შიგთავსზე გადასვლა

ოქტომბერი 5, 2020

ნოემბერი 19, 2020

მასწავლეს რომ სანთლების ჩაქრობისას სურვილები ჩუმად და გულში ჩამეფიქრებინა. მაშინ მეგონა ეს რამე განსაკუთრებული რიტუალის დეტალი იყო, სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უზრუნველყოფდა მის ახსდენას. ერთხელაც, როცა ისევ დადგა მომენტი და თვალები დავხუჭე, იმ გარდამავალ წამს სურვილის ნაცვლად ერთმა აზრმა გამიელვა ჩემდაუნებურად, აზრმა იმაზე, რომ ეს სიჩუმე და საკუთარ თავთან ჩათქმული სურვილი სხვა არაფერი იყო თუ არა შიში შერცხვენისა, რომელიც აუცილებლად თან ახლდა იმედგაცრუებას, ყოველ შემდგომ წელს იგივე ადგილას მდგომს ჯერ კიდევ რომ არ აგხდენოდა. ირგვლივ კი არაფერი იყო, გარდა შემთხვევითობებით მოგროვებული ცხოვრებისა.

ეს კვირა პირველად ვიგრძენი მოახლოვებული ზამთრის სუსხი და მომაკვდავი სიცოცხლე ჩამოცვენილ, გახუნებულ ფოთლებში. რამდენი ნახეს და მოისმინეს ამ ფოთლებმა გასულ წელს, როგორ წამოიკვირტნენ, გაიშალნენ და ბოლოს აშრიალდნენ ჩვენს ტერფებს ქვეშ, მაგრამ რისთვის? თუ მცენარეებს შეუძლიათ მხოლოდ სხვებისთვის ცხოვრება, ჩვენ რატომ გვიჭირს ასე ძალიან? და რატომ გვეფიქრება განუწყვეტლივ მხოლოდ საკუთარ სურვილებზე? ყოველ ნაბიჯზე კიდევ ერთი გასული დღე გახსენდება ამ შემოდგომამდე. გათელილი მოგონება მოგონებას მისდევს და ყოველი შემდეგი წინაზე ბევრად მსუბუქია.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო გასული პერიოდი და რამდენად განსხვავებული – ჩვენი ემოციები, ერთნაირად ვემშვიდობებით მომენტებს, რომლებსაც ვეღარ დავუბრუნდებით. ღრუბლიანი ცა საბანივით გადაგვფარებია და ქალაქში შემოპარული მონსტრებისგან გვიცავს. წინა დაბადებისდღეზე სანთლების ჩაქრობისას ჩაფიქრებული სურვილი ისევ არ ახდა. ჩაიდანში წყალი ისევ აორთქლდა, ისეთ ამბავს მომიყვა, რომ ვერ გაგანდობთ, შორი გზიდან მოსულმა ფორმა ისევ იცვალა და მოგზაურობა განაგრძო, როგორც ჩვენ აღარ ვართ იგივე თავს გადახდენილი ათასი ისტორიის შემდეგ. უსასრულო ჰორიზონტზე გავყურებთ გზას, რამდენი ხანიც და რა ინტერესითაც არ უნდა დააკვირდე ვერაფერს არჩევ, იგი კი ერთხელაც სადღაც ისე მოულოდნელად გაწყდება, როგორც პირველი თოვლი, თუმცა ამინდის პროგნოზში სულაც არ ჩანდა.

ხანდახან, ძალიან რომ მომინდება ჩამოვჯდე და რაღაცები მოგიყვე, არ გამოდის და ყველა მიზეზი, მხოლოდ თავის მართლებაა, იმ შეგრძნებისთვის, რომელსაც დანაშაულის გრძნობა ჰქვია, რომ ისეთი ხარ, როგორიც ხარ და ძნელია ცვლილებების ატანა. იმაშიც კი არ ხარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად გრძნობ თავს დამნაშავედ. ასე უბრალოდაც ვერ ამბობ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ეწყინება, რადგან შენი შეგრძნება სულ სხვაა, არაფერი მსგავსი მისი… როგორც დამსხვრეული ნივთების პატარა ნაწილები, აბსოლუტურად განსხვავებულები, თუმც ერთნაირად მიმოფანტულები.

მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორია შენი პირველი შეხება შემოდგომასთან, რა ახლავს მას შენთვის და რა აკლია. იქნებ, ერთხელაც, ერთმანეთის გაგების მცდელობაში, თუ მოგვინდება და გავბედავთ, ერთად ვუსმინოთ აორთქლებული წყლის ამბებს, გადავიფაროთ ცის საბანი და დავაშინოთ მონსტრები ჩვენი ღრმა და ხმაურიანი სუნთქვით, სწორედ იმ შემოდგომის დღეს ისევ ცალ-ცალკე გავთელოთ ჩვენი წარსულის მოგონებები, გაცრუებული იმედები და აუხდენელი, ჩუმად ჩაფიქრებული სურვილები, როგორც გახუნებული, გარდაცვილი ფოთლები და მივხვდეთ, ჩვენ არ გვჭირდება ერთმანეთის ნაბიჯებზე დგომა, არამედ – ერთმანეთის გვერდით.

სუნთქვა

აპრილი 4, 2020

ბევრი დრო გავიდა, არა? დღეს საღამოს იწვიმა, ვიცი, რომ იცი კიდეც, მაგრამ აბა სხვა რა გითხრა, დაწყება ხომ ყოველთვის რთულია, ჩემთვის მაინც, მოღრუბლული ცის ყურება კი ორმაგად რთული და სევდაც აქაა, ჭრილობასავით იღვიძებს, მარილივით წვავს წვეთები სხეულს. განა პირველად წვიმს და განა იშვიათად, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვანაირად და სხვას განიცდი. როცა საერთოდ არაფერს განვიცდი ყველაზე დიდ დარდად გადაიქცევა ხოლმე, თუ იმ ერთადერთსაც ვკარგავ, რაც მარტო არასდროს მტოვებდა, თუნდაც ყველა მძიმე ემოცია, მართლა დავკარგულვარ უმისამართოდ. თუ შენს საყვარელ მუსიკას არ ჩართავ ყველაფერი წვიმასთან ერთად გადაივლის. მაგრამ მის გარეშე, გეჩვენება ისე წვიმს, რომ შენი სახურავის იქეთ სამყაროს წაშლას უპირებს, შორიდან ნელ-ნელა გიახლოვდება, წრის ცენტრში ზიხარ, რაც უფრო ახლოა, მით მეტად ხმაურობს, სწორედ ამ დროს შენ ბოლომდე უწევ რადიოს, “და-რა-რა-რაი… ოცნებები ჩემი რეალობაა, განსხვავებული რეალობა, იქნებ ჩემმა სისულელემაც გადაიაროს და შევძლო განვასხვავო ერთმანეთისგან…”

ცის ცქერას ვერ გადავეჩვიე, იცი? ასე თავიდანვე რომ მოგვდევს რაღაცები, ნელ-ნელა, გზადაგზა, რომ აღმოვაჩენთ მის გარეშეც შეგვძლებია ცხოვრება და სხვა არაფერი ყოფილა თუ არა მავნე ჩვევა, ასე ვხედავ ცის ცქერას და ჯერ ვერ გადავეჩვიე. ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პირდაპირ გავიხედავ თუ ზემოთ, როცა ჩემს გვერდით არაფერია ახალი სანახავი, ყოველ შენობას ორჯერ მაინც ჩაუვლი ერთი დღის განმავლობაში, ერთფეროვნება სულს გიხუთავს. დილით იღვიძებ, ერთს მაგრად ისუნთქავ და მომენტში დაუსრულებელი სპაზმი საღამოს სრულდება, ფანჯრებიდან, ყველა ღიობიდან მოიპარება საღამო. აფერადებს ყველა ქუჩასა და შენობას, დგახარ შუა ქუჩაში და დილით ჩასუნთქულ ჰაერს უკან ამოისუნთქავ.

ასე ემზადები დღის განმავლობაში დაგროვილ მწუხარებასთან გამოსამშვიდობებლად, მთელი დღე შენი იყო, ახლა მე მადროვე, ჩემი ცხოვრების ეს მცირედი ისე დამიტოვე, თითქოს არაფრად ღირდეს, სამყოფიც კი არ იყოს და მე მაინც მომრჩება.

იცი ისევ რატომ მოგაკითხე? როგორც ყოველთვის, როცა ადამიანები ძალიან მომენატრებოდნენ, ყველა შესაძლო ხასიათის შტრიხითა და უნარით, როცა ისინი ისე მომენატრებოდნენ რომ ვერ გამეგო საით წავსულიყავი, შენ ყოველთვის ერთ ადგილას მელოდი და ეს გაყინული ტერიტორიაა ჩემი ხეტიალის საბოლოო წერტილი. მაგრამ ახლა სახლში იძულებით გამოკეტილს, მხოლოდ იმიტომ რომ ისევ ვიხილო ყველა მილიარდობით სხვებისგან განსვავებული მზის ჩასვლა, თითქმის სამი კვირის წინ ჩასუნთქული ჰაერი ისევ აქ მაქვს, ფილტვებში დაგუბებული და როცა საბოლოოდ მას ვიხილავ, ეს ამოსუნთქვა იქნება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე თავისუფალი და ტკბილი, რაც კი ოდესმე ამომისუნთქავს.

დარაბებს მიღმა გაზაფხული ხომ იმედს ნიშნავს…

Never let me go

ნოემბერი 28, 2019

Anne Magill, 1962

გაშვების უნარი.

შეგვიძლია მოვეჭიდოთ და შეგვიძლია გავუშვათ. შევქმნათ და ყველაზე მეტად მოვუფრთხილდეთ ღირებულებებს, რომლებიც არ გვინდა რომანტიკული პროექტირების მიზეზით საკუთარი ძალისხმევით განვახორციელოთ, თითქოს ვაძალებდეთ, ამას არ მოაქვს ისეთი სიამოვნება, როგორც თავისთავად მიმდინარე მოვლენებს, თანაც ამ უძრაობაში არ გვინდა რომ გავუშვათ. ვეჭიდებით. უნდა ვისწავლოთ გაშვება, ადამიანები ერთმანეთს არ ვეკუთვნით და არც მენტალურად მათზე შექმნილი ილუზიების დასაკუთრებაა ჯანსაღი. ყველაზე დიდი ბრძოლა ეგოიზმის წინააღმდეგ ისევ საკუთარ თავთან. აცნობიერებდე რომ ვერ გაუშვებ იმას, რაც ისედაც არასდროს გეკუთვნოდა და მაინც ვერ უშვებდე, გესმით ეს ამბავი? სწორედ შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ სიმშვიდე მოვა.

სიმშვიდე.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? მხოლოდ შინაგანი სიმშვიდის მოპოვების შემდეგ შეგვიძლია მივიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან და დავივიწყოთ ჩვენი წარმოდგენები. ყველა თვისება რომელიც ჩვენს დნმ-ში დევს რაღაცით გადაგვარჩენს და გვაცხოვრებს, ხელს გვიწყობს ურთიერთობებში. როცა რომელიმე მათგანი, დადებითი თუ უარყოფითი, ითრგუნება ადამიანი კარგავს სიმშვიდეს.

სირბილი.

როგორი კარგი მორბენალიც არ უნდა იყო, არის რაღაცები რასაც ვერ გაექცევი. შენი ცხოვრება კი შეჯიბრი არ არის, რომ უბრალოდ სწრაფად გაიქცე და გაიმარჯვო. როცა საკუთარი თავი და შესაძლებლობები წინაღობად გესახება ახლოდან ტრაგედიაა, მაგრამ შორიდან ეს კიდევ ერთი იმედგაცრუების ისტორიაა, უამრავ სხვა ისტორიებს შორის დედამიწაზე. დრო რომ არ ჩერდება და ამ მომენტზე არ იყინება, ბედნიერება და შვებაა.

ქარიანი ამინდები დაემთხვა ჩემს იმედგაცრუებას. ქალაქში ყველგან რაღაცას აშენებენ, სეირნობა თავგანწირვაა, თვალები ქვიშით გევსება, ფილტვები კი მომწამლავი გამონაბოლქვით. მაინც არავინაა კმაყოფილი, სართულები კი იმატებენ და იმატებენ. მე და შენ სხვადასხვა სართულზე ვიდგებით თუ გვერდიგვერდ, ჩვენს შორის იდგება იმედგაცრუებაც, ადამიანობის თანმდევი სევდა.

თავშესაფარი.

ამ შენობებში ვერ იპოვი თავშესაფარს. გინდა სხეული გამოიცვალო, ეს უკვე გაცვდა, დასუსტდა და საკმარისი ძალები აღარ გააჩნია. თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე ახალი, გაუმჯობესებული ვარიანტი დაგჭირდება. ეს მიზნებიც ისე გაგეფანტნენ, როგორც გაზაფხულზე აყვავებულ მცენარეს ყვავილის ფოთლები, საკურასავით მიმოიფანტნენ მიწაზე და ვიღაც ფიქრობს რომ ეს ლამაზია, 5 სანტიმეტრით წამში, გახსოვს ანიმე, რომელიც ბოლოს ვნახეთ? ახლაც მჯერა, რომ შეიძლება პლათფორმაზე ვიდგე და მატარებლის შემოსვლისას იმედი აღარ გამიცრუვდეს.

არ ვიცოდი, რომ დგება ჩვენ ცხოვრებაში მომენტი, როცა მხოლოდ თავშესაფარს ვეძებთ. გვავიწყდება ყველაფერი, რისთვისაც აქამდე ვიბრძოდით, პირიქით, გავურბივართ ყველაფერს ნაცნობს და ახალ, უცხო თავშესაფარს ვეძებთ. მას, ვინც ჩვენ შესახებ საერთოდ არაფერი იცის. შემდეგ კი, ძნელია მისი გაშვება…

%d bloggers like this: