Skip to content

სან-ფირო

April 14, 2013

კარგ ქუჩაზე უნდა იყოს ქვაფენილიანი ვიწრო გზა, მაღალი ფერადი სახლები ლამაზი აივნებითა და ფერადი ყვავილებით, ადგილი მოხეტიალე მუსიკოსისთვის, პატარა ბიბლიოთეკა, ბილიკი ველოსიპედისთვის და ცოტა ფეხით მოსიარულე.
აუცილებელია, ამ გზაზე დადიოდეს ტრამვაი და ფოსტალიონი.
სასურველია, ღამით იყოს ლამპიონებით განათებული და მშვიდი. სწორედ ასეთი იყო ქუჩა სახელად – სან-ფირო.

ერთ-ერთ სახლში მამა უყვებოდა შვილს მორბენალ სპილოებზე. ღამით სიზმარი ნახა პატარამ, როგორ თამაშობენ სპილოები დაჭერობანას. დილით სკოლაში მოუყვა თანაკლასელებს ეს ამბავი და განაწყენდა, რა გაუკვირდათო?! შინისკენ მიმავალმა თავის ქუჩაზე დეიდა ჯინას გამომცხვარი ცხელ-ცხელი ფუნთუშები დააგემოვნა, სკამზე ჩამოჯდა და მოხეტიალე მუსიკოსს უგდო ყური. რომ გაიზრდება მოაგონდება, როგორ შეაყვარა კარგი მუსიკა მუსიკოსმა, რომელიც ყოველ საღამოს მის ქუჩას სრულყოფილს ხდიდა ხოლმე.

ზემოთ ხსენებული დეიდა ჯინა ფუნთუშებს განა მხოლოდ ერთი ბიჭუნასთვის აცხობდა. მთელ ქუჩას აავსებდა ხოლმე ღუმელიდან ახლად გამოღებული ცხელი, ჩირიანი და ქიშმიშიანი ფუნთუშების სურნელი. პირველს ქაღალდში გაახვევდა და პატარა მარიას მუსიკოსთან გაატანდა ხოლმე, ვიდრე ცხელია ტკბილად მიირთვასო. მერე ამაყად განაგრძობდა ცხობას, სულ ჩემი ფუნთუშების ბრალია მისი მუსიკა ასეთი ტკბილი რომ არისო.

ბატონი ჩარლი, ფოსტალიონი, დაუმშვენებდა ხოლმე მხარს ბიჭუნას სკამზე. თანაც ბევრი არაფერი ჰქონდა საქმე. ძირითადად ნომერ 7-დან 22-ში აგზავნიდა ერთი მამაკაცი ყოველ კვირას წერილს, ჩარლის კი შემდეგ 22-დან 7 ნომერში იგივე წერილი უკან მიჰქონდა, წარწერით “დაუბრუნდეს გამომგზავნს.”

ყოველ ორშაბათ დღეს, როგორც კი ბავშვებს სკოლაში დატოვებდა, მისის დონოვანი ბიბლიოთეკაში შეირბენდა და სადილის მზადების პროცესში წასაკითხ წიგნს გაიყოლებდა შინ. რამდენჯერ დაუსვრია ქურა უყურადღებოდ მიტოვებულ კერძს და ღია ფანჯრიდან გასული შეხრუკულის სურნელი არევია დეიდა ჯინას ფუნთუშების სურნელს. დაფრთხებოდა ჯინა, მე ხომ არ დამიგვიანდა ღუმელის გამოღებაო, მაგრამ მალევე დამშვიდდებოდა და ჩაეღიმებოდა ახალგაზრდა დიასახლისის დაბნეულობაზე.

მაგრამ სან-ფიროზეც ისევე ღამდებოდა, როგორც სხვა არარსებულ ქუჩებზე. მზე მუდამ ღრუბლებში რჩებოდა და არსად ჩადიოდა, არც არსაიდან ამოდიოდა ხოლმე დილით. უბრალოდ ღრუბლები გადაეფარებოდნენ და მერე ისევ შორდებოდნენ მას.

მარადიულ გაზაფხულს დაეპყრო ქუჩა და მუდამ ყვაოდნენ ყვავილები აივნებზე. ტრამვაიც სან-ფიროს ერთი ბოლოდან მეორეში გადიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა, ეს იყო და ეს.

სან-ფირო იყო ჩაკეტილი ქუჩა, საიდანაც ვერასდროს მოახერხა ბედნიერებამ რომ გაპარულიყო.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: