Skip to content

მძიმე დროება

October 7, 2013

დიდი ხანია თქვენთვის საინტერესო ამბავი აღარ მომიყოლია. იქნებ, ეს იმის ბრალია რომ საინტერესო არც არაფერი ხდება ან იქნებ, სულაც იმის რომ წერას გადავეჩვიე.. ასეა, ნამდვილად, როგორც შეეჩვევი ისევე გადაეჩვევიო, ჰოდა ეგ დღეც მოვიდა. მაგრამ მე არ მჩვევია დანებება, რაც მიყვარს იმას არ ვთმობ. ჰოდა, წერა მიყვარს, ამიტომაც დავწერ..

ეს არ იყო უბრალოდ მაშინ და არც პეტერბურგში. ეს არც დაგეგმილი იყო. მოულოდნელობა, აი, რა აფერადებს ჩვენს შავ-თეთრ ცხოვრებას. მივდიოდი ჩემთვის რუსთაველის გამზირზე, გზა უნდა გადამეკვეთა, მიწისქვეშა გადასასვლელს მივუახლოვდი და ის დავინახე. დიდი, ნათელი, ჭკვიანი თვალებით იყურებოდა. უბრალო, მაგრამ თბილი მზერა იყო. დავინახე ეს თვალები და ვიგრძენი, როგორ ებრძოდნენ დაღლა და სიმამაცე მასში ერთმანეთს.

“-შენსავით ლამაზი ყვავილები თან გაიყოლე, გოგონა..” – გავიგონე ხმა, ისეთი, თითქოს ქარმა დაუბერა, ღიად დარჩენილი ფანჯარა იქვე მაგიდაზე მდგარ ლარნაკს მიანარცხა და იატაკზე ფერადი მინდვრის ყვავილები გაიშალა. მსხვრევის ხმა ვერ გავიგე, მოხუცის თვალებში ჩავიძირე, ვიხრჩობოდი, წყალი კი სევდა და ტკივილი იყო. ჩემს ირგვლივ ყველა სუნთქავდა, თავისუფლად მოძრაობდა, მე კი ვუყურებდი ჭაღარა, ჩია კაცს და მინდოდა ყველა მისი ყვავილისთვის მომეხვია ხელი, სახლში წამეღო და ყველაფერი გამეკეთბინა, რომ არასოდეს დამჭკნარიყვნენ. მწარე რეალობამ გამომაფხიზლა, დედამიწაზე დამაბრუნდა, მაშინ როცა ჩემი ყვავილებისთვის ლარნაკებს ვეძებდი, მათთვის სამყოფი სახლში არ მქონდა..

ციოდა. წვიმაც წამოვიდა. ორჯერ გაიელვა, სხვა დროს სირბილით განვაგრძობდი გზას, მაგრამ მოხუცმა ყვავილების ყუთებში ჩალაგება დაიწყო, აქამდე გაშეშებული მაშინვე მისკენ გავემართე:

“-მოგეხმარებით..” – ვუთხარი ჩუმად, რადგან ვიფიქრე, ოდნავ ხმამაღალი ტონი და ამ თვალების პატრონი უხეშ სიტყვას ძნელად თუ გადაიტანენ-მეთქი.

“-მადლობ, გენაცვალე..” – თვალებიდან სითბო სიტყვაში გადმოღვარა. წვიმდა, მე და მოხუცი კი ნელა, აუჩქარებლად ვალაგებდით ფერად ყვავილებს ყუთებში. – “ღამით აქ დავტოვებ, დილით კი დამჭკნარს და გაფუჭებულს გადავყრი, ახლებს სახლიდან მოვიტან და ისე შევავსებ დანაკარგს..”

ჩალაგება დავასრულეთ. გავუღიმე და წასვლა დავაპირე. მოხუცმა ვარდისფერ ვარდებში გარეულ ერთადერთ ნარინჯისფერ ვარდს მოკიდა ხელი და გამომიწოდა.

“-ვიცოდი, რომ ჩემს საყვარელ ბაღში ეს ერთადერთი, განსაკუთრებული ფერის ყვავილი ასეთივე ვინმესთვის ამოვიდა. მეშვიდე დღეა თან მაქვს და ჯერაც არ დამჭკნარა. რამდენჯერმე ვცადე ვარდების თაიგულში ჩამერია ლამაზი გოგონებისთვის, შეყვარებული ბიჭებისთვის მაგრამ შეამჩნიეს რომ სხვა ფერის იყო და უკან დამიბრუნეს, იფიქრეს, მოხუცია და ფერები აერიაო. და აი, შენც მოხვედი.. შენ გელოდებოდა, შენთვის გაიზარდა, შენსავით განსხვავებულია..”

აბა რა უნდა მეთქვა, ვარდი გამოვართვი, დავემშვიდობე და გზა გადავკვეთე. გავიფიქრე, ალბათ, რამე განსაკუთრებული ჯიშია და კიდევ რამდენიმე დღე ჩემს ოთახს დაამშვენებს-მეთქი. მეორე დღეს ლარნაკში ჩამომჭკნარი ვიპოვე. თაროდან გამოვიღე ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” , უბრალოდ რომელიღაც გვერდზე გადავშალე და შიგ ჩავდე, უფრო სწორედ შევინახე, როგორც განსაკუთრებული და განსხვავებული მოგონება. რა ცოტა გვინდა ადამიანებს ბედნიერებისთვის, არა ნივთები, მაგრამ ისტორია რომელიც მათ თან ახლავს; გვინდა მხოლოდ ღიმილი მთელი დღე ყავილების დახლთან მდგარი გადაღლილი მოხუცისგან ან ჩახუტება დიდი ხნის უნახავი მეგობრისგან; ადამიანი, რომელიც გვიყურებს, არა იმიტომ რომ ჩვენგან რამეს ელის, არამედ იმიტომ რომ ბედნიერია მხოლოდ ჩვენი არსებობით; გვინდა მხოლოდ სითბო შემოდგომის სუსხს რომ შეებრძოლოს და ვინმე, ვინც ჩაის მოგვიმზადებს ცივ ზამთარში; ვინმე, ვისაც უყვარს როგორ ფრთხილად ვიწმენდთ ხელით ლოყებსა და შუბლს, როცა გვცხელა; როგორ ვმალავთ ხელებს სვიტერის გრძელ ტოტებში, როცა გცივა; როგორ ვათამაშებთ ფეხებს, როცა ცეკვა გვინდა და ვერ გაგვიბედავს; ვინმე ვისაც უყვარს, როგორ გვიყვარს და არ ვეუბნებით.

მძიმე დროებაა მეოცნებესთვის, მკითხველო, ძალიან მძიმე..

2 Comments leave one →
  1. October 8, 2013 15:57

    ნამდვილად მძიმე დროა… ისტორიებით ვცხოვრობთ და ხშირად ვერც კი ვამჩნევთ !!!

  2. October 8, 2013 17:46

    magaria aseti ram 13 wlis ganmavlobashi ar wamikitxavs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: