Skip to content

კენკრა

May 27, 2013

იგი სადღაც შორს, მთებს გადაღმა ცხოვრობდა და მეტად უცნაური იყო. არა ჩვეულებრივად უცნაური.. რაღაც უცნაურად უცნაური.. მარტოსული, მაგრამ ბედნიერი. და ტყეში გაჭრილი გზის დასასრულს გაგაოცებდათ უზარმაზარი კენკრის ბუჩქის ხილვა.. კიდევ უფრო მეტად მისი პატრონი.

 

– მიირთვი, გემრიელია..

– ნუთუ თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ადამიანთან დასაახლოვებელი გზა კუჭზე გადისო რომ ფიქრობს?

– განა ასე ვინმე ფიქრობს? მამაკაცებზე მსმენია მსგავსი რამ, მაგრამ ყველაზე? აჰ,არა.. მე უბრალოდ ვცდილობ ვიყო კარგი მასპინძელი. ისე კი, მართალია, ჩემს კენკრას ვუმადლი ბევრთან სიახლოვეს. ჩემს ეზოში მის ბუჩქს რომ მოჰკრავენ თვალს, ერთ-ორს ჩუმად მოსწყვეტენ, მერე კი კალათით ბრუნდებიან.. მეც სიამოვნებით ვუნაწილებ მათ, თვითონ ნახე, ბევრი მაქვს. აბა რად მინდა თუ ვინმეს არ გავუნაწილე. მე სულ მარტო ვარ, თითქმის.. მხოლოდ იშვიათად მსტუმრობენ, ისიც ჩემი კენკრის გამო. მარწყვი, ჟოლო, მაყვალიც კი მაქვს.. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე დავრგე ბუჩქები, მაგრამ შემდეგ ერთმანეთში გადაიზარდა და ასე შეიქნა ერთ უზარმაზარ კენკრის ბუჩქად, სამივე ხილს რომ ერთად ისხამს..

– როგორ მოხდა რომ ზამთარს გაუძლო და არ გაგიხმათ?

– მარტივად, მოფრთხილებით. ყველაფერი იარსებებს იქამდე, ვიდრე მას ვინმე უფრთხილდება.

– თქვენ რომ მარტო ხართ.. ვინ გიფრთხილდებათ თქვენ?

– განა ახლა მე მარტო ვარ? აბა თქვენ სად ხართ? აი აქ, ჩემს გვერდით, ჩემს სახლში.. საკუთარ თავს კი თვითონ ვუფრთხილდები. მე ხომ არ მითქვამს აუცილებლად ვინმე სხვა უნდა მოუფრთხილდეს-მეთქი..

ჩვენს თავს ბევრი რამ ხდება. ცვლილებები განუწყვეტლივ მიმდინარებოს, მაგრამ ისინი მე არ მეხება, უფრო სწორედ არც მთლად ასეა საქმე. არც ასე მარტო ვარ დედამიწაზე, მე და სხვები.. აი ჩემნაირები, არაფერი რომ აღარ დარჩენიათ სიცოცხლის მეტი. ჩვენც ვარსებობთ და ვუფრთხილდებით საკუთარ თავს.

– გეწყინებათ რომ გითხრათ, რომ მხოლოდ ცნობისმოყვარეობამ მომიყვანა თქვენთან. როცა ასე გადაწითლებული ბუჩქი დავინახე, მაშინვე იმ ფიქრმა შემიპყრო ვინ უვლიდა მას.. ჰოდა ამიტომაც შემოვედი, თორემ კენკრა არ მიყვარს.. არც კალათი მომიტანია თან.

– აი თურმე რატომ არ დააკარეთ პირი.. იცით, ამბობენ ამ ქვეყნად ყველაფერი ილუზიააო, მიუხედავად იმისა რომ სხვა ქვეყანაზეც არაფერი ვიცით. მუდმივ მუცლის ტკივილზე გსმენიათ რამე? ერთმა საინტერესო მწერალმა თქვა ასე: ვიბადებით, მერე განუწყვეტლივ მუცელი გვკტკივა და ბოლოს ვკვდებითო. ცხოვრება მუცლის ტკივილს მიადარა, წარმოგიდგენია? მე მას უფრო დიდ ფერად საჰაერო ბუშტს ვუწოდებდი, მთავარია საით დაუბერავს მას ქარი.. ქარი ჩვენ თვითონ ვართ, პრობლემა კი ისაა რომ გზა არ ვიცით და ვიდრე ღრუბლების ქულებში გაგვირჩევია სწორი გზა, ხან ჩრდილოეთით ვმგზავრობთ და ხანაც სამხრეთით..  აღმოსავლეთი ყოველთვის უკან გვრჩება. იქეთ არის რაღაც, რაც გვაშინებს. უცნაურ შუქს გაუნათებია იქაურობა და ჩვენ განა მხოლოდ სიბნელის გვეშინია. და სწორედ ამ დროს იქნებოდა კარგი, ყველა თქვენსავით შეეპყრო ცნობისმოყვარეობას.. სწორ გზას დაადგებოდნენ.

– ეს რამით ჩემს თქვენთან სტუმრობას უკავშირდება?

– არა, არაფრით. უბრალოდ, დიდი ხანია სტუმრად არავინ მყოლია..

– გასაგებია.. თქვენს თავზე მიამბეთ რამე..

– რა უნდა ჰქონდეს მოსაყოლი ადამიანს, რომელსაც სახლიდან ფეხი არასდროს გაუდგამს და მთელი მისი ცხოვრება მარტოობაში გაატარა. წაიკითხა სახლში არსებული ყველა წიგნი და მისი ერთადერთი თავშესაფარი – ბაღია. კენკრის ბაღი. იქნებ შემიძლია თავი ბედნიერად მოვაჩვენო სტუმრებს, მაგრამ მოჩვენებითი ბედნიერება, ხომ უფრო მეტი ტანჯვაა, ვიდრე თავად უბედურება..

– მაშინ ის მითხარით, მხოლოდ წიგნებში როგორია სამყარო?

– მშვენიერი, მაგრამ სევდისმომგვრელი ისევე, როგორ ნებისმიერი მშვენიერი რამ ამქვეყნად. რადგან ყველამ ვიცით, რომ მშვენიერება ყოველთვის ჭკნება. არც კი მესმის, რატომ გიჭირთ ასე ადამიანებს აქაურობის მიტოვება..

– ალბათ იმიტომ, რომ საყვარელი ადამიანების მიტოვება არ გვინდა..

– ტყუილია, მხოლოდ იმიტომ რომ მარტოობის გეშინიათ. ეს ორი განსხვავდება.. ვინც მარტოა, მხოლოდ ის გაიგებს..

– და მერე არასდროს გაგჩენიათ ამ მშვენიერების ხილვის სურვილი?

– მხოლოდ ერთხელ. იმ საღამოს მაგრად იწვიმა. ჰოდა მინდოდა მენახა ჩემს ეზოშივეც ისევე წვიმდა თუ არა, როგორც მის გარეთ.. მაინც შინ დავრჩი.

– დამიჯერეთ ერთნაირად იწვიმებდა..

– არა. ნადვილად ვიცი, სულ სხვადასხვანაირად წვიმდა აქ და იქ..

– მაგრამ..

– ნურც ეცდებით ჩემი რწმენა შეარყიოთ. მე ჩემი სამყარო მაქვს. ჩემს სამყაროში სხვა მზეა და სხვანაირად წვიმს.. და რაც არ უნდა თქვათ თქვენ, ვერაფრით გადამარწმუნებთ! მითუმეტეს კალათიც კი არ მოიტანეთ, რომ კენკრა წაგეღოთ.. ახლა წადით, დიახ გაგდებთ, არ გამომივიდა კარგი მასპინძლობა. წადით და არც ეცადოთ ჩემი უზრდელობის გამართლებას.. არ ეცადოთ რომ გამიგოთ, რადგან ამას მაინც ვერ მოახერხებთ. შეგიძლიათ, მხოლოდ მითანაგრძნოთ..

“მადლობა ღმერთს, ამ თანაგრძნობას მე ვერ ვიგრძნობ..” – ჩაიბუტბუტა კარის დახურვისას ჩემმა უცნაურმა მასპინძელმა.

დღემდე ვნანობ, მისი კენკრა რომ არ გავსინჯე..

 

2 Comments leave one →
  1. May 28, 2013 14:54

    როგორც ყოველთვის სწორად შერჩეული მუსიკა❤

  2. June 10, 2013 20:38

    მომნატრებია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: