Skip to content

მოხეტიალე

August 9, 2013

ხმელი ხის ნაჭრები დააყარეს და კოცონი აგიზგიზდა. ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპარება ნისლი ტყის სიღრმიდან, ცოტაც და ირგვლივ რამის გარჩევა გაჭირდება. ჟრუანტელის მომგვრელი ნაცრისფერი დააბრმავებს უდაბური ტყის სტუმრებს. მაგრამ გარემოს ეშლება, ამჯერად მშიშრები არ ესტუმრნენ.. გამბედავმა ადამიანებმა, ჯიუტად წაუკიდეს მის გულს ცეცხლი.

გჯერათ მოჩვენებების, ე.წ. აფორიაქებული სულებისა და საერთოდ მისტიკის? მე – კი. აბიგაილმა დამაჯერა.

აბიგაილი, იმ იშვიათ გოგონათაგან ერთ-ერთია, რომელთაც სიბნელისა და ობობების არ ეშინიათ. რაც თავი ახსოვს სულ მარტო იყო და შუაგულ ტყეში ცხოვრობდა, პატარა ხის ქოხში. ბავშვობიდან აგროვებდა ფერად, ჭრელ პეპლებს. ჯერ კიდევ ცოცხალ ამ პატარა, ფარფატა არსებებს ჭიკარტით მისთვის ასე ძვირფას ხის დაფაზე მიაკრავდა. რამდენიმე წუთში მწერი ფართხალს წყვეტდა და სამუდამოდ რჩებოდა კოლექციის ნაწილად. ვინ იცის ყოველი მათგანის სამდღიანი ცხოვრებიდან, მერამდენე დღეს მოხვდნენ აბიგაილის ბადეში, გოგონა ასეთ რაღაცებზე ნაკლებად ფიქრობდა, სამაგიეროდ, იმ წამშივე წარმოიდგენდა, როგორ გამოაცოცხლებდა ახალი პეპლის ფერთა გამა მის დაფას.

ოთახში არასდროს წმენდდა ობობების მიერ გაკეთებულ ქსელებს. ძალიან ლამაზ ნამუშევრად მიიჩნევდა თითოეულ ბადეს. მისი ოთახის სტუმრებს სახელები დაარქვა. მილას და ლეოპოლდს, ობობებს, შეჯიბრი ჰქონდათ. დილით გაღვიძებული აბიგაილი, თვალებს გაახელდა თუ არა ჭერს მიაშტერდებოდა და ამბობდა: “ჰმ, მილა, ლეოპოლდმა გაჯობა!!” ან “ყოჩაღ, ლეოპოლდ, როგორც ყოველთვის უზარმაზარი და თანაც ულამაზესი ქსელი დაგიხლართავსო.”

როცა წვიმდა, გოგონას ოთახშიც წვიმდა. ჭერში სპეციალურად გააკეთა რამდენიმე ნახვრეტი, წვიმის წვეთები რომ ქსელებს დასცემოდნენ და ამ მშვენიერი სურათის ცქერით დამტკბარიყო. ყოველი წვეთის იატაკზე დაცემისას, მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლიდა და ასეთ ღამეში ეძინებოდა ისე ტკბილად, როგორც არცერთ ადამიანს სძინებია არასდროს ამქვეყნად..

მის ფორტეპიანოს ისეთივე ხმა ჰქონდა, როგორიც სხვა დანარჩენს. აბიგაილმა მასზე დაკვრა იცოდა, მაგრამ ვინ ასწავლა და როდის – არა. როცა მასსავით მიტოვებულ კლავიშებს გრძელი, ლამაზი თითებით შეეხებოდა, აი, იმ თითებით რამდენიმე წუთის წინ საბრალო, მაგრამ მშვენიერი პეპელა რომ მიაკრეს დაფაზე. შიგ გულში მოხვდა მწერს ცივი ლითონის პატარა ნაგლეჯი. ამ წამს იგივე თითები კი მშვენიერ მელოდიას აჟღერებენ ფორტეპიანოზე, შეიძლებე რექვიემს. ახლაც მელოდიურად იწვის მისი ნარჩენები კოცონში. შავ-თეთრი კლავიშები ნელ-ნელა იღვენთებიან სანთლებივით, მაგრამ ახლა არ ხმაურობენ.. სიჩუმით ეგებებიან გარდაცვალებას.

ახლა მისი სახლის ნარჩენები კოცონს აგიზგიზებენ. დიდი ხანია აბიგაილის სხეული და სული ერთმანეთს გაეყარა. სულ 246 მილა ჰყავდა და ამდენივე ლეოპოლდი, ორი უკანასკნელი მათგანი მოესწრო ამ მომენტს. გოგონა ახლა შორიდან შეჰყურებს, როგორ იწვის მისი საყვარელი ქოხი და ცეცხლის ალი ისევე გიზგიზებს მის თვალებში, როგორც ტყის შუაგულში. შეაშინოს ტყის სტუმრები, სულელი ახალგაზრდები, რომლებმაც ასე დაუდევრად აქციეს ნაცრად ყველაფერი, რასაც მისთვის მნიშვნელობა ჰქონდა, თუ აპატიოს? არ, სულებს არ შეუძლიათ პატიება, აბიგაილი კი ახლა აფორიაქებული სულია..

სამხრეთიდან ქარმა დაუბერა. ძლიერდება ნელ-ნელა. ჯერ ერთ ხეს მოედო ცეცხლი, შემდეგ – მეორეს.. მიძინებული ცხოველები დაფრთხნენ, ფრინველებმა ცას მიაშურეს.. თითქოს ტყე ახმაურდა, შველა ითხოვა, ამაოდ.. ტყე აბიგაილისაა და მას სურს, რომ მთლიანად დაიწვას და განადგურდეს ადგილი, სადაც მისი ქოხი აღარ დგას. მისი პეპლების კოლექცია აღარ არსებობს. მილამ და ლეოპოლდმაც მიატოვეს.. ახლა ამ გარემოს აღარაფერი ხდის ძვირფასს. მთელი ღამე იწვოდა ტყე. დიდი შავი ლაქა დარჩა დედამიწაზე.

დილით იწვიმა.

შავ მიწაზე თეთრი პეპელა დაფარფატებს და უშედეგოდ ეძებს რაღაცას, ალბათ სურნელოვან ყვავილს. ყველა, ვინც ხეტიალობს დაკარგული როდია..  კიდევ სამი დღე აქვს მწერს, თუ იქამდე ბადით არ გამოიჭირეს..

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: