Skip to content

დეტალები

July 23, 2013

ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. შენც, მეც და შენი მეზობლის ფისოსაც, დილაობით კნავილით რომ აღვიძებს ხოლმე დილით ძილის მოყვარულ პატრონს. სინამდვილეში შენ უფრო ადრე გეღვიძება მის ერთგვარ “ძახილზე”, ვიდრე თავად მის პატრონს. სადარბაზოში რამდენჯერმე სთხოვე, რომ კარგად გამოკვებოს ცხოველი, თორემ გაექცევა.. სწორად მოიქეცი, მერე რა რომ “რა შენი საქმეა” სახით შემოგხედა, ასეც უნდა ყოფილიყო.

სულაც არ არის შენი ფანჯრიდან საინტერესო ხედი, ყოველ დილით რომ დაკვირვებული სახით გაჰყურებ. სხვათაშორის მესამე წელია არაფერი შეცვლილა, არც ერთი შენობის ფერი, თუ სიმაღლე.. ისევ იგივეა, რაც პირველად ფანჯრიდან გახედვის დღეს იყო და მაინც ყოველ დილით არ შორდება შენს სახეს ძლიერი ინტერესი ერთი და იმავე სურათის შემხედვარეს. შეამჩნიე გოგონა გახუნებულ, ოთხსართულიან შენობაში? ჰო, მის სახლსაც ისეთივე დიდი ფანჯრები აქვს, როგორიც შენსას და ყოველ დილით გაჰყურებს რაღაცას, არც თუ ისე შორს, მაგრამ არც ახლოს.. ყოველ დილით ერთი და იგივე ღიმილი, როგორ ახერხებს.. როცა ხედავ, თითქოს ჩიტები სხეულიდან გშორდებიან და საოცარი სისწრაფით ცაში იჭრებიან. ეს, ალბათ,  რაღაცას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ რას? გამეორება გამონათქვამის “იცი რომ არაფერიც არ იცი” , გარწმუნებს, რომ რაღაც მაინც იცი და შენც იმეორებ.. შავი მინდვრის ყვავილიც მოგშორდა ტერფიდან და გოგონასკენ გაფრინდა, მისი ღიმილი გაოცებამ შეცვალა, მერე ისევ ღიმილმა.. ფანჯრები დახურა და შენც მოგესმა: “But I’m a creep.. I’m a weirdo..”

გვერდით ოთახში დომინოს თამაშობენ. უიღბლოა ის, ვისაც ორი ექვსიანი მოუვიდა, მაგრამ მაგიდაზე არც ერთი ექვსიანი დახვდა, შერჩა ხელში თავის მაღალი ქულა.. რატომ მეც არ ვითამაშებ? ალბათ იმიტომ რომ თამაში არ მიყვარს, არც დომინოსი და არც კიდევ ერთის, სახელად “ცხოვრების”. უბრალოდ, იყო შენთვის და ფიქრობდე უნაკლო სულსა და სხეულზე, ბევრად მარტივია, მისი მიღებაა რთული, უფრო სწორად შეუძლებელი თორემ.. ყველაფერს გააკეთებდი, თუნდაც შენი ღია ფანჯრიდან გადაეშვებოდი და ჩიტად იქცეოდი. დარწმუნებული რომ იყო სწორედ ჩიტად და არა სხვად.. ჯერ ფიქრობ, როგორ დარწმუნდე.

როგორ ფიქრობ, ეს ჩვენ ვანიჭებთ ზედმეტ მნიშვნელობას საგნებსა და მოვლენებს, თუ მართლა ასე მნიშვნელოვანია ზოგი მათგანი? ყოველი შენი დილის ფინჯანი ჩაი, მეზობლის ფისო, ხედი შენი ფანჯრიდან, გოგონა ოთხსართულიან შენობაში, წვიმიანი დღე, პირველი შვილის სახელი, მარილის რაოდენობა პურის ცომში, ნაყინის შესაფუთი ქაღალდები, ნაძვის ხის სათამაშოები, ზამთარში მარტოდ შემორჩენილი ბეღურა და პირველი კოცნა.. საუბარი (თუ ფიქრი) საკუთარ თავთან, შენ ხომ ასეთი დაკვირვებული ხარ, ისე როგორც არავინ სხვა და მაინც შენს შენობას აწერია “ფსიქიატრიული საავადმყოფო”, დანარჩენებისას კი მხოლოდ ქუჩის სახელი და რამდენიმე ციფრი.. სამაგიეროდ, შენ არ გეშინია სიბნელის, არც მარტოობის, საერთოდ არაფრის..

გაიხედე, გოგონა შენ გიღიმის. რას შეიძლება ნიშნავდეს აწეული ხელი და მომღიმარი სახე? თითქოს მახსოვს ეს ჟესტი, მაგრამ დიდი ხანია აღარ მინახავს.. აივანზე ჩუმად მოიპარება მეზობლის კატა, მგონი ცოტა რძე ისევ უნდა იყოს დარჩენილი, საერთო მაცივარში..

2 Comments leave one →
  1. July 26, 2013 21:36

    ფბ-ზე გეწერა, რომ როცა რამეს ვკითხულობო, მაშინვე იმ მუსიკაზე ვფიქრებ, რომელიც მოუხდებოდა, ჰოდა მე რომ შენს ბლოგზე შმოვდივარ ჯერ მუსიკას ვუსმენ ხოლმე.🙂

    • July 27, 2013 00:15

      მუსიკის გარეშე, არაფერიიც არ ვარგაა..🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: