Skip to content

ბლაინდი

September 20, 2013

ბლაინდი – ქართული ანბანით ჩაწერილი ინგლისური წარმოშობის სიტყვა, მნიშ. – ბრმა

ნაწყვეტი ჩანაწერებიდან, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული..

21 ოქტომბერი, 2013, ცხოვრება დამოუკიდებლად ანუ როცა მხოლოდ გსმენია

ოთახში ლამაზი, მელოდიური მუსიკა ჟღერს, ისეთივე როგორიც ჩემი ცხოვრება, მაგრამ ეს უკანასკნელი ისევე განსაკუთრებით არ მიყვარს, როგორც თავად ეს სიმღერა, First Aid Kit – blue. მიკვირს, მაგრამ არ ვიმჩნევ, როდესაც მეუბნებიან ჯერ არ მინახავს შენს მდგომარეობაში მყოფი ასეთი სიცოცხლის მოყვარული ადამიანიო. ისე კი, მეც მიკვირს იმ ადამიანების თავად რომ აშავთეთრებენ საკუთარ ცხოვრებას. ამბობენ, უმიზეზოდ არაფერი ხდებაო, მაგრამ ხანდახან უბრალოდ თავისთავად ხდება, ხანდახან ჩვენ თვითონ ვაკეთებთ არჩევანს და ეს “ხანდახან” არც ისე ცოტაა ჩვენ რომ გვგონია. ეს “ხანდახანაა” მთელი ჩვენი ცხოვრება.

მუსიკას ავუწიე. არ მინდა მეზობლები შევაწუხო ან მათი ყურადღება მივიქციო, მარტო ყოფნა ყველაფერს მირჩევნია, ვიყო შეუმჩნეველი, აი, ჩემი მიზანი ამ ცხოვრებაში. უფრო სწორედ მარტო არ ვარ, მე და ჯესი, ჩემი ძაღლი, ვცხოვრობთ ერთად. ახლა შემოდგომაა, ფოთოლცვენა. ფოთოლცვენაზე მსმენია (მაპატიეთ, ბევრჯერ მოგიწევთ ამ სიტყვის მოსმენა ჩემგან, თითქმის ყველაფერი მე მხოლოდ მსმენია) ლამაზიაო. მოყვითალო, მოწითალო ფოთლები ჰაერში ირევიან ქაოსურად, ქუჩაში სეირნობისას სახეში მეხეთქებიან და მე მათ ვხედავ! ვხედავ საკუთარ თავს, მდგარს ტროტუარზე, ჭადრების ქვეშ, ველოდები როდის დაუბერავს ქარი მთელი ძალით და აი ისიც, ხის ტოტები ირხევიან, ფერად ფოთლებს თავზე მაყრიან, თითქოს ჩემი სურვილი გამოიცნო ბუნებამო. ჯესი მოუსვენრად მექაჩება, წავიდეთ, ვისეირნოთო და მეც მივყვები.

ოჯახიც ოთხი წლის წინ მივატოვე. რომ იცოდეთ რა დღეში ჩავარდა დედაჩემი, როცა უსინათლო ქალიშვილმა განუცხადა მარტო გადავდივარ საცხოვრებლადო. თავიდან, რამდენიმე წუთით, ჩუმად იყო, ვერაფერი თქვა.. შემდეგ კი აზრი არ აქვს, მგონი არცერთი სიტყვა მახსოვს ისედაც, ბევრი ილაპარაკა, მეტი არაფერი. რამდენიმე დღეში ბინა ვიქირავე ფოსტის შენობასთან ახლოს, თავიდან ბინის პატრონი დაიბნა, ვერ გადაწყვიტა აეყვანა თუ არა ბრმა მდგმური, მაგრამ საბედნიეროდ ბოლოს გადაწყვიტა.  იმავე ფოსტაში წერილებს მარკებს ვაკრავ, აი ჩემი სამუშაო, რომელიც მიყვარს და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას მაძლევს.

მინდა, თუ ოდესმე ამ ჩანაწერებს ვინმე წაიკთხავს ჩემს გვერდით იგრძნოს თავი და არა ჩემს ადგილას. მხოლოდ მკითხველი, სხვა არავინ მინდა, ისინი საუკეთესონი არიან, გითანაგრძნობენ, მაგრამ მთავარია ეს სიბრალული შენამდე ვერ აღწევს, ასე ჩემთვის მარტივია.

დილით მე და ჯესიმ როგორ ყოველთვის ვისეირნეთ, შემდეგ ვისაუზმეთ , მე გრილი, მაგარი ყავა მივირთვი, ჯესიმ კი რძითა და საკუთარი საკვებით ჩაიტკბარუნა პირი. მერე თათი მუსიკალურ ცენტრის საჭირო ღილაკს მიაჭირა და ოთახიც მუსიკის ჰანგებით გაიჟღინთა.

“-ჩემი ჭკვიანი მეგობარი” – ვეფერები ჩემს მონაპოვარს. სამწუხაროდ თვითონ არ გამიზრდია. მაგრამ ერთად გატარებული წლები სულაც არ ნიშნავს მეტ სიყვარულს, ზოგჯერ უბრალოდ დაინახავ, ერთხელ შეეხები და თითქოს საუკუნეა შენი სულის ნათესავიაო. ასე იყო ჩემი და ჯესის შემთხვევაში, ძაღლთა თავშესაფარში უკვე კარგად გააზრებული მიზნით მივედი და ისინიც მაშინვე მიხვდნენ, რომ ჩემი ძაღლი ე.წ. ჩემი მარჯვენა ხელი უნდა ყოფილიყო. ჯესი მეტიც გახდა – მეგობარი. ნელ-ნელა ისწავლა ყველაფერი, რაშიც დახმარება მჭირდებოდა და მეტიც, რაც საჭირო არც იყო. ჭკვიანია, თანაც მეგობრული, მეტი რა უნდა მოსთხოვო ოთხფეხა არსებას. უკვე ოთხი წელია რაც ერთად ვართ, მას 8 წელი უსრულდება, მე – 22. არ ვიცოდი მისი დაბადების დღე, როდის იყო ამიტომ, ჩვენს, ორივეს დაბადების დღეს 17 დეკემბერს აღვნიშნავთ ხოლმე.

ვინ არ იცის როგორ გამოიყურება სამყარო, მეც კი, მაგრამ მე გონებით ვიცი და არა თვალით. მე უსინათლო ვარ, ბრმა, ეს სიტყვა უფრო გამოყენებადია..

“არა, შვილო, ნუ უწოდებ მას ბრმას.. უსინათლო, ესაა სწორი სიტყვა” – ჩასჩურჩულებენ დედები შვილებს. რა მნიშვნელობა აქვს ქალბატონო, ჩვენთვის მაინც სულერთია.

როდიდან ვარ ბრმა? დასაბამიდან. რაც თავი მახსოვს, როგორ მახსოვს ვერ გეტყვით, ვიზუალურად ნამდვილად არა, მე არასდროს შემიხედავს სარკეში საკუთარი თავისთვის, არა ამაზე გული ნამდვილად არ მწყდება, ალბათ იმედგაცრუებას გადავურჩი. მაგრამ , რატომ უცრუვდებათ იმედები, როდესაც საკუთარ თავს სარკეში ხედავენ, ამაზე მსმენია, მაგრამ არ მესმის, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ.. სიტყვების ლამაზისა და უშნოს მნიშვნელობაც ბოლომდე ვერ გამირკვევია. ამბობენ, მას დიდი ცხვირი აქვს ესე იგი უშნოაო, მეორეს კი პატარა და რა ლამაზიაო. საერთოდ ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს ცხვირისა თუ ფეხის სიგრძეს, მთავარი ხომ ადამიანია? მე სიტყვა “ლამაზი” სხვანაირად მესმის და ეს ის მომენტია, როდესაც არ მაწუხებს ის ამბავი, რომ ვერ ვხედავ და ამაყი ვარ, რომ მხოლოდ თვალებით არ ვცხოვრობ.

ბავშვობაში დედა ძალით მატარებდა უსინათლოთა სკოლა-პანსიონში. კარგი მოსწავლე ვიყავი, კითხვა ძალიან შემიყვარდა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე ცხოვრება წიგნებისთვის მიმეძღვნა. რთული იყო იმედგაცრუების გადატანა, როცა სასურველ წიგნს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილს ვერ ვპოულობდი, მაგრამ მერე ამასაც მივეჩვიე, ისევე როგორც სიბრმავეს.

ჩვენ, ბრმები, არ ვართ შთაბეჭდილებებს მოკლებული, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. წიგნი, მუსიკა, ცეკვა ისეთივე ემოციებს გვაწვდის, როგორც თქვენ თვალხილულ ადამიანებს, ეს ის მცირე ჩამოანთვალია, რომელთაც თვალები არ სჭირდებათ, მათ თქვენი გული და გონება სურთ, ჩვენც თქვენსავით ორივე გვაქვს.

იცით, ვაღიარებ, არსებობს ერთი რამ, რისი ვერ ნახვაც გულს საშინლად მტკენს. მზეს ვგულისხმობ, მის ჩასვლასა  და ამოსვლას. ეს წიგნებს უნდა დავაბრალო, მწერლებს ძალიან უყვართ ამ ორი მოვლენის აღწერა, მეც ვკითხულობ და ვხედავ, მაგრამ ისევ და ისევ გონებით.. არასდროს მექნება, ამის საკუთარი თვალებით ხილვის საშუალება და სულ ცოტა გული მწყდება.

თუმცა, მაინც ტყუილად გგონიათ, რომ მე არ შემიძლია ჩავწვდე რეალობას, რომელსაც მხოლოდ სიტყვები მაძლევს, მე ეს შემიძლია, რადგან მთავარია გრძნობები მაქვს, თქვენგან ერთით ნაკლები უნარი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს..

One Comment leave one →
  1. მაგა რაიუელა permalink
    October 14, 2013 09:45

    ლამაზია………

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: