Skip to content

ის ჩვენთან ცხოვრობდა, ჩვენ შორის დადიოდა…

May 31, 2010

,,მე დავესწარი სალიტერატურო საღამოს, გამართულს ხელოვნების სასახლეში. წარმოსთქვეს სიტყვები, წაიკითხეს ლექსები. მაგრამ მე ვიგრძენი საშინელი სიცხადით, თუ რა მსუბუქი და მჩატეა ყოველგვარი სიტყვა გრძნობათა გამოსახატავად. იოტისოდენადაც არ ხვდება გულს არავითარი რითმა, არავითარი აწეული პათოსი, არავითარი დაფასება. ყოველივე ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც ცვივიან უგულო კაკლებივით. არ ვიცი რანაირი პოეზია მოახდენს ეხლა ჩემზე რაიმე შთაბეჭდილებას საზოგადოდ…

მაგრამ ჩუმად! სალიტერატურო საღამოზე უცებ პიანინოს მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცი. მან მისცა მუსიკა განცდებს და ყველაფერი ჩემთვის განათლდა, ვიგრძენი ნამდვილი ხელოვნება…

———————————-

გალაკტიონი ”

”უდაბნო”
სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,
ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი
ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრინებული,
არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული.
დღესაც მარტო ვარ, სიყვარულის არ მესმის ნანა.
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა.
მოვკვდე და გული ვის დავწყვიტო, ვინ დავაობლო?
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო.
რად მინდა მივწვდე მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს?
ჩემს უდაბნოს ვერ გავსცილდები მაინც ვერასდროს,
მეგობრობაში, სიყვარულში, შურში, მტრობაში,
მარტო ვიქნები, და რა ვპოვო მარტოობაში?
ვიმღერო? მაგრამ ჩემთვის რაა ჩემი სიმღერა?
წუთით მიტაცებს, სამუდამო წყლულს ვერ შლის, ვერა!
და თუ შორს ვინმე ტკბება ჩემი სევდიან ხმებით,
ის ჩემს ხმებს მიჰყავს… მე ვის წავყვე ჩემის წამებით?
ან მეგობარის თუ მომესმას ნეტარი ხმობა,
შემეძლება კი სიყვარული და მეგობრობა?
არცა თუ მცირე შეუდგა გულს სევდა-ნაღველი,
რომ კვლავ შემეძლოს ზეცისაკენ აღვაპყრო ხელი.
ო, სად ხარ, სადა, უჩვეულო რაიმე ძალო,
სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო!

”იისფერი თოვლი”
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში…
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

”ვერხვის ფოთოლთა”
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.

* * *
სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია…
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, – რომ შენ დაიღალე.

ეს იყო წინათ, დიდი ხნიდ წინათ,
რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს,-
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.
მიდიხარ… ისე მიგაქვს წვალება, თითქოს
ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.
მიდიხარ… აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.
მიდიხარ… ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.
მიდიხარ… შენს ბედს ბევრი ინატრებს,
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს _
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი-როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი-როგორც ედემი.
დაქ თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-სასწაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული

გურამ ასათიანი

გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას
– – – – – – – – – – – — – – –

ის ჩვენთან ცხოვრობდა, ჩვენ შორის დადიოდა…

თბილისის ქუჩებს კარგად ახსოვთ მისი ნერვიული ნაბიჯი, უცნაურად ატოკებული მიხრა-მოხრა.
მას ჩვეულებად ჰქონდა ამ ქუჩებში უქმად ხეტიალი მზეში, წვიმაში, ქარში:
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით…
მის დამძიმებულ სხეულს თითქოს მართლაც ეს შინაგანი ზვირთები აქანებდნენ აქეთ-იქით…
უყვარდა გამვლელების გაჩერება, მათთან უცნაური საუბრის გაბმა.
ოდნავ შეშუპებულ სახეს ხშირად სერავდა დაძაბული ღიმილი; ძნელი იყო გაგება, დაგცინოდათ იგი, თუ ალერსს და ყურადღებას მოითხოვდა. თვალები კი თითქოს თქვენს მიღმა გამძაფრებით ელოდნენ ვიღაცის გამოჩენას…
ახალგაზრდები სიამოვნებით უჩერდებოდნენ მას, ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ, თავაზიანად იღიმებოდნენ მის ირონიულ შენიშვნებზე.
მათ, რასაკვირველია, ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ეს კაცი იყო „თოვლისა“ და „მთაწმინდის მთვარის“ ავტორი, მეფე-პოეტი, მათი უწმინდესი ოცნებების მესაიდუმლე…
გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად… ძნელი იყო ყოველივე ის, რაც მისმა ლექსმა აღძრა ჩვენს სულში, დაგვეკავშირებინა ერთი, რეალურად არსებული, ცოცხალი ადამიანის სახესთან.
ახალგაზრდა სტუდენტი ქალი, რომელიც თეთრად ათენებდა ღამეს „მერისა“ და „სილაჟვარდის“ კითხვაში, დღისით გულგრილად გაივლიდა მისი ფანჯრების წინ, თითქოს იქ მცხოვრებ უკვე მოხუცებულ ჯადოქარს აღარაფერი ¸ქონდა საერთო ბნელეთიდან მის მიერვე გამოხმობილ პოეზიის გრძნეულ სულებთან.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: