Skip to content

სავსე სკივრი

July 1, 2014

კონვერტს ვიღებ, ცვილს ვაცლი, ლურჯი “M” შუაში ტყდება და ნამცეცები მაგიდაზე იფანტება, ფურცლებს ვიღებ, ისევ გაკრული ხელი..

“ჩემო ძვირფასო”

წერილი ბოთლში, წერილი კონვერტში, უბრალოდ გადახვეული წერილი.. კალიგრაფიაში, მელნით მოხაზულ ასოებში ჩაქსოვილი ემოცია. ამბობენ, ფურცელს არ შეუძლია მიიტანოს ადრესატამდე ეს ემოციებიო, მაგრამ ჩემამდე მოდიან.. “მ”-ზე დიდხანს გაუჩერებია კალამი, ბლომად ჩამოღვრილა მუქი მელანი და უცებ, შემცბრას სწრაფად მოუხაზავს ასო. ჩამეღიმა. ხომ მივუხვდი. ასეც კი არ ეყო სითამამე ამ სიტყვის დასაწერად. ფურცელს მარჯვენა ქვედა კიდე აპრეხია. ო, რა დიდხანს წერდა თურმე. ეს კარგი ნიშანია, რაც მართლა გაწუხებს, გულს გიღონებს, სულს გიხუთავს, რაზეც მუდმივად ფიქრობ, გიტრიალებს გონებაში როგორც გრიგალი, სიტყვის დაწერისას რომ შეგაყოვნებს, ალბათ, მართლაც ძვირფასია. გამიხარდა.

“რა დრო გავიდა, აღარც კი მახსოვს, როდის გნახე ბოლოს.. მაგრამ მახსოვს შენი სახის ყოველი დეტალი, ხელები მახსოვს, გრძელი ნატიფი თითები. ახლა ალბათ, შეუსვენებლივ რომ ბეჭდავენ ახალ ნოველებს. როგორია ისინი? იქნებ, მეც ვარ ერთ-ერთი გმირი.. ”

შეისვენა. თორემ აბზაცით არ დაიწყებდა, არც მრავალ წერტილს დასვამდა. ნეტავ რაზე ფიქრობდა, აი ეს კი ვეღარ მოიტანა წერილმა. იქნებ მაგარ წითელ ღვინოს სვამდა. სიგარეტს ეწეოდა, ცოტაოდენი თამბაქოს სუნიც ახლავს თან კონვერტს. ბნელი, ჩახუთული ოთახი, სევდაში ჩამხრჩვალი ჩემი შორეული მეგობარი. კვამლში გახვეული ჭაღი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა აღარ განათებულა. ბოლომდე გადაწეული ფარდები და მჭიდროდ დახურული დარაბები. დარაბებს მიღმა კი.. იცის, რომ მიყვარს ეს ფრაზა. იცის, რა ტკბილია გაზაფხულის სურნელი და თითქოს ჩემს თავს ახსენებსო, ამიტომაც მიუხურავს მაგრად ყველაფერი.

“სახლში დარჩენილი ძველი საათი წიკწიკითა და ყოველ 12 საათზე გუგული გამოფრენით მახსენებს, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარო, რამდენჯერ ვიფიქრე, გამეგდო, ფანჯრიდან გადამეგდო, მაგრამ სულ გადავიფიქრე. სიცოცხლე იმედია, რომ ერთხელაც ამ დარაბებს შენი ძვირფასი ხელებით დააღებ, მტვერიან ფარდებს ძირს ჩამოყრი, საყვედურით სავსე სახით შემომხედავ და ბოლოს მაინც გამიღიმებ,  როგორც ყოველთვის.”

ისევ შეისვენა. “როგორც ყოველთვის.” აქ ყოველთვის ისვენებენ ადამიანები, იხსენებ იმ “ყოველთვის” და სევდა იპყრობთ ან პირიქით, გააჩნია.. მისი დარდი გადმომედო. წერილმა მოიტანა განა ვინ? ამ გაბერილმა, ოთხი ფურცლით შემდგარმა, დასტამ. რა ბოროტია, ღმერთო ჩემო. ისევ უნდა თავი დამნაშავედ მაგრძნობინოს. კვლავაც მე მდებს ბრალს, მის მარტოობას მე მაბრალებს და არა საკუთარ თავს.

“ალბათ, ისევ ჩემზე იტყვი უნდა თავი დამნაშავედ მაგრძნობინოსო, მაგრამ იცოდე, ასე არ არის. მე მხოლოდ გიყვები, რას იფიქრებ, შენი საქმეა.. დაგაინტერესებს თუ არა ჩემი ფარდების ფერი. ჭაღის მდგომარეობა და მოგინდება თუ არა ჩემი სტუმრების საიმონისა და სისის ნახვა, ორი მსუნაგი თაგუნიასი, მაშინ მოდი..”

საიმონი და სისი.. ჰმ, რად დაარქვა თაგვებს ჩვენი საყვარელი ფილმის პერსონაჟების სახელები.. ისევ მიწვევს, არ ნებდება.

“რაც უფრო ცოტა განაღვლებს, მით ბედნიერი ხარო და განა შენ ერთი ცოტა არ ხარ? რას გაუგებ ამ გამონათქვამებს, ყველა ვიღაცაზეა მორგებული და არა ყველაზე. გამანთავისუფლე ამ თავში დაბუდებული ჩიტებისგან, განა რა საკენკი იპოვეს მასში.. მხოლოდ წარსული მოგონებებითაა სავსე და რაღაც პერიოდზე გაყინულა. ატრიალებენ ამ მოგონებებს წინ და უკან დაუსრულებლად. ამ წერილსაც არ ვასრულებ, რადგან ვიცი, ისევ მომიწევს მოწერა. სავსე მთვარევ, როდის უნდა დაიბადო თავიდან ჩემს ცხოვრებაში..”

ვიდრე მოგონებები არსებობს, არაფერია დასრულებული, – ვფიქრობ ჩემთვის. მწერალს ვუყვარვარ, უკვდავი ვარ. არ მინდა ეს უკვდავება დავკარგო, თუ მასთან მივედი, იგი წერას შეწყვეტს, მე კი მიყვარს როგორ მწერს, როგორ წერს ჩემზე მონატრებით, როგორ ხაზავს ასოებს მღელვარებით, როგორ ნატრობს ჩემს ჭორფლიან სახეს, ფერმკრთალ ხელებს, რიჟა თმის ხვეულებს. ვეძებ კალამს, წერას ვიწყებ..

“კიდევ მიამბე, მომიყევი შენს დარდით გაჟღენთილ ოთახზე, გუგულიან საათზე.. მომიყევი, თორემ ერთ დღესაც, წერილი რომ არ მივიღო, არსებობას დავასრულებ. მხოლოდ შენს წერილებში ვარსებობ ასეთი მშვენიერი, საკუთარი თავის საუკეთესო ანარეკლი. მზეო, ჩვენ ერთმანეთის შორიდან ტრფობა გვიხდება მხოლოდ..”

წერილს ვკეცავ, კონვერტში ვდებ, ცვილს ვადნობ, ზედ ვასხამ და ნიშან “C”-ს მაგრად ვაჭერ. მაგიდიდან ვდგები, სკივრს თავს ვხსნი, შიგ წერილების გროვა მხვდება, ამ ერთსაც ზედ ვამატებ, გრამაფონზე ფირფიტას ვატრიალებ.. “Pretend you’re happy when you’re blue It isn’t very hard to do “, თითქოს ჩემს ოთახში და ერთი მარტოსული მწერლის გონებაშიც ჟღერს ნათ კინგ ქოული. შუქს ვაქრობ და მისი ოთახის წარმოდგენაში ნელ-ნელა მუსიკის ტალღებში ვიძირები.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: