Skip to content

გალაკტიონი და ტერენტი გრანელი

December 17, 2009
tags:

ორი ჩემთვის და ვფიქრობ არა მარტო ჩემთვის უსაყვარლესი პოეტი: გალაკტიონ ტაბიძე და ტერენტი გრანელი.
ტერენტის აქვს ძალიან ლამაზი ლექსი მასზე და გალაკტიონზე:

მე და გალაკტიონი
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია….

ტერენტი გრანელი:

დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში.მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში “არამიანცის” სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

გალაკტიონ ტაბიძე:

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა – ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანეს.
გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული „ქართული პოეზიის მეფედ“. მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: „ლურჯა ცხენები“, „გობელენი“, „შერიგება“, „მთაწმინდის მთვარე“, „ალვები თოვლში“, „ოფორტი“, „შიშველი“, „მარმარილო“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „დგება თეთრი დღეები…“, „მგლოვიარე სერაფიმები“, „ყორანი“, „Voiles“, „სიშორით შენით“, „ვინ არის ეს ქალი?“, „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“, „შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში“, „ქარი, მსოფლიო ომის მაუწყებელი“, „ეფემერა“, „ისევ ეფემერა“, „მშობლიური ეფემერა“, „არდაბრუნება“, „იმ ვარდისფერ ატმებს…“, „სასაფლაონი“, „სროლის ხმა მთაში“, „ყანები“, „თოვლი“, „ავდრის მოლოდინი“, „ქარი ქრის“, „ქარი მოგონებათა“, „ქარი დაცხრა სიბობოქრის…“, „რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ…“, „სანამ წვიმა გადივლიდეს…“, „მუხებს ჩოხათ საქილეში…“, „კუმისი“, „სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა“, „რამდენი დარჩა გაუგებრობა“ და სხვა.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. „პოეტების მეფემ“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: