Skip to content

თევზაობა ცაზე

June 20, 2014



წამო ვითევზაოთ ცაზე, ვარსკვლავები დავიჭიროთ. ყველა მათგანი ოქროსია და თითო-თითო სურვილს აგვისრულებენ. წადი დაუძახე შენს მეგობრებს, ცა მოვხვეტოთ, დავაბნელოთ. მერე სხვებს მოვუყვეთ, ვიტრაბახოთ  მაისის საღამოზე, ჩვენს თევზაობაზე, ჩვენ მიერ მოსუფთავებულ ცაზე. დაღლილებს რომ ღრუბლებზე ჩამოგვეძინა, დილით კი ერთმანეთისგან უსასრულოდ შორს გამოგვეღვიძა. როცა ქარმა დაუბერა, წვიმას მიწაზე როგორ ჩამოვყევით. მერე ჩვენი მოგზაურობა ზღაპრებში რომ ჩაწერეს “ცხრა მთა და ცხრა ზღვა”, არადა შვიდი იყო. ოთხი ჩემი ზღვა, სამიც შენი – ექვსი შენი მთა, ერთიც ჩემი. გამახსენე ის შეხვედრა, მგონი უკვე დამავიწყდა, გამოვლილმა გზამ მხოლოდ ახლა გადამღალა. დამიწენი თმა, როგორც მაშინ, როცა ჩემი მეგობარი გერქვა. გამახსენდა, როგორ ითვლიდი თმის ნაწილებს, მერე აყოლებდი ერთს მეორეს, მარჯვნივ.. მარცხნივ.. ისევ მარჯვნივ. შენი ჩაბნეული ყვავილები იქამდე არ მოვიშორე, ვიდრე თმებში არ ჩამაჭკნენ, მათი კი ისევ ისეთი სიამოვნებით აღარ კრეფ. რა უმისამართოდ ვიმეორებ გულში ჩემს სურვილებს, არავის ვეუბნები, მაგრამ მინდა ჩემი სიჩუმე ესმოდეთ.. დაველოდები, იქნებ ოდესმე, ვინმე გაიგონებს. იცი, როგორი სიტყვაა ‘ოდესმე’? დამანგრეველი. ბევრი ამბობს იმედიანიო, მაგრამ ტყუილია. ოდესმე ყველაზე ახლოს მდგომი სიტყვაა ‘არასდროსთან’. ამ უცხო ქალაქში მხოლოდ ცა მეცნობა, დაჭერილი ვარსკვლავები ზურგჩანთაში მიწყვია და უკან მიმაქვს, ცაში. სიბნელეა საშინელი, თურმე როგორ დავაშავე, მხოლოდ ჩემს თავზე რომ ვფიქრობდი, არა, მათზეც ვინც მიყვარდა, მაგრამ ახლა აღარავინაა.. მათთან დავრჩი ვისაც ვარსკვლავები წავართვი, ვისთვისაც – მიმატოვეს. რა მოხდა და რაც ყოველთვის – ცხოვრებას გაახსენდა, რომ პროფესიით მასწავლებელია.

მარტო ვიყავი, სულმა სხეულიდან ამომძახა, თუმცა თითქოს სხვამ, შორეულმა მეგობარმა: “თავი მაღლა. წინ იარე, იყავი ჰარმონიაში საკუთარ თავთან და კაცობრიობასთან. მე ვხედავ შენ სულს და გაჩვენებ საკუთარსაც. იყავი გულწრფელი, მომთმენი, კეთილი, თავმდაბალი და თქვი ყოველთვის სიმართლე. არ დამალო ემოციები, მხოლოდ ისინი დარჩებიან შენთან ბოლომდე. დაუბრუნე ადამიანებს, რაც წაართვი. მიიღე მხოლოდ ის, რასაც თავად გითმობენ. და თუ შენი გული სიყვარულითაა სავსე, არასდროს დანებდე. არც მაშინ, თუკი ციდან ვარსკვლავები მოიპარეს და ირგვლივ უკუნი სიბნელეა, თუკი საკუთარი ცა თავადვე დააბნელე..” დაფიქრდი, იქნებ სხვა ცებიც არსებობენ, სულ არ მადარდებს ამ სიტყვას მრავლობითი გააჩნია თუ არა, ჩემი მარტოობაა მრავლობითი, მე ცები მინდა, ერთი არ მყოფნის.. კიდევ უთვალავი ვარსკვლავი ან იქნებ სულაც გალაქტიკა. მინდა მუდმივად ვეძებო, დავიკარგო და როცა არ ვიცი სად მივდივარ, ნებისმიერმა გზამ იქ მიმიყვანოს..

 

2 Comments leave one →
  1. June 20, 2014 12:02

    მიიღე მხოლოდ ის, რასაც თავად გითმობენ….ვაუჰ.

  2. M.M permalink
    June 20, 2014 18:03

    კარგი ხარ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: