, ვიდრე არ გავიყინე და მინიატურულ სკულპტურად არ დავრჩი იმ საძულველ კიბეებზე. არა და არ გამოჩნდა ლუციფერის ერთგული ქვეწარმავალი. მერე ასე, ნამუსახდილი, ადამისადმი ანუ კაცობრიობის წინაშე შერცხვენილი, ჩემს #1 საყვარელ საქმიანობას მივუბრუნდი და წარმოვიდგინე. ისევ იქ იწვა, გახუნებულ, ვირთხებით სავსე დივანზე და გაბადრული სახით მიშტერებოდა ჭერში სიცარიელეს. აბა, როგორ მოვიდოდა?! უფრო შორი მოგზაურობა ჰქონია დაგეგმილი. სადღაც ცისიქეთში, ზღაპრულ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით როსკიპ ქალში გამცვალა, ალბათ სხვა ევა იპოვა, უფრო უკეთესი, მეტად გაუტეხელი და ძლიერი ქალი, მე რომ არ მგავდა, მუდმივად საკუთარ წარმოდგენებში დაკარგულ გოგოს აფთიაქის რიგიდან, რომელსაც მოსწონდა საკუთარი თავისთვის „ქალის“ წოდება და ყველაფერ დანარჩენზე მეტად იყო შეჩვეული იმედგაცრუებას. მერე ჩვენი ვალსიც და ყავაც ტალღამ ჩანთქა, როგორც სოდომი და გომორი – წარღვნამ, მე კი – მარტოობამ და პარანოიამ, თითქოს მუდმივად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ის მხვდება, ჩემი ბედისწერა.

ჩამოვლღვი, აქციას შევუერთდი საშინელებათა ფილმიდან გამოქცეული ქალი, აღუვსებელი წყურვილი მქონდა ვინმესთვის გამეზიარებინა მარტოობა პარანოიის არომატით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩემი მსგავსი ადამიანებით ვიყავი გარშემორტყმული და რომ მარტოობას პარანოიის არომატით მთელი სამყარო ჰქონდა მოცული, თითქოს ჰაერი იყო, რომლითაც ადამიანები ვსუნთქავდით, ვარსებობდით.

 

„აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ.“

ახალი აღთქმა / გამოცხადება 21:6

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: