Skip to content

ახალი წელი და ტრადიციები

December 11, 2009

სანთელი ფანჯარაში

იმ დღეებში, კეისრის ბრძანებისაებრ, ყოვლადწმიდა ქალწულსა და მართალ იოსებს მოუწიათ წასვლა ბეთლემში, საიდანაც ისინი იყვნენ წარმოშობით, რათა აღწერილიყვნენ, მაგრამ ქალაქში ჩასულებს ყველა სახლი და სასტუმრო დაკავებული დახვდათ, ვერსად იპოვეს თავშესაფარი. მაშინ გავიდნენ დაბიდან და მის შორიახლოს საქონლის ბაგაში შევიდნენ, სადაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი ტრადიცია: შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებენ სანთელს და ამით წმინდა ოჯახს თავიანთ სახლში ეპატიჟებიან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წლევანდელი წლიდან ეს ტრადიცია ჩვენშიც დამკვიდრდება. ამით ჩვენ მოვიხმობთ ყოვლადწმიდა ქალწულს, რათა შემოვიდეს ჩვენს ოჯახში, მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას ჩვენს სახლებში და არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გულებში.

საშობაო საჩუქრები

საშობაოდ ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. ეს ტრადიცია პირველი საუკუნიდან მომდინარეობს. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც სპარსელი მოგვები ყრმა იესოს სანახავად მივიდნენ, მათ თავიანთი საუნჯიდან ახალშობილს საჩუქრები მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. საშობაოდ ერთმანეთისათვის საჩუქრების მიძღვნა სწორედ მას შემდეგ დაწესდა, ამით ჩვენ მოგვების მიერ ქრისტესთვის მირთმეულ ძღვენს ვიგონებთ.

თოვლის პაპა

ბავშვებს ყველაზე მეტად თოვლის პაპის მოტანილი საჩუქრები უყვართ. მაგრამ როგორ დაწესდა ეს ტრადიცია?
თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ უცხოეთში თოვლის პაპას „სანტა კლაუსს“ უწოდებენ. სანტა კლაუსი წმინდა ნიკოლოზს ნიშნავს. სწორედ მის სახელს უკავშირდება საშობაოდ თოვლის პაპის მიერ საჩუქრების დარიგების ტრადიცია.

წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ვიცით, რომ იგი ძალიან მოწყალე იყო და ამ საქმეს ფარულად აღასრულებდა. მას არასოდეს ავიწყდებოდა გაჭირვებული ადამიანები და განსაკუთრებით დღესასწაულებზე შეეწეოდა. შობის ღამეს ჩამოივლიდა და ჩუმად უწყობდა საჩუქრებს ღარიბ ადამიანებს: ზოგს კარებთან დაუტოვებდა, ზოგს ფანჯრიდან შეუგდებდა, ზოგსაც საკვამურში ჩაუგდებდა. ასე დაუკავშირდა წმინდა ნიკოლოზის სახელი ქრისტეშობის დღესასწაულს.

ნაძვის ხე

საშობაოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის დაწესებაზე მრავალი გადმოცემა არსებობს. ერთი გადმოცემით, როდესაც ჰეროდეს მახვილს განრიდებული წმინდა ოჯახი ეგვიპეტში გარბოდა, მათ მეფის მხედრები წამოეწიენ. ფოთოლგაცვენილმა ხეებმა ვერ დამალეს მაცხოვარი, მაშინ ნაძვმა შეიფარა ისინი და თავისი წიწვებით დაფარა. იმ ღამეს ეს ნაძვი ულამაზესი თეთრი ყვავილებით დაიპენტა.

საშობაოდ ნაძვის ხე პირველად გერმანიაში მორთეს მე-18 საუკუნეში. იგი ტკბილეულით, სანთლებითა და ბეთლემის ვარსკვლავით შეამკვეს. ეს ტრადიცია ძალიან მოეწონათ სხვა ხალხებსაც და მალე საშობაოდ ნაძვის ხის მორთვა მთელ მსოფლიოში დაიწყეს. ნაძვის ხე ქრისტესმიერი, მარადიული სიცოცხლის სიმბოლო გახდა.

საშობაო სუფრა

საშობაოდ განსაკუთრებულია სუფრაც. თქვენ იცით, რომ ადრე ყველა ქრისტიანი მარხულობდა. შობის მარხვა კი სწორედ შობის დღესასწაულზე მთავრდებოდა. ამას ისიც ერთვოდა, რომ ეს დღე დიდი ზეიმი იყო და ამიტომ უამრავ ნუგბარ კერძს ამზადებდნენ.

ჩვენში საშობაოდ აუცილებლად კლავდნენ ღორს. აკეთებდნენ საცივსა და გოზინაყს. საშობაო სუფრაზე იყო ბევრი ნუგბარი: კანფეტები, ჩირი, ჩურჩხელები, ხილი, თხილ-კაკალი და, რა თქმა უნდა, საშობაო ღვეზელი, რომელიც ყველა ოჯახის წევრისათვის ცხვებოდა. სამების სახელზე, დიასახლისი ღვეზელს სამჯერ შემოატარებდა თავზე ოჯახის წევრებს, რომლებიც ანთებული სანთლებით ელოდნენ საკუთარ წილს, დალოცავდა და ღვეზელს გადასცემდა. საშობაო ღვეზელი ყველას თავისი უნდა ეჭამა.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: